4 მაისი, შაბათი, 2024

„სარა ბარა ბზია ბზბოიტ – მე შენ მიყვარხარ“ – აფხაზი მხატვრის პერსონალური გამოფენა საქართველოში

spot_img

 

საქართველოს კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ახალგაზრდა აფხაზი მხატვრის, ნიკა ემუხვარის პირველ პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.

სიყვარულის თემაზე შექმნილი ექსპოზიცია, სახელწოდებით სარა ბარა ბზია ბზბოიტმე შენ მიყვარხარ, სიყვარულთან ერთად, აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებს ეხმიანება.

გამოფენაზე, რომელიც 31 ივლისამდე გაგრძელდება, მხატვრის აბსტრაქტული ჟანრის 30 ფერწერული ნამუშევარია  წარმოდგენილი.

მე მხატვარი ვარ და ჩემი პირველი მესიჯი, რაც ჩემს ნახატებშია, გახსნილი გონება და სიყვარული. მინდა, რომ ეს ხალხმა იგრძნოს – სიყვარული მსოფლიოში, სიყვარული ხალხში და პირველ რიგში, ყველა ჩვენგანშია, ამ სამყაროში, ჩნს ოჯახებში – ის ყველგანაა. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთად, უნდა გვესმოდეს ერთმანეთის, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც ერთმანეთის გვესმის, აღარ იქნებ პრობლემა, არ აქვს მნიშვნელობა ეს ოჯახია თუ პოლიტიკური საკითხები,“ – ამბობს მხატვარი.

⇒ ვინ არის ნიკა ემუხვარი?  

მე მქვია ნიკა. მე მხატვარი ვარ. საკუთარი თავის გამოხატვის საუკეთესო გზა ცხოვრებაში ბევრი რამის ნახვაა. ეს არის ის, რაც რეალურად გადამხდა. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ბევრი რამ ვნახე – ცუდი, ბოროტება, სიკეთე, ბედნიერება, სიყვარული, სტრესი და ღალატი. ამ ყველაფერმა მომცა სტიმული, გავმხდარიყავი მხატვარი, ის ადამიანი, ვინც ახლა ვარ.

დავიბადე სოხუმში. აფხაზეთის ომის შემდეგ ჩემი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. ეს მათთვის ძალიან რთული იყო. დავამთავრე მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი (სახელმწიფო აკადემია) Marxi – რომელსაც 250-წლიანი ისტორია აქვს და წამყვანი არქიტექტურული სკოლაა რუსეთში. 5 წელი კანადაში ვცხოვრობდი.

⇒ როდის დაიწყეთ ხატვა, რა იყო  თქვენი შთაგონების წყარო და პირველი ნახატი?

2021 წელს გადავწყვიტე, გავმხდარიყავი მხატვარი. სრულიად თავისუფალი ვარ მაშინ, როცა მარტო ვარ ჩემს ტილოსთან და ზეთთან. ჩემი პირველი ნახატი იესო ქრისტე იყო. თითქოს ზემოდან ხმა ჩამესმა, რომ უნდა შემექმნა რაღაც, ის, რაც ჩემს გულში იყო. ამიტომ მე დავხატე ის.

                    „მაქსიმუსი 2022“   ტილო, ზეთი. 50×50 სმ. 2022 წელი

                         სახლი გორაკზე. ტილო, ზეთი. 80×60 სმ. 2022 წელი

 

⇒ სიღნაღის მუზეუმი თქვენს პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს, ექსპოზიციას სახელწოდებით „სარა ბარა ბზია ბზბოიტმე შენ   მიყვარხარ“. რატომ გააკეთეთ არჩევანი სიყვარულზე?

დიახ, როცა  ეროვნული მუზეუმიდან დამირეკეს და საქართველოში პერსონალური გამოფენის მოწყობა შემომთავაზეს, მოსკოვში ვიყავი და ნამუშევრებზე ვმუშაობდი. ძალიან გამიხარდა, იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ არც კი მჯეროდა, საქართველოში ჩემი პერსონალური გამოფენა თუ გაიმართებოდა. რაც შეეხება, ექსპოზიციის სახელწოდებას – სარა ბარა ბზია ბზბოიტმე შენ მიყვარხარ,  იმიტომ შევარჩიეთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში სიყვარული  ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობაა. სახელწოდების იდეა ინგა ხუბულავას /გამოფენის კურატორი/ ეკუთვნის, რაც მე ძალიან მომწონს.

⇒ როგორია ფერებთან თქვენი დამოკიდებულება, აქვს თუ არა კონკრეტული დატვირთვა ამა თუ იმ ფერს და განსაკუთრებით რომელი ფერი გიყვართ?  

ფერები ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ფერს თავისი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს, სხვადასხვა გავლენას ახდენს ჩვენს ტვინზე. ჩემი საყვარელი ფერი შავია. სხვა ფერები ჩემთვის არც ისე მნიშვნელოვანია. უბრალოდ, მე მათ ვიყენებ მხოლოდ იმისთვის, რომ ხალხს ჩემი ხელოვნების უკეთ გაგებაში დავეხმარო.

⇒ რომელ ნამუშევარს გამოარჩევთ და რა ემოცია გაკავშირებთ მასთან?  

ჩემი საყვარელი ნახატი ცათამბჯენებია. ჩემთვის ეს ნამუშევარი განსაკუთრებულია. მას არასოდეს გავყიდი, რადგან ის ჩემს ბავშვობას ეხება. არის გრძნობა, რისი ახსნაც უბრალოდ შეუძლებელია.

⇒ ამჟამად თბილისში ცხოვრობთ, როგორია თქვენი თბილისური ცხოვრება?  

დიახ, ახლა  თბილისში ვცხოვრობ. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. ბევრი მეგობარი და ნათესავი მყავს. მათ პატივს ვცემ და იმავეს ვგრძნობ ჩემ მიმართ. მე მიყვარს საქართველო. ღმერთმა დალოცოს!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია 2-ის პირადი კურთხევით, ვარ თბილისის ცენტრში მდებარე ილორის ეკლესიის ერთ-ერთი დიზაინერი. მადლობა ამ წმინდა საქმისთვის.

⇒ კიდევ რა თემაზე იქმნება თქვენი ნამუშევრები? არის თუ არა კონკრეტული  თემა, რომელზე მუშაობისას თავს  კომფორტულად გრძნობ

გულწრფელად რომ გითხრათ, როცა რაღაცას ვხატავ, მხოლოდ კარგზე ვფიქრობ, მასზე, რაც ჩემს გულშია, ჩემს მოგონებებში. ასე რომ, ეს შეიძლება იყოს ყველაფერი, ყველაფერი, რასაც ჩემი შთაგონება შეუძლია. მაგალითად, პერსონაჟი ჰოლივუდის ფილმიდან ან უბრალოდ მხოლოდ ფერების თამაში და კიაროსკურო. ყველაფერი შენი გონებაა და ყველა საიდუმლოს  ვერ ავხსნით.

ჩემი ხელოვნება თანამედროვე, თავისუფალი გონების ხელოვნებაა. ასე რომ, პირველ რიგში, მსურს ხალხმა გაიცნოს ის. ამისთვის საჭიროა ჩემი ბრენდის პოპულარიზაცია და ჩემი ნახატების ფილოსოფიის ჩვენება. იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს, ჩემს შემოქმედებას დასავლეთსაც გავაცნობ.

         

დაიანე. აკრილი. 90×60 სმ. 2022 წელი         ვარდები. ტილო, ზეთი. 2022 წელი 

⇒ გამოფენაზე წარმოდგენილი აბსტრაქტული ჟანრის ნამუშევრების შექმნის კონცეფცია სიყვარულის თემას ეფუძნება, ასევე ეხმიანება აფხაზურქართულ ურთიერთობებს. როგორ წარმოგიდგენიათ მომავალში ქართულ-აფხაზური ურთიერთობა?  როგორ ფიქრობთ, ჩვენ – ქართველები დავბრუნდებით აფხაზეთში?

იმედი მაქვს, რომ ჩვენს ერებს შორის ურთიერთობები იქნება სრულყოფილი. დედაჩემი ქართველია, მამა – აფხაზი. ჩემთვის აფხაზეთი და საქართველო ერთი და იგივეა, არანაირი განსხვავებაა ქართველსა და აფხაზს შორის. მე ორივეში ვცხოვრობ და ყველას და ყოველთვის ვცდილობ ავუხსნა ეს მთლიანობა. ნამდვილად მჯერა საუკეთესო მომავლის, ჩვენსა და მსოფლიოს ყველა ადამიანს შორის.

ვოცნებობ, ქართველები დაბრუნდნენ იქ, აფხაზეთში… საკუთარ სახლებში.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები