27 აპრილი, შაბათი, 2024

სამი ფაქტორი, რაც მომავლის განათლების იმედს მაძლევს

spot_img

 

უჩვეული და რთული სასწავლო პერიოდის შემდეგ ხანდახან ძნელია, განსაზღვრო, რა იქნება მომდევნო თვეებში ან თუნდაც დღეებში, რადგან მომავალი ბუნდოვანია –  განსაკუთრებით სკოლაში.
მართალია, დისტანციურმა გარემომ პედაგოგები აიძულა, უცნობ ტერიტორიაზე გადასულიყვნენ, მაგრამ სიახლის შემოღების საშუალებაც მისცა და შესაძლოა, სამუდამოდ შეცვალა სასწავლო კურსი. შეიძლება, მათემატიკური ტოლობები და ისტორია ისე უნაკლოდ და გულმოდგინედ ვერ განვიხილეთ, როგორც ჩვეულებრივ სასწავლო წლებში, მაგრამ ამ გზაზე თავადაც ბევრი რამ ვისწავლეთ.
კოლეგებთან – პრაქტიკოს მასწავლებლებთან ბევრი მისაუბრია განათლების მომავალზე და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: COVID-19-მა ამჟამინდელი განათლების სისტემის გადახედვის რეალური შესაძლებლობა მოგვცა.
სამი ფაქტორის გამო მომავალს იმედის თვალით შევყურებ.

ურთიერთობა და მუშაობა წარმატებით შეიძლება როგორც ონლაინ, ასევე პირადად

პანდემიამ დაამსხვრია მითი, რომ მოსწავლეებისა და სტუდენტების ჩართულობის გააქტიურება მხოლოდ საკლასო ოთახსა და აუდიტორიაშია შესაძლებელი.

COVID-19-მა ბევრ ჩვენგანს ისეთი ინსტრუმენტები გააცნო, რომლებიც ყველა მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, სრულყოფილი მონაწილეობა მიიღოს დისტანციურ სწავლებაში. მე პირადად, ყველას მირჩევნია ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Nearpod და Pear Deck, ისინი მოითხოვენ მოსწავლეების სრულ მონაწილეობას, აქეზებენ თანაკლასელებთან ურთიერთობისთვის, რაც შეიძლება, ყველას არ გამოსდიოდეს პირადი სწავლებისას. ისინი ეკრანებთან პასიურად როდი სხედან, უყურებენ და უსმენენ, როგორ ელაპარაკებათ ვინმე რამდენიმე საათის განმავლობაში. აუცილებელია თანაკლასელებთან ურთიერთქმედება და მონაწილეობა ყველაფერში, რაც ისწავლება.

შეიძლება, მთელი ჯგუფი პასუხობდეს კითხვებს, გამოთქვამდეს მოსაზრებებს, ხატავდეს ან მონაწილეობდეს ინტერაქტიულ თამაშში. ძალიან მნიშვნელოვანია, მივცეთ მოსწავლეებს შესაძლებლობა, იგრძნონ, რომ პროცესის მონაწილეები არიან, დაფასებული და შეფასებული მოსწავლეები, განსაკუთრებით, ონლაინ კლასში.

ასევე საინტერესოა იმაზე დაკვირვება, თუ როგორ ძველდება „სალექციო“ პედაგოგიკა, როცა ინტერნეტით ვასწავლით და ვსწავლობთ. იქნებ შევთავაზოთ მოსწავლეებს, თავად უყურონ ლექციის ჩანაწერს? მერე კი, ცოცხალი გაკვეთილის დრო უფრო აქტიური კომუნიკაციისთვის გამოვიყენოთ. ამგვარ მიდგომას ორი უპირატესობა აქვს: მოსწავლეებს საკუთარი სწავლების თავისუფლად წარმართვის შესაძლებლობას აძლევს და უზრუნველყოფს მასალის ეფექტურ შესწავლასა და მასზე მსჯელობას.

პანდემიამდე, შეიძლება, ზოგი ფიქრობდა, რომ ონლაინ სწავლება იოლი გამოსავალია. თუმცა ეს მითი დღესდღეობით შერყეულია. მართალია, თვალსაჩინოდ ვხედავთ დისტანციური სწავლების უპირატესობებს, მაგრამ, ამავე დროს, ვაცნობიერებთ ადამიანური ურთიერთობის აუცილებლობას, რაც არასდროს გაქრება.

დამოუკიდებელი, თვითკმარი ადამიანების აღზრდა

ზოგი პედაგოგის აზრით, ამ სასწავლო წელმა დაამტკიცა, რომ ძალიან აქტიურად ვერევით მოსწავლეების საქმეებში. როცა ვხედავთ, რომ მოსწავლე ჩამორჩება, აუცილებლად მიგვაჩნია, სასწრაფოდ გამოვასწოროთ მდგომარეობა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, საშუალება მივცეთ, თავად იმუშაოს საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად და პასუხისმგებლობაც იკისროს. ვინაიდან კლასში აღარ ვართ, მოსწავლეებს სხვა გზა აღარც აქვთ – დამოუკიდებლად უნდა გაიარონ ადაპტაცია და ისწავლონ.

ერთ-ერთი პედაგოგი ამბობს: „ჩემს კლასში, წელს, გაცილებით ძლიერი ჯგუფია. ისინი ბოლომდე ადევნებენ თვალს გამოგზავნილ დავალებას, უფრო უღრმავდებიან საკითხებს, წინააღმდეგობებს არ ეპუებიან. მართალია, პირადი ურთიერთობები მენატრება და მაკლია, მაგრამ ვირტუალურმა სწავლებამ მეტი წინსვლის საშუალება მისცა მოსწავლეებს, ვიდრე ეს პანდემიამდე იყო შესაძლებელი.“

ბევრი პედაგოგი ფიქრობს იმაზე, თუ რა უნდა შეუცვალოს უფრო შორეულ მომავალში. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ხუთდღიანი სწავლა მოძველებულია და ნაკლებად ეფექტური. ამის ნაცვლად, იქნებ, სტუდენტებმა კვირაში 2-3 დღე გაატარონ საკლასო ოთახებში, უშუალო რეკომენდაციების მისაღებად, დანარჩენ დროს კი დამოუკიდებლად იმუშაონ სახლში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთონ და ადგილობრივ ბიზნესში გაიარონ სტაჟირება? ბოლოს და ბოლოს, ჩვენი, პედაგოგების მიზანი ხომ ისაა, რომ ჩვენი მოსწავლეები საზოგადოებაში ადაპტირებულები იყვნენ და ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღონ როგორც საკლასო ოთახში, ასევე მის მიღმა.

მშობლები – ძლიერი ქომაგები და მოკავშირეები

პანდემიის პერიოდში პედაგოგები თავს არ ზოგავენ, რომ მოსწავლეების საჭიროებებს მოერგონ, იგივე შეიძლება ითქვას მშობლებზეც.

მშობლები სწავლებას შორიდან აღარ შეჰყურებენ. ბევრი მათგანი ჩვენთან ერთადაა ამ ბრძოლის ხაზზე – ცდილობენ შვილების მხარდაჭერას, აჟღერებენ მათ წუხილებს, კითხვებს სვამენ, ტექნიკურ პრობლემებს აგვარებენ იმის მიუხედავად, რომ საკუთარი საქმეც აქვთ.

თუმცა ვიცი, რომ როდესაც ჩვეულებრივ სწავლებას დავუბრუნდებით, მშობლებიც ჩვეულ კალაპოტში ჩადგებიან, მაგრამ იმედი მაქვს, ინვესტიციების ეს დონე შენარჩუნდება. მშობლების მონაწილეობა ყველა ბავშვისთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით, ხელმოკლე ოჯახების შვილებისთვის ან განსხვავებული უნარების მქონე ბავშვებისთვის.

პანდემიის წყალობით, საკუთარ თავზე გამოვცადეთ დისტანციური სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ისიც გავიგეთ, რომ ონლაინ გარემოში წარმატებით შეიძლება ეფექტური საგანმანათლებლო ჯგუფების შექმნა.

განვლილ პერიოდს თუ გადავხედავთ, მივხვდებით, თუ რა სიმტკიცე და მონდომება გამოვიჩინეთ. სამომავლოდ კი, ალბათ, საიმედო და ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. იმედია, პანდემიის პერიოდის გამოცდილება ბევრ რამეს სხვაგვარად დაგვანახებს და დაგვაფიქრებს – ჩვენი შვილებისა და ჩვენი სამყაროსთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

კელი კინი, მერილენდის საგანმანათლებლო სკოლა, ლოიოლას უნვერსიტეტი

ინგლისურიდან თარგმნა ნინო მეტრეველმა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები