27 აპრილი, შაბათი, 2024

როდის გამოცხადდება რეგისტრაცია 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და რა რეკომენდაციებს აძლევს ცენტრის დირექტორი აბიტურიენტებს

spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, აბიტურიენტებისა და მასწავლებლებისთვის, ტრადიციულად, წინასაგამოცდო საინფორმაციო შეხვედრების ციკლს დაიწყო. ღია კარის დღეები უკვე ჩატარდა ბოლნისში, მარნეულსა და გარდაბანში, მომდევნო შეხვედრა, 9 თებერვალს, საგარეჯოში გაიმართება.

ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძე აცხადებს, რომ გამოცდებისთვის მზადების აქტიური ფაზა დაწყებულია და აბიტურიენტებს მოუწოდებს, დაესწრონ ღია კარის დღეებს, სადაც მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხებენ ცენტრის საგნობრივი ექსპერტები.

რაც შეეხება რეგისტრაციას, ცენტრის დირექტორის განცხადებით, წელსაც, ტრადიციულად, მარტის დასაწყისში გამოცხადდება, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„აბიტურიენტებს ვთხოვ, თვალი ადევნონ ჩვენს ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდს (თუ არ არიან ჩვენი მეგობრები, დაგვიმეგობრდნენ ფეისბუქზე) და როგორც კი დაიწყება რეგისტრაცია, დროულად დარეგისტრირდნენ“.

2023 წლის სიახლეებთან დაკავშირებით, სოფიო გორგოძემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებული სიახლეები არ იგეგმება. „როგორც წესი, ტესტების ფორმატში, გარკვეულ საგნებში, ყოველ წელს გვაქვს ხოლმე მცირე ცვლილება. ამის მიზეზი ის არის, რომ ტესტი არ დაიშტამპოს და დავალების ტიპებიც დროდადრო იცვლება. ასეთი სიახლე შეეხო წელს უცხოური ენის ტესტს, სამივე – ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებს, ასევე, ისტორიას. თუმცა, მათთვის, ვინც წელს პირველად აბარებს, ეს სიახლე არ იქნება, უბრალოდ შეუძლიათ შევიდნენ ჩვენს ვებგვერდზე, ნახონ წინა წელს გამოყენებული ტესტები და ასევე ის, რაც წელს შეიცვალა. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ უცხოურ ენაში წერილის დაწერა იყო ერთ-ერთი დავალება, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა და წელს ამოვიღეთ იმიტომ, რომ უკვე ძალიან დაიშტამპა და, მის ნაცვლად, დიალოგის შევსება იქნება. მსგავსი სიახლეები სხვა საგნებშიცაა და აბიტურიენტებს შეუძლიათ ნახონ. დანარჩენი პროცედურებიც უცვლელია. ყველა პროცედურა და წესი გაწერილია „ცნობარში აბიტურიენტებისთვის“. ახალი ცნობარი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა პროცედურებს რაც შეეხება – როგორ გავიაროთ რეგისტრაცია, რამდენეტაპიანი იქნება რეგისტრაცია, როგორ ხდება საგრანტო ქულის გამოთვლა, საკონკურსო ქულის გამოთვლა – ეს ყველაფერი იგივეა და შეუძლიათ წინა წლის ცნობარში ნახონ, რომელიც ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული. ახალი ცნობარი, რა თქმა უნდა, რეგისტრაციის დაწყებამდე აუცილებლად იქნება და განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე.“

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი აბიტურიენტებს გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს: „ტესტების შედგენისას, ჩვენი სპეციალისტები ყოველთვის ცდილობენ, არ გავცდეთ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტი ცოტა უფრო ფართოა, ვიდრე სახელმძღვანელოშია მოცემული, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ტესტებში ის მასალა შევიტანოთ, რაც სახელმძღვანელოებშია, შესაბამისად, სკოლაში მიღებული ცოდნა სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ აბიტურიენტმა გამოცდა ჩააბაროს.

გარდა ამისა, წინა წლის  ყველა ტესტი გამოქვეყნებულია, ასე რომ, ესეც ძალიან კარგი დამხმარე მასალაა, რომ იმეცადინონ. შეიძლება ითქვას, რომ თუ აბიტურიენტი კარგად მეცადინეობს სკოლაში და, ასევე, ხელი მიუწვდება ელექტრონულ რესურსებზე (დღეს, მგონი, ამის პრობლემა არავის აქვს), ვფიქრობ, შეუძლია კარგად მოემზადოს. აბიტურიენტებს ვურჩევ, ჩვენს ვებგვერდსაც ადევნონ თვალ-ყური და მათ შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ ღია კარის დღეებს. თუ პირისპირ ფორმატში ვერ ესწრებიან, ჩვენ რამდენიმე ონლაინ შეხვედრაც გვექნება, რის შესახებაც ჩვენს ფეისბუქგვერდზე დავწერთ და ვთხოვთ, შემოგვიერთდნენ. თუ რომელიმე შეკითხვაზე ელექტრონული რესურსით ვერ მიიღებენ ამომწურავ პასუხს, შეუძლიათ კონკრეტულად ჩვენს სპეციალისტებს დაუსვან კითხვები.“

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები