ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში სიზმარს სხვადასხვა მხატვრული დატვირთვა აქვს:ლირიკული გმირის გრძნობების გამოხატვა, ლექსის განვითარება და ლირიკული გმირის ხასიათის გაშლა, მისტიკური ფონის დახატვა, მომავლის წინასწარმეტყველება, განსხვავებული რეალობის შექმნა. სიზმარს ვაჟა აღიქვამს,როგორც სხვა სამყაროს და არა როგორც უბრალოდ ჩაძინების თანხმლებ მოვლენას.
ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ალუდა ქეთელაურის სიზმარს პოემიდან „ალუდა ქეთელაური“. ალუდა ქეთალაურის სიზმარი როგორც სტრუქტურით, ასევე მხატვრული ფუნქციით სრულიად განსხვავდება თავად მწერლის შემოქმედებაში არსებული სიზმართა ტექსტებისგან. ვაჟა ამ კონკრეტულ პოემაში იმდენად ზუსტად განსაზღვრავს და იყენებს სიზმრის მარკერებს, რომ ძნელი ხდება მისი დაკავშირება რეალობასთან და ავტორის პოზიციის მაშინვე განსაზღვრა. სიზმრის ცენზურა ისეთ შენიღბვას სთავაზობს მკითხველს, რომ თუ არა ფსიქოანალიზი, თუ არა კოლექტიური ცნობიერებისა და მითოლოგიის მოხმობა, ის ვერ მიხვდება პერსონაჟის უმძაფრეს განცდებს. სიზმრის ფუნქცია იმდენად დიდია ამ შემთხვევაში, რომ მისი გაცნობიერება იწვევს პიროვნების ფერიცვალებას. მსგავსი დატვირთვა არ ჰქონია სიზმარს 60-იანი წლების რეალისტურ მხატვრულ ტექსტებში და არც შემდგომ.
ლიტერატურაში სიზმარს ხშირად დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოების სახე აქვს და ადამიანის შინაგან, სულიერ სამყაროს გვიხსნის. ალუდა ქეთელაური სიზმარში კვლავ სალაშქროდ – სისხლის საქცევად ემზადება, და სწორედ ამ დროს ეცხადება მუცალი, როგორც ორთაბრძოლის ბოლო მომენტიდან ახსოვს, იგი ხანჯლის ტარს ჩაუდებს ხელში ხევსურს და ეხვეწება – მომკალიო:
„თქვენ დაგრჩეს წუთისოფელი,
მე კი წავიდე ქვეყნითა,
დაძეხით, ხევსურთ შვილებო,
ლაშქრობით, ხმლების ქნევითა.“
აპოკალიფსურ სურათს გვიხატავს მზიას სიზმარი პოემიდან „გველის-მჭამელი“. აპოკალიფსი მდინარის „ადევებით“, დევად ქცევით, იწყება:
„მოვარდნილიყო ღვარები,
როგორც დევები მქშინავი;
თან მაარღვედნენ მთა-ბარსა,
იდგა დგანდგარი, ღრიალი,
ცა-ხმელთა დაქცევას ჰგავდა,
ისეთი ისმის გრიალი“
ციდან კუპრის წვიმის წამოსვლა და ხალხის ყვირილი – „გვიშველეთ, ვიღუპებითო“ – ჯოჯოხეთურ გარემოზე მიგვანიშნებს; ადევებულმა მდინარემ მინდიას სახლ-კარიც წაიღო და ოჯახის წევრებიც თან გაიყოლა. იკვეთება ტიპიური სიზმარი: მზიას ყვირილი უნდა და ხმას ვერ იღებს. მზიას ბავშვების გადარჩენა სურს, მდინარიდან გამოყვანა, მაგრამ რამდენჯერაც ნაპირს მიუახლოვდება, შავი კაცები ხელს კრავენ და წყალში აგდებენ, თან ეუბნებიან: „სად მოხვალ? წადი, წყალს გაჰყევ, ბრძანება არის ღვთისია!“ წყლის დინებას აყოლილი მინდიაც ემშვიდობება მზიას და პატიებას სთხოვს. ჩვენთვის უპირველესად საინტერესოა პოემის პერსონაჟთა მიერ ახსნილი სიზმარი, რადგან ამ ახსნაში მათი რწმენა-წარმოდგენა იხატება. „მაშ ვერ გამოხვე, წაგიღოთ?“ – ეკითხება სანდუა მზიას. „ვერა… წაგვიღო, სანდუავ, დედა-შვილები ყველანი“, – პასუხობს მზია. მზიას სიზმარი წინასწარმეტყველურია და მისი ოჯახის დაღუპვას უწინასწარმეტყველებს.მისი მიმართება რეალობასთან რეალისტურია, ამიტომაც მზიას სიზმარიც რეალისტურ ტექსტად უნდა აღვიქვათ.
განსაკუთრებული და წინასწარმეტყველური დატვირთვა აქვს სიზმარს პოემა „ბახტრიონში“. როდესაც კვირია იწყებ სიზმრის მოყოლას ის ამბობს რომ: მეტად მრისხანე დღე იყო. მე ტრიალ მინდორზე ტავმომწონედ მივაწენებდი ჩემს სავ ბედაურს, რომელიც ქარივით სწრაფი იყო. მოულოდნელად სამი სანთელი აინთო ჩემი ხმლის ტარზე, ხოლო ფარზე ციური შუქით ჯვარი გამოისახა. ირგვლივ ტრიალი მინდორი იყო. გზაზე კი ულამაზესი ყვავილი უხვად დაფენილიყო… ირგვლივ არავინ ჩანდა. უეცრად წინ გავიხედე და გველეშაპი შევნიშნე. ცეცხლის ენით ყვავილებიან მიწას ლოკავდა და პირიდანაც ცეცხლს აფრქვევდა. საზარელი სანახავი იყო. დამინახა თუ არა ჩემკენ ქშენით გამოემართა და ჩემს შესაჭმელად პირი დააღო. მე არ დავიბენი, ხმლით ვეძგერე და თავი გავუპე. მოკლული გველეშაპის საზარელი სისხლი პირზე შემომესხა. ცხენი წამექცა და თვითონაც უგონოდ დავეცი ძირს. როცა გონს მოვედი, საოცარი რამ ვნახე.თითქოს თეთრ ლოგინზე ვიწექი, გვერდით ჩემი ცხენი უსულოდ ეგდო. დიდი ჭადარი მედგა თავს, ზედ ქედანი იჯდა და თავს დამღუღუნებდა.
ძალზე საინტერესო ფაქტია, რომ ისეთ პოემებში, რომლებშიც ცოცხლდება არარეალური სამყარო და თხრობა არარეალურ სიტუაციებშიც კი წარმოჩნდება, სიზმრის ტექსტი რეალისტურია.
მარიამ გრიგალაშვილი, 186-ე საჯარო სკოლის XIა კლასის მოსწავლე