26 აპრილი, პარასკევი, 2024

ციცქნა სასწაული

spot_img

ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ, როცა რაიმე დაუჯერებელსა და უცნაურს გეუბნებიან, მისი დაჯერება უფრო გიმარტივდება, ვიდრე იმისა, რასაც ისედაც ხედავ.

ხალხი ბევრ დაუჯერებელ რამეს ჰყვება. ზოგს იმისაც სჯერა, რომ ახალი წლის ღამეს სასწაულები ხდება. არ ვიცი, ეს ნამდვილად ასეა თუ არა, მაგრამ ის, რასაც ბებიაჩემი პატარაობისას მიყვებოდა, ნამდვილ სასწაულს ჰგავს.

***

…1946 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის წინა ღამეს, ფანჯარასთან ვიდექი და დაორთქლილ მინებზე ხეებს ვხატავდი,  თან ახალი წლის მოლოდინისგან სული მეხუთებოდა. ამ ღამეს ხომ თოვლის გარეშე არანაირი აზრი არ ჰქონდა, ჰოდა, როგორც ყოველთვის, მაშინაც ლამაზად ცრიდა მოფარფატე ფიფქებს. დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა. ეს ის დრო იყო, როდესაც მე მხოლოდ რვა წლის ვიყავი და დახმარებას იშვიათად მთხოვდა. ახლაც მახსოვს, შავი ჯემპრი ეცვა, ალაგ-ალაგ ფქვილი ეყარა. ვოცნებობდი, როდის იქნება მეც მისხელა გავიზარდო და მასავით კარგი დიასახლისი დავდგე-მეთქი.  მამა, როგორც ყოველთვის, ბუხართან იჯდა და ფიქრობდა… მაგრამ, იქნებ არც კი ფიქრობდა, უბრალოდ დუმდა. ხუთი წლიდან მოყოლებული სულ მინდოდა ჩემი ახალი კაბები მისთვის მეჩვენებინა, ბაფთები დაემაგრებინა თავზე და ყელზე ლამაზი ყელსახვევი შემოეხვია. თუმცა… ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავდა და ხელადვე ნაცრისფერ ბურუსში ეხვეოდა.  ეს ხომ ოცნება იყო და ასე გრძელდებოდა უსასრულოდ.  მამამ მეორე მსოფლიო ომში მხედველობა დაკარგა და დაკარგა საკუთარი თავიც.

დრო სწრაფად გავიდა, თერთმეტს გადამცდარი იყო, დედამ მაგიდის გაშლა რომ დაიწყო. თეფშები დაალაგეო, – გამომძახა მეორე ოთახიდან. მეც სიხარულისგან სირბილით წავედი მისკენ. თეფშები ავიღე და სუფრაზე დავალაგე. ესეც ერთი უცნაურობა, იმ წელს ამაზე მეტად არაფერი გამხარებია, იმ წელს…

მამა ისევ ისე იჯდა, ხმას არ იღებდა.

გაისმა პირველი გასროლის ხმა. ეს ჩვენი მარჯვენა მეზობლები იყვნენ. უკვე ტრადიციად იყო ქცეული, რომ პირველი სულ ისინი ისროდნენ თოფს.

მამა წამოდგა, მივეშველე და ფანჯარასთან მივიყვანე.

აი, მეორე გასროლაც. მამა იდგა და უსმენდა. დედა გვერდით დაუდგა და მხარზე ხელი მოუჭირა, თითქოს უთხრა, არაუშავს, ყველაფერი კარგად იქნებაო.

გული ამიჩუყდა, ორი წელი ისე გავიდა, რომ ახალი წლის ღამეს არც ერთი ტყვია არ იყო ჩვენი სახლიდან გავარდნილი. არც ერთი!

უცებ ისეთმა გიჟურმა იდეამ გამიელვა თავში, რომ მე თვითონაც ვერ ვიჯერებდი. მაგრამ არ შემეძლო ასე დგომა და იმის ყურება, როგორ მაგრად კრავდა მამა მუშტებს და როგორ უთეთრდებოდა ხელები.

იმ ბოლო ხანებში დედა ხშირად ალაგებდა სარდაფს. მეც თან ჩავყავდი. თოფსაც გაწმენდდა ხოლმე და ისე ჩადებდა ხის ყუთში. დერეფანში სანთელი ავიღე და სარდაფისკენ მიმავალ კიბეს ჩავუყევი. მეშინოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი, თავს იმით ვანუგეშებდი, რომ ეს მამას გაახარებდა. მაგრამ, შიში ოხერიაო, ნათქვამია და მეც გული საგულეში აღარ მიჩერდებოდა. თოფი ჩუმად ავიღე და ისევ უკან ავბრუნდი. დედ-მამას ჩემი არყოფნა ჯერ არ შეემჩნიათ. კარი გამოვაღე და ეზოში ჩავედი. ჩემოდენა თოფი ძლივს ჩავათრიე. ძალიან მეშინოდა ცეცხლსასროლი იარაღებისა, ამიტომ ძალიან ფრთხილად და ნელა ვეხებოდი. დიდხანს ვეძებე და ძლივს ვიპოვე სასხლეტი. თვალები მაგრად დავხუჭე და სასხლეტს თითი გამოვკარი. სიჩუმე. ისევ გამოვკარი. ისევ სიჩუმე. მერე გამახსენდა როგორ მოიქცა ბიძია, როცა ჩემს დაბადების დღეზე ხელი მომკიდა და რაღაცას შეუჩხიკინა. როგორც იქნა ვიპოვე „საჩხიკინებელი“ და „შევუჩხიკინე“. ისევ დავხუჭე თვალები…

…უკან გადავვარდი და თოვლში ჩავეფლე. დედა კივილით გამოვარდა გარეთ. წამომაყენა და შემათვალიერა. ისე კანკალებდა, თითქოს ვიღაც ანჯღრევსო. მე არაფერი მესმოდა. ალბათ ემოციების ბრალი იყო, ან ამხელა ხმისა. დედამ ხელი ჩამავლო და სახლში შემიყვანა. მამა ფანჯარასთან იდგა, ხმას არ იღებდა. მერე შემოტრიალდა და გაიღიმა.

– მამა, გაიგე? ეს მე ვისროლე, მე! – ვუთხარი ბედნიერებისგან გულშევარდნილმა.

– დავინახე, შვილო, დავინახე! – მითხრა მან.

დედა გაგიჟებას იყო. ემოციებს თავს ვერ უყრიდა. შიში და სიბრაზე ერთდროულად ესხმოდა თავს, მაგრამ არც დედობრივი სიყვარული დავიწყებია. გულის მოფხანის შემდეგ მოვიდა და გულში ჩამიკრა.

მხარზე დიდი, თბილი ხელი ვიგრძენი და თავი შევაბრუნე. ეს ის იყო, ხო ის, წეღან უსასრულობისთვის რომ გაესწორებინა თვალი და ახლა მზრუნველად რომ გვიყურებდა.  ამ ღამემ ყველაფერი შეცვალა. შეიძლება ჩემი გასროლილი ტყვია არაფერ შუაშია, მაგრამ გულის სიღრმეში სულ მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო!

მამა გვიყურებდა და მაშინღა მივხვდი რატომ თქვა, დავინახეო და არა გავიგონეო. რეტდასხმულმა ვერ გავაანალიზე რას ნიშნავდა მისი ეს ერთი სიტყვა. მაგრამ რაღა რეტდასხმულობას დავაბრალოთ, მე ხომ რვა წლის ვიყავი. აი, მაშინ მივხვდი, არ აქვს მნიშვნელობა რვა წლისა იქნები თუ თვრამეტისა, მთავარია გულში იმედის ნაპერწკალი გიხტოდეს და გჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. იმასაც მივხვდი, რომ სასწაულები ხდება, ამისთვის მხოლოდ იმედია საჭირო.

***

ამ ყველაფერს ბებიაჩემი შარშან მიყვებოდა, შეიძლება მე რვა წლისა არ ვიყავი, როცა ეს ამბავი შევიტყვე, მაგრამ მაინც მომინდა, ნეტა ეს სასწაული ბებოს გასროლილი ტყვიის შედეგი იყოს-თქო. ახლა მეც იგივეს ვგრძნობ. იმედს. გულში იმედის ნაპერწკალი მიღვივის, რომელიც მეუბნება, რომ ერთ დღესაც სახლიდან პირბადის გარეშე გავალ და ვესტუმრები დიდი ხნის უნახავ ბებოსა და ბაბუს, რომლებიც სახლში შესვლისას სპირტისა და თერმომეტრის მაგივრად ჩაითა და თბილ-თბილი ფუნთუშებით დამხვდებიან.

მეგი ჩხეტიანი

სსიპ ქალაქ წალკის №1 საჯარო სკოლა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები