28 აპრილი, კვირა, 2024

ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში ჩატარებული კონკურსების გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

spot_img

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და საფრანგეთის, შვეიცარიის, ბელგიისა და კანადის საელჩოების მხარდაჭერით მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობა მიმდინარეობს.

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეების წახალისების მიზნით, მრავალფეროვანი კონკურსები ჩატარდა, რომელთა გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე წულაძემ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ და ბელგიის სამეფოს ელჩმა საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში მიშელ პეიტერმანსმა მიიღეს.

ალექსანდრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და კონკურსების გამარჯვებულ მოსწავლეებს წარმატება უსურვა. ღონისძიების ფარგლებში კონკურსების გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. ამასთან, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდნენ ფრანგული ენის ის პედაგოგები, რომლებიც საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით, აგვისტოს თვეში საფრანგეთში ორკვირიან პედაგოგიურ სტაჟირებას გაივლიან.

ფრანკოფონიის დღეებს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო, საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციები, ფრანგულენოვანი უნივერსიტეტები და სკოლები თბილისში, ხაშურში, ქუთაისსა და ბათუმში აღნიშნავენ. კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიებების მიზანს წარმოადგენს ფრანგულენოვანი კულტურისა და ფრანგული ენის უკეთ გაცნობა და ამ მიმართულებით  საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაული მთელ მსოფლიოში, ტრადიციულად, ყოველი წლის 20 მარტს აღინიშნება. საქართველო ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციაში 2004 წლიდან დამკვირვებელი წევრის სტატუსით არის გაწევრიანებული.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები