4 მაისი, შაბათი, 2024

ნაეკის რჩევები აბიტურიენტებს

spot_img

გთავაზობთ უცხოური ენის ჯგუფის მიერ მომზადებულ რჩევებს აბიტურიენტებისათვის:

  • ყურადღებით გაეცანით ყოველი დავალების პირობას და პასუხები მონიშნეთ პასუხების ფურცლის შესაბამის უჯრედში; პასუხების ფურცელში გადასწორებული პასუხი მხოლოდ იმ შემთხვევაში გასწორდება, თუ შეცდომით მონიშნულ უჯრედს მთლიანად გააშავებთ და მის ნაცვლად ახალ უჯრედს მონიშნავთ; ესეს შემთხვევაში თქვენი მოსაზრება ჩაწერეთ ამ დავალებისათვის გამოყოფილ სპეციალურ ველში.
  • გამოცდა მოსმენის დავალებით იწყება – ეს არის შედარებით გრძელი ტექსტი, რომელსაც ახლავს 8 შეკითხვა. დავალებას საგამოცდო სექტორში ხმის გამაძლიერებლების საშუალებით ისმენთ. ტექსტის მოსმენისას შეკითხვებს ხედავთ ეკრანზე და პასუხებს ნიშნავთ შავ ფურცელზე, ან პირდაპირ პასუხების ფურცელზე.  ტექსტს ისმენთ ორჯერ. დასაწყისში მოწმდება ტექნიკური დეტალები, ამგვარად, თუ მოსმენისას შენიშნეთ რაიმე სახის ხარვეზი, დაუყოვნებლივ ამის შესახებ აცნობეთ მეთვალყურეს.
  • ესეზე მუშაობისას აუცილებელია გამოხატოთ პირადი მოსაზრება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. ეცადეთ მაქსიმალურად განთავისუფლდეთ შაბლონებისგან და თქვენი მოსაზრება გაამყაროთ არგუმენტებით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პირადი მოსაზრება გადმოცემული კარგი ლექსიკისა და გრამატიკული სტრუქტურების საშუალებით ძალიან ღირებულია.
  • ესეს ინსტრუქციაში ნათლად წერია, რომ დასაშვებია 120-170 სიტყვის გამოყენება. ეცადეთ, არ გადააჭარბოთ მოთხოვნილი სიტყვების რაოდენობას; პასუხების ფურცელში გამოყოფილია ადგილი, სადაც უნდა ჩაწეროთ ესე. ამ ადგილის გარეთ დაწერილი ნაწერი არ გასწორდება.
  • გაითვალისწინეთ, რომ წერის დავალებაში სასვენ ნიშნებს ყურადღება მინიმალურად ექცევა, თუმცა წერტილის და დიდი ასოს არგამოყენება შეცდომად ჩაითვლება. წერეთ ისეთი კალიგრაფიით, რომ გამსწორებელს არ გაუჭირდეს თქვენი ნაწერის გარჩევა; გაუგებარი კალიგრაფიით დაწერილი თხზულება არ გასწორდება.
  • დაიტოვეთ დრო პასუხების ფურცელზე თქვენი პასუხების გადასატანად (ეს იმ შემთხვევაში, თუ პასუხები თავდაპირველად შავი სამუშაოსათვის განკუთვნილ ფურცელზე გაქვთ დაწერილი). გახსოვდეთ, რომ გასწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.

უცხოური ენების ტესტებში მოცემული იქნება:

6 დახურული დავალება:

  • მოსმენილის გააზრება (1 დავალება);
  • წაკითხულის გააზრება (2 დავალება);
  • ლექსიკა (1 დავალება);
  • გრამატიკა (1 დავალება);
  • დიალოგის აგება (1 დავალება).

ტესტში ასევე მოცემული იქნება 1 ღია დავალება – წერა (თხზულება), რომლის პირობაც ჩამოყალიბებული იქნება ქვემოთ მოცემული ნიმუშის მსგავსად:

„დღეს ბევრი ადამიანი გადადის სოფელში საცხოვრებლად“.

გამოხატეთ თქვენი აზრი დასმულ საკითხთან დაკავშირებით და გაამყარეთ არგუმენტებით.

დავალების პირობაში არ იქნება მოთხოვნა – დაეთანხმეთ ან უარყავით.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი –  2 საათი და 30 წუთი.

აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები