28 აპრილი, კვირა, 2024

სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების დაფარვის წესი დამტკიცდა

spot_img

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 ოქტომბრის №378 დადგენილებით, განისაზღვრა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები. იხ. ბრძანება

ვინ ითვლება ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებულ სტუდენტად:

♦ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობდა საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, რომელსაც აქვს ფინანსური დავალიანება, 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი და სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი;

საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობდა საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, რომელსაც, ფინანსური დავალიანების საფუძვლით, 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი და სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი.

დადგენილების მე-3 მუხლის მიხედვით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება და ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ჩამოაწეროს ფინანსური დავალიანება.

სტუდენტი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად ჩამოეწერება ფინანსური დავალიანება, უფლებამოსილია, აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი, სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში. ასევე, სტატუსაღდგენილი სტუდენტი უფლებამოსილია, ჩაერთოს სასწავლო პროცესში, მას შემდეგ, რაც დაფარავს მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის საფასურს უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით.

ამ წესის საფუძველზე, სტატუსაღდგენილი სტუდენტების სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გაზარდოს სტუდენტთა ადგილების რაოდენობა აღნიშნული სტუდენტების სწავლის ვადით და გაზრდის თაობაზე წერილობით აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

მთავრობის დადგენილება ავალდებულებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, უზრუნველყონ საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების პროექტის ინიცირება, რომლის საფუძველზეც:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტისათვის/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტისათვის ფინანსური დავალიანების ჩამოწერის შესახებ, ჩამოწერილი თანხის ნაწილში გათავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან;

ბ) სტუდენტი, რომელსაც ამ წესის საფუძველზე ჩამოეწერება (გაუნულდება) ფინანსური დავალიანება ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გადაუხდის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ თანხას, ჩამოწერილი/გადახდილი თანხის ნაწილში გათავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან.

დადგენილების მიხედვით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების დაფარვის პროცედურა შემდეგია:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით საქართველოში მოქმედი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან უნდა გამოისყიდოს, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების/ფინანსური დავალიანების საფუძვლით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასური.

ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასურის ჩამოწერის (განულების) შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით საქართველოში მოქმედ თითოეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან წარდგენილი და გავლილი სიების საფუძველზე, გადაუხდის ამ პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასურის 20%-ს.

ეს წესი გავრცელდება, 2023 წლის 15 სექტემბრიდან, ამ წესის შესაბამისად წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები