27 აპრილი, შაბათი, 2024

ფეისბუქპოსტის გამო შეწყვეტილი სტატუსი

spot_img

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) სტუდენტს, თამარ ლომიძეს სტუდენტის სტატუსი ფეისბუქპოსტის გამო შეუწყვიტეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ სტუდენტის პოსტი არაეთიკური იყო.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეოთხეკურსელს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტის სტატუსი დახურულ ჯგუფში გამოხატული კრიტიკული მოსაზრების გამო შეუჩერა. თამარ ლომიძემ გამოსაშვებ საღამოზე სტუდენტების შერჩევით დაპატიჟების ფაქტი გააპროტესტა.

„ოქმში წერია, რომ სტატუსს იმავე უნივერსიტეტში ვერ აღვიდგენდი, თუმცა სხვა უნივერსიტეტში შემეძლო მობილობით გადასვლა. სტატუსი შემიწყვიტეს 6 სექტემბერს, მაშინ, როცა მობილობა 7 სექტემბერს სრულდებოდა. ერთ დღეში უნდა მომესწრო სხვაგან გადასვლა. დისკომფორტი შემიქმნა პროცესმა, რადგან არ არის მარტივი მობილობა, ძალიან ბევრი საბუთი გჭირდება და ასევე უნდა გაიარო ინდივიდუალური თუ ჯგუფური გასაუბრება. ეს დიდ სტრესთან იყო დაკავშირებული, რადგან ერთ დღეში მომიწია ამ ყველაფრის გავლა. შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, რადგან, ფაქტობრივად, გამაგდეს“, – ამბობს თამარი.

ყველაფერი რექტორის, გია კავთელიშვილის კომენტარით დაიწყო, რომელიც უნივერსიტეტის სტიპენდიატების ჩათში გამოსაშვები საღამოს შესახებ წერდა, რომ გამოსაშვებ საღამოს ვერ დაესწრებოდნენ ის სტუდენტები, რომლებიც „ფეისბუქში“ სეუ-ს შესახებ კრიტიკულ კომენტარებს წერდნენ.

„მე დავაკომენტარე, რომ ეს თანასწორობის ფარგლებს სცდებოდა, რაზეც მან მიპასუხა, რომ ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია და დიდი ამბიციები მაქვს. რადგან საერთო ჩატი იყო და ბევრი ადამიანი კითხულობდა, რექტორს ვთხოვე, თუ რამე პრეტენზია ჰქონდა ჩემთან, იქნებ პირადად მოეწერა, რაზეც ასევე საჯაროდ დამიკომენტარა, რომ „მე ვინ ვარ, რომ პირადში დამიკავშირდეს“ და რომ თურმე საქმეებს ვურჩევ.

ბოლოს მითხრა, შენ ადგილზე, მობილობით გადავიდოდი სხვაგანო. მე მივწერე, რომ არ ვაპირებდი სადმე გადასვლას, რადგან პროგრამა მომწონდა. ამაზე მიპასუხა – „მაგასაც ვნახავთ, თუ არ გადახვალო.“

ამის შემდეგ თამარ ლომიძემ ფეისბუქზე დაწერა პოსტი: „მხოლოდ ქართულ უნივერსიტეტებში ზღუდავს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სიტყვის თავისუფლებას და მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტს აქვს პატივისა და ღირსების უფლება…“

რომ ამ ყველაფერთან ერთად, გრძელი ენაც მქონია, თუმცა მაინც ვიტყვი, რომ ჩემი უფლებაა, მომწონდეს ან არ მომწონდეს რაღაც და ღიად ვამბობდე ამ ყველაფერს. ამის აკრძალვა სხვა არაფერია, გარდა სიბნელისა.“

ეს ტექსტი ოქმშია შეტანილი. უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ იმსჯელა და ასეთი დასკვნა გამოიტანა, რომ იმ დროს, „როცა უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი იდგა, აბიტურიენტთა მიერ არჩევანის გაკეთება, სასურველი უნივერსიტეტის არჩევა და ა.შ“, თამარ ლოლაძის სტატუსი ზემოქმედებას მოახდენდა მათ გადაწყვეტილებებზე.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სტუდენტმა, დახურული ჯგუფიდან, რექტორის მიმოწერები შეცვლილი კონტექსტით, „ამოგლეჯილი გამოიტანა“, რაც მიმართული იყო რექტორის და კონკრეტულად, სეუ-ს რეპუტაციის წინააღმდეგ.

უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ სტუდენტის წინააღმდეგ სასჯელის უმაღლესი ზომა – სტატუსის შეწყვეტა გამოიყენა. თამარ ლომიძე წარმატებული სტუდენტი იყო, უნივერსიტეტის სტიპენდიანტი, მიუხედავად ამისა, ეთიკის საბჭომ არ მიმართა სასჯელის ნაკლებად მკაცრ ფორმებს: „გაფრთხილება“, „საყვედური“, „სასტიკი საყვედური“, „სტიპენდიის შეზღუდვა“ და პირდაპირ სტატუსი შეუჩერა.

თამარ ლომიძე სეუ-ს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და უნივერსიტეტთან სამართლებრივ დავას აპირებს. ამბობს, რომ სტუდენტების აზრის კონტროლი, განსხვავებული მოსაზრების გამო შანტაჟი და მუქარა, უნივერსიტეტის რექტორატის მხრიდან ჩვეული პრაქტიკაა.

კრიტიკული აზრის გამოთქმის გამო უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული სტუდენტის მხარდასაჭერად აქციას გეგმავს სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯი“. ისინი სოლიდარობას უცხადებენ თამარს და რექტორისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. თუ რექტორი დაკავებული თანამდებობიდან არ გადადგება, სტუდენტები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს განცხადება

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ყოფილი სტუდენტის, თამარ ლომიძის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე, განვმარტავთ:

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ეთიკის კომისიის მიერ თამარ ლომიძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და უნივერსიტეტის რეგულაციებს.

თამარ ლომიძის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არის ცალმხრივი და არაობიექტური, არ შეესაბამება მიმდინარე საკითხთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და არსებულ მტკიცებულებებს. სტუდენტმა თავად დაადასტურა კომისიის წინაშე, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული საქმიანი რეპუტაციის შემლახავი საჯარო პოსტი იყო „პერსონიფიცირებადი და იდენტიფიცირებადი“, რაც გახდა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ უნივერსიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მიწოდებული ინფორმაცია იყო დროული და საშუალებას აძლევდა სტუდენტ თამარ ლომიძეს, სემესტრის დაკარგვის გარეშე, ესარგებლა არა ორი, არამედ სამი სემესტრის განმავლობაში მობილობის უფლებით, რამაც მას მისცა შესაძლებლობა, უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს სწავლა და კანონით დადგენილ ვადებში დაასრულოს საგანმანათლებლო პროგრამა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები