26 აპრილი, პარასკევი, 2024

ქეისებით სწავლება სამოქალაქო განათლებაში

spot_img

ეკა კობიაშვილი
სსიპ თელავის №6 საჯარო სკოლის ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ისტორიის დოქტორი

 

 

საკვანძო სიტყვები: სიტუაცია, ქეისებით სწავლება, ადრეული ქორწინება, განათლების უფლება, ჯანმრთელობის პრობლემა

Key Words: situation, case study, early marriage, right to education, health problem

Resume

The purpose of the article is to introduce you to the role of case studies in the teaching process and project-based learning in formal and non-formal education. Analysis of problems related to early marriage by studying cases/situations; Developing real problem solving skills.

სტატიის მიზანია, გაგაცნოთ შემთხვევებით სწავლების როლი სწავლების პროცესში და საპროექტო სწავლების დროს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში; ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზი შემთხვევების/სიტუაციების შესწავლით; რეალური პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარება.

ქეისებით სწავლება ერთ-ერთი მეთოდია სასწავლო პროცესში. ის ასწავლის მოსწავლეს პრობლემის ანალიზს, პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას, ხელს უწყობს რეალური პრობლემის გადაჭრის უნარების გამომუშავებას.

ამ მეთოდის გამოყენება მოსწავლეს უვითარებს:

  • შემოქმედებით აზროვნებას;
  • კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას;
  • რეალური პრობლემის გადაჭრის უნარს;
  • კითხვის ფორმულირების უნარს;
  • პასუხის არგუმენტირების უნარს;
  • ინდივიდუალურ თუ გუნდში მუშაობის უნარს.

ქეისების კლასიფიცირება ხდება სწავლების მიზნებისა და ამოცანების მიხედვით. ქეისები გამოიყენება: 1. ანალიზისა და შეფასების შესასწავლად; 2. პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების შესასწავლად; 3. პრობლემის გადაჭრის ამსახველი ქეისები.

ადრეული ქორწინება

მე შემოგთავაზებთ ქეისებით სწავლებას ერთერთი პრობლემური საკითხის შესწავლის დროს. „ადრეული ქორწინებადღეს კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება საქართველოში, კვლევასა და სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ.

დავალება გამოიყენება როგორც საგაკვეთილო პროცესში (მაგ: მე-7 კლასი, თემა: „ჯანსაღი ცხოვრება“, საკითხი: „ადრეული ქორწინება“), ისე არაფორმალური განათლების დროს – პროექტის განხორციელების ეტაპზე.

ცნება დემოკრატია, დემოკრატიის პრინციპები ადამიანის უფლებები, სამართლებრივი დოკუმენტები

ცნება მდგრადი განვითარებასამოქალაქო უსაფრთხოება

შეფასების ინდიკატორი – მოსწავლემ უნდა შეძლოს: საკანონმდებლო დოკუმენტზე დაყრდნობით იმის გაანალიზება, თუ რა შეიძლება გახდეს ჯანმრთელობისა და განათლების უფლების დარღვევის საფუძველი (ადრეული ქორწინების დროს) (მოქ. საბ. 1, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 12, 13).

საკვანძო კითხვა: რატომ ირღვევა ადრეული ქორწინებით ბავშვის/ადამიანის უფლებები? რატომ უშლის იგი ხელს სრულფასოვან თვიდამკვიდრებაში ადამიანს?

თუ ეს დავალება გაკვეთილზე გამოიყენა მასწავლებელმა, დასაწყისში ის სვამს ასეთ საკითხს: დაასახელეთ ნაადრევი ქორწინების მიზეზები (მეთოდი – აზრობრივი რუკის შექმნა, გამოიყენებთ ნებისმიერ ვებინსტრუმენტს, მაგალითად: www.miro.com)

გააანალიზეთ სიტუაცია:

ქეისი/სიტუაცია 1.

მარია, 21 წლის

15 წლის ვიყავი ფერადი ოცნებებით, როდესაც გავთხოვდი. ძალიან შემიყვარდა ბიჭი, რომელიც სოფელში, ბებიასთან სტუმრობის დროს გავიცანი. ერთი წლის შემდეგ მასთან ერთად გავიპარე. ის ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. ჩემი მშობლები შეაშფოთა ამ ამბავმა, წინააღმდეგნი იყვნენ, თუმცა პოლიციისთვის არ მიუკითხავთ. მამა არ მელაპარაკებოდა. ჩემს და მეუღლეს შორის ხშირი იყო კამათი და შეურაცხყოფა. მინდოდა სწავლა, მაგრამ ამის უფლებას ოჯახში არავინ მაძლევდა, შენი მოვალეობა შვილების გაზრდააო. ახლა მყავს ორი შვილი, მეუღლეს დავშორდი. მიჭირს შვილების აღზრდასთან ერთად მუშაობა… სწავლაზე აღარაფერს ვამბობ… რთულია სამსახურის მოძიებაც პროფესიის გარეშე.

სიტუაცია/ქეისი 2.

ნინო, 25 წლის

ჩემი მშობლები სოფელში ცხოვრობდნენ. დედა მუდმივად მიწაზე მუშაობდა, სხვადასხვა ოჯახს ემსახურებოდა. მამა არ მუშაობდა, ხანდახან თუ გააკეთებდა სახლში რამეს, დიდი ჩხუბის შემდეგ. სვამდა, დედას და მე და ჩემს დას ხშირად გვეჩხუბებოდა. კარგად ვსწავლობდი, მამა რომ დაიძინებდა, მხოლოდ მაშინ ვახერხებდი მეცადინეობას. მუდმივად კამათი და ყვირილი იყო სახლში, ხან ვემალებოდი ამ ყველაფერს. იძულებული ვიყავი გაქცევით მეშველა, ხშირად ვფიქრობდი, სად შეიძლებოდა წავსულიყავი… მაშინ 14 წლის ვიყავი, ნიკა რომ გავიცანი, ის 17 წლის იყო… ის ოჯახიდან „მოწოდებით“ მზად იყო დაქორწინებისთვის… მეც დაუფიქრებლად გავყევი… არანაკლებ მდგომარეობაში აღმოვჩნდი… გამიჩნდა შვილი… მისთვის ბევრი რამ მჭირდებოდა, თუმცა მე არაფრის ყიდვა შემეძლო. მინდოდა კოლეჯში მესწავლა და პროფესია მიმეღო (9 კლასი მქონდა მხოლოდ დამთავრებული), ამის უფლება არ მომცა ოჯახმა, შენი საქმე ოჯახის მოვლააო. ჩემს ქმართან ხშირად ვკამათობდი, მასაც ძალიან გაუფუჭდა ხასიათი. გადავწყვიტე დაშორება… გამიჩნდა ჯანმრთელობის პრობლემები… ახლა ვმუშაობ ფიზიკურად, ოთახებს ვალაგებ ოჯახებში. მიუხედავად იმისა, რომ სწავლის გაგრძელებაზე ვოცნებობდი, ოცნებად დამრჩა…

სიტუაცია/ქეისი 3.

გულნარა, 23 წლის

მე სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ჩემი მშობლები ხელს მიწყობდნენ, რომ ფორტეპიანოზე დაკვრა მესწავლა, შემიყვანეს მუსიკალურ სკოლაში. სკოლაში და მუსიკაზე მამას დავყავდი. მას არ უნდოდა მარტოს მევლო ქუჩაში, ვიდრე ქმარს ჩაგაბარებ, მე უნდა გატარო, მერე ქმარი გატარებსო. 13 წლის რომ გავხდი, ერთ ოჯახს მოვეწონე თავიანთი უფროსი ვაჟისთვის საცოლედ და ჩემს ოჯახს დაუკავშირდნენ. მამა ჯერ უარს ეუბნებოდა, მაგრამ დაითანხმეს ქორწინებაზე. მე არ მინდოდა ქორწინება, სწავლა მინდოდა. დედა ეწინააღმდეგებოდა მამას, მაგრამ ბებია და პაპაც ჩაერივნენ და ამბობდნენ, ჩვენი ტრადიციის უპატივცემულობააო, თუ უარს ვიტყოდი ქორწინებაზე. იძულებული გავხდი გავყოლოდი რამინს. ის 18 წლის იყო. სულ ვტიროდი, ვერ ვეგუებოდი ბედს. ჩემი ქმარი თავის მშობლებს ემორჩილებოდა, თუ მამა ნებას დართავდა, მხოლოდ მას შემდეგ შემისრულებდა თხოვნას. ორი შვილი გაგვიჩნდა. ჩემი ქმარი მპირდებოდა, რომ სწავლის უფლებას მომცემდა, მაგრამ მამამ არ მისცა ამის უფლება. ჩვენს შორის გართულდა ურთიერთობა და ოჯახი დაგვენგრა. მამაჩემი გაბრაზდა ჩემზე, რატომ არ მოვითმინე და რატომ დავტოვე ოჯახი. ახლა ვმუშაობ, მაინც ვერ მოვახერხე სწავლის გაგრძელება.

სიტუაცია/ქეისი 4.

მარიანა, 26 წლის

მეთერთმეტე კლასში სწავლა ახალი დაწყებული გვქონდა. პროექტში გავიმარჯვეთ მე და ჩემმა რამდენიმე კლასელმა და ბანაკში მივდიოდით სამი დღით. ვემზადებოდით, გეგმებს ვალაგებდით… გიოს მოვწონდი ვიცოდი, მე არანაირი გრძნობა არ მქონია. თურმე არ მოეწონა ჩემი ბანაკში წასვლის გადაწყვეტილება და გადაწყვიტა ჩემი „მოტაცება“. აასრულა კიდეც. მე კარგად ვსწავლობდი და არ მიფიქრია გათხოვებაზე, ჩემი გეგმა მქონდა… ეს საქციელი ადამიანისგან ძალიან დამამცირებლად მიმაჩნდა და არ ვაპირებდი ამ სიტუაციას შევგუებოდი, არც მიყვარდა… მაგრამ მამას აზრით, „მოტაცებულის“ სახელი, გიოს და მისი ახლობლების დიდი თხოვნა… მე თვითონაც ვერ ვხვდებოდი, რა ნაბიჯს ვდგამდი… ჩემმა კლასელებმა სკოლა რომ დაამთავრეს, მეც მინდოდა მათთან ერთად ყოფნა, არ გამიშვა ოჯახმა, ბავშვს მიხედვა სჭირდებაო. არც სწავლის გაგრძელების უფლება მომცა. ამ ფაქტმა დეპრესიაში ჩამაგდო. ახლა მარტო ვცხოვრობ შვილთან ერთად, არავინ დამიშლის სწავლას, მაგრამ მუშაობასთან ერთად სწავლას ვერ ვახერხებ.

დავალება:

  • რა საერთო პრობლემა დგას აღნიშნულ სიტუაციებში?
  • რა მიზეზებმა განაპირობა ადრეული ქორწინება?
  • რა პრობლემები გამოიწვია ადრეულმა ქორწინებამ?
  • რა შედეგი დადგა?
  • ბავშვის/ადამიანის რა უფლებები დაირღვა მოცემულ სიტუაციებში?
  • არის თუ არა ეს დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული?
  • არის თუ არა ადრეული ქორწინება ძალადობის ფორმა?
  • როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ პრობლემის შესამცირებლად/აღმოსაფხვრელად?

ბოლო კითხვის პასუხად მოსწავლე შექმნის არგუმენტირებულ ნარატივს ესეს სახით.

ქეისების/სიტუაციის გაანალიზებით მოსწავლეები გამოკვეთენ პრობლემას, დაფიქრდებიან გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე. მათ განუვუთარდებათ რეალური პრობლემის გადაჭრის უნარები.

ეს დავალება შეიძლება გამოიყენოს არა მხოლოდ სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, არამედ კლასის დამრიგებელმა კლასის საათზე, ბიოლოგიის მასწავლებელმა (ჯანმრთელობის დარღვევა ნაადრევი ქორწინებით გამოწვეული), ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა (შესაბამის ლიტერატურულ ტექსტთან პარალელის გასავლებად).

ბიბლიოგრაფია:

  1. ქეისები შექმნილია ჩემ მიერ რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით;
  2. http://mastsavlebeli.ge/?p=2445 ელჟურნალი „მასწავლებელი“, მანანა ბოჭორიშვილი, 17 დეკემბერი, 2012;
  3. https://georgia.unfpa.org/sites/default/files/pub-pdf/bavshvobis_asakshi_korcineba_angarishi_saboloo_versia.pdf – „ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში – არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები“, 2022, სახალხო დამცველი, დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი, თბილისი;
  4. https://netgazeti.ge/life/32085/

„საქართველოში ქალთა 17% თვრამეტი წლის შესრულებამდე ქორწინდება“, 27 მაისი, 2014.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები