ლელა იმედაშვილი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი
სკოლა: 44, 42 — საჯარო, 2 — კერძო; მოსწავლე: 9 700; მასწავლებელი: 1 152
📌სკოლები პანდემიის პირისპირ
ზოგადად, პანდემიამ მთლიანად შეცვალა ჩვენი საქმიანობის დატვირთვაც და შინაარსიც. მართვა ხდება ყოველდღიურად. ამ ეტაპზე 6 სკოლა ჰიბრიდულ, 1 კი ონლაინ სწავლებაზე გვყავს — დაბა ლიხაურის სკოლა. იქ მოსწავლეთა ინფიცირების შემთხვევები მოკლე დროში გაიზარდა — ორი დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა მატება. სოფლის პირობაზე, სკოლა მრავალრიცხოვანია — 240 მოსწავლეა და ჯანდაცვამ მოგვცა რეკომენდაცია, ბავშვების უსაფრთხოებისა და მათი სიცოცხლის უპირატესობის გათვალისწინებით, 12 დღით გადავსულიყავით დისტანციურ სწავლებაზე.
თუმცა ეს ციფრები მუდმივად და ყოველდღიურად იცვლება, მთლიანად დამოკიდებული გავხდით ჯანდაცვის რეკომენდაციებზე და ყოველდღიურად გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, ერთეული მოსწავლეების ან მასწავლებლების ინფიცირების შემთხვევაში, კონკრეტული სკოლების თუ კლასების ონლაინ სწავლაზე გადაყვანასთან დაკავშირებით. ცხადია, ეს მართვის ნაწილში რთულია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ პროცესების ასე მართვა მართებულია, რადგან თავიდან გვაშორებს მთავარ რისკს — სკოლა არ გახდეს ეპიდცენტრი, ანუ შემდეგ პანდემია უმართავ პროცესებში არ გადაიზარდოს. კიდევ ვიმეორებ — ეს მართვის სირთულეა, თუმცა — ყველაზე ოპტიმალური. ამ ეტაპზე მთლიანად ყოველდღიური მართვის რეჟიმში ვართ.
ყველა სკოლა სრულადაა მომარაგებული პრევენციისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით. ძალიან მოკლე დროში შევძელით მართვის უნარების პოვნა საკუთარ თავში. მატერიალური რესურსების ნაწილში სრულად ახერხებს მომარაგებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მათ შორის — რესურსცენტრისთვის. გვაქვს ყველა შესაბამისი რესურსი — ხსნარები, დეზობარიერები და ყველაფერი, რაც გათვალისწინებულია რეგულაციებით. რესურსცენტრი სრულადაა აღჭურვილი და ამ მიმართულებით ერთი წამით არ გვქონია შეფერხება — არც საკუთრივ რესურსცენტრს და არც სკოლებს. სკოლებში მარაგებიც არსებობს, წინდაწინ შემოგვაქვს მომავალი სემესტრისთვის.
📌ვაქცინაცია პედაგოგებში
საბედნიეროდ, მასწავლებელთა ვაქცინაციის მხრივ ძალიან წინ ვართ — 90 პროცენტი უკვე აცრილია. ცხადია, ეს ჩვენი პედაგოგების სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. ამაში ბევრი ძალისხმევა ნამდვილად არ დაგვჭირვებია — ეს მათი ნებაც იყო, ჩვენ კი ინფორმირებაში დავეხმარეთ. მათ სწორად გაიგეს, რომ აცრილი მასწავლებელი უსაფრთხო მოსწავლეს და, უპირველესად, მათ უსაფრთხო ცხოვრებას და ჯანმრთელობას ნიშნავს. ჩვენი მასწავლებლების მისამართით მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
📌სასწავლო პროცესი რომ არ შეფერხდეს
ჩვენ მუდმივად გვაქვს ისეთი გამოწვევები, რასაც სჭირდება რესურსცენტრის ჩართულობა ახალი სასწავლო წლისთვის სკოლების მოსამზადებლად: მატერიალური რესურსების მიწოდება, ახალი სახელმძღვანელოების დარიგება, კომპიუტერული ტექნოლოგიების შემოტანა-განაწილება. ასევე — მასწავლებლებისთვის დახმარების გაწევა. მათ აქვთ კითხვები, მაგალითად, საათების განაწილებაზე ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში. იცით, რომ ყოველდღიურად ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ახალ საფეხურზე გადავდივართ, ამ ყველაფერში კი პედაგოგებს ჩვენი ჩართულობა სჭირდებათ. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის 42 საჯარო სკოლიდან 33-ში „ახალი სკოლის მოდელი“ დაინერგა. ეს ნიშნავს, რომ ექსპერტების შერჩევაში, შემდეგ სკოლებთან მათ კომუნიკაციაში, მათი ტრენინგების ორგანიზებაში რესურსცენტრი მთლიანადაა ჩართული. ეს საინტერესო პროცესია, რადგან „ახალი სკოლის მოდელი“ ბევრი მიმართულებით ზრდის მასწავლებლის კვალიფიკაციას და, სხვათა შორის, ზრდის რესურსცენტრების როლსაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ჩვენი ჩართულობით და მონაწილეობით ხორციელდება.
გარდა ამისა, არის განათლების სამინისტროს სხვადასხვა სსიპ-ებთან თანამშრომლობის საჭიროება, რასაც სკოლებთან კომუნიკაცია სჭირდება. ესაა, მაგალითად, ხარისხის მართვის ნაწილი, რადგან ნელ-ნელა ვემზადებით სკოლების ავტორიზაციისთვის და გარკვეული წინასწარი სამუშაოებია ჩასატარებელი. ამ ყველაფერში კი რესურსცენტრი მონაწილეობს და მასწავლებლებთან ძალიან სწორი, დროული თანაშრომლობით ვახერხებთ, რომ იყვნენ ინფორმირებულნი, იყვნენ ამ პროცესში ჩართულნი და მონაწილეობდნენ ყველა ცვლილებაში, რაც, განათლების მიმართულებით, ახლა ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზეა.
ბევრი გაკეთდა ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც, რაც ორ ნაწილად გვაქვს გაყოფილი — ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანაშრომლობით სკოლების რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა. წელს ორივე მიმართულებით გვქონდა სიახლეები, ზოგან კი ეს სამუშაოები ჯერ ისევ გრძელდება. მაგალითად, დაბა მერიის საჯარო სკოლაში ახლა სრულდება სპორტული დარბაზის, ხოლო სოფელ თხინვალში თავად საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, გავხსენით და ავაშენეთ 600 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა დაბა ნასაკირალში — ძალიან კარგი და თანამედროვე ტიპის შენობა ლიფტით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საჭიროებებზე მორგებული, სპორტული მოედნით, კვების ობიექტით, მცირე საკონფერენციო დარბაზით… ერთი სიტყვით, თანამედროვე ტიპის სკოლაა და არაჩვეულებრივი საგანმანათლებლო გარემოა. ყველა რესურსი არსებობს იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი მიდიოდეს გამართულად. მის შემხედვარეს ნამდვილად გაგიჩნდება სურვილი, რომ ასეთი სკოლა რაც შეიძლება, მეტი იყოს მთელ ქვეყანაში. ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემო და განწყობა, რომელშიც სწავლობენ — ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კარგი სწავლისთვის. ვფიქრობ, სკოლის რეაბილიტაციას ბევრი თანხა თუ უნდა დაახარჯო, აჯობებს, ცოტაც დაამატო და ასეთი ტიპის სკოლა ააშენო, რადგან ეს სრულიად სხვა მოდელია თავისი განათებით, ვიტრაჟებით — აქ ყველაფერია გათვალისწინებული. ახალი სკოლა გაიხსნა ასევე და მოსწავლეები ახალ შენობაში შევიდნენ სოფელ შრომის თემში შემავალ ეკალდიდის საბაზო სკოლაში, სადაც 60 ბავშვი სწავლობს.
პანდემიასთან მიმართებაში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად, დიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გავწიეთ — მთელი ბიუჯეტი გადანაწილდა სკოლების სწორედ კოვიდ მიმართულებით მოსაწესრიგებლად: სველი წერტილები შენობაში შევიტანეთ და დღეს ყველა საჯარო სკოლაში ეს პრობლემა მოგვარებულია.
ერთი სიტყვით, ამ მიმართულებითაც ჩართულები ვართ პროცესში და მონიტორინგს ვუწევთ. შესაბამისად, რესურსცენტრის ჩართულობით ხდება ბიუჯეტის შედგენა-განაწილებაც.
თუმცა პრობლემა ამით არ მთავრდება, რადგან ძალიან რთულია, ყველა სკოლას მისცე ის სახე, რაც 21-ე საუკუნის სკოლას სჭირდება. ამიტომ, ამ მიმართულებით, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი და, ვიმედოვნებთ, მომავალი წლის ბიუჯეტიდან შევძლებთ იმ სკოლების დახმარებას, რომლებსაც ახლა ყველაზე მეტად უჭირთ. გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები სჭირდება ჯუმათის საჯარო სკოლას, ახალი სკოლის აშენება გვინდა ასკანაში, ზოგან სახურავია შესაკეთებელი, ზოგან — იატაკი… ამ პრობლემებთან დაკავშირებით გამუდმებით ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოსთანაც და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთანაც, ვფიქრობთ, გაისად კიდევ რამდენიმე სკოლაში განვახორციელებთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
📌დისტანციური გაკვეთილები
ეს პრობლემა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა, ამის დამალვას და ხელის დაფარებას არავინ აპირებს, მათ შორის, არც მე. სოფლებში მართლაც არის ინტერნეტიზაციის და მისი დაფარვის სიხშირის პრობლემა. არის ტექნიკური პრობლემები — ყველა მოსწავლისთვის არაა ხელმისაწვდომი ლეპტოპი ან სხვა ტექნიკური საშუალება. ამიტომ ბავშვები, ძირითადად, მშობლების ან თავიანთი მობილური ტელეფონებით ერთვებიან ამ პროცესში, თუმცა, მთლიანობაში, ტექნიკური პრობლემების მიუხედავად, განათლების მიღმა მოსწავლე არ დაგვრჩენია. ერთეული მოსწავლეც კი არ გვყავს ისეთი, რომელიც ვერ იღებდეს ონლაინ გაკვეთილებს, აბსოლუტურად მოვარგეთ მოსწავლისა და ოჯახის საჭიროებას, რეალურ სიტუაციას.
📌უზრუნველყოფილია თუ არა სკოლები მასწავლებელთა კადრებით
საბედნიეროდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ამ მხრივ დიდ ფუფუნებაშია. პირიქით, ზოგჯერ კონკურსებიც გვჭირდება, სადაც რამდენიმე ღირსეულს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება. კადრების დეფიციტი ნამდვილად არ გვაქვს — მუნიციპალიტეტის სკოლები მაღალკვალიფიციური პედაგოგებითაა დაკომპლექტებული, რასაც ჩვენი მოსწავლეების შედეგებიც აჩვენებს. პედაგოგთა დაახლოებით 80 პროცენტი უფროსი მასწავლებელია, ძალიან ბევრი წამყვანია, გვყვანან მენტორებიც. ამ ეტაპზე პრაქტიკოსი მასწავლებელი საერთოდ არ გვყავს და მხოლოდ 87-ია უსტატუსო. სკოლებიც საკმაოდ მრავალრიცხოვანი გვაქვს — ქალაქის სკოლებში 900-1000 მოსწავლეც კი გვყავს. პირველ კლასებში ზოგან 5-6 პარალელური კლასია, სოფლებშიც და დაბებშიც მრავალრიცხოვანი სკოლები გვაქვს, თუმცა არის მცირეკონტინგენტიანებიც, რაც, სამწუხაროდ, დიდწილად, მიგრაციითაა გამოწვეული.
მასწავლებლები კოვიდპანდემიით შექმნილ გამოწვევებსაც ღირსეულად ართმევენ თავს და ერთხელ ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც დავწერე. ჩვენი ბევრი თანამოქალაქე პატივისცემას გამოხატავს მედიკოსების მიმართ და ეს სავსებით მესმის — ისინი ნამდვილად იმსახურებენ ამას, მაგრამ სწრაფ ადაპტაციაში არანაკლები შრომა ჩადეს პედაგოგებმაც — ძალიან მოულოდნელად და შოკის მომგვრელად, ერთ დილით, დაგვჭირდა სრულიად სხვა მოდელზე გადართვა და ეს ჩვენმა მასწავლებლებმა ძალიან ღირსეულად შეძლეს. ჩვენს ბავშვებს, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ონლაინ სწავლებისას ნამდვილად არ ჰქონიათ შეფერხება განათლების მიღებაში. ეს საკმაოდ რთული გამოწვევა იყო ჩვენი სკოლებისა და მასწავლებლებისთვის და ვამაყობ, რომ ამას თავი ღირსეულად გაართვეს.
📌რესურსცენტრის ფუნქცია დღეს და სამომავლოდ
რესურსცენტრის როლის გაზრდაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ განათლების სამინისტროსთანაც და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან. მათ შორის, ამ 2 კვირის წინაც, ვისაუბრეთ სამინისტროსთან ონლაინ კონფერენციაზე.
რესურსცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის გამტარებელია ადგილებზე და ამაში, ძირითადად , იგულისხმება რუტინული შრომა — სსიპ-ების დავალებების შესრულება, სამინისტროს ინოვაციების დანერგვა და მერე მისი კონტროლი, ახლა ამ ყველაფერში კოვიდიც ჩაერთო და მისი მონიტორინგი ცალკე ხდება…
შეხვედრებზე სულ ვამბობ, რომ 21-ე საუკუნის რესურსცენტრი ცოტა წინ უნდა იხედებოდეს და თავის სახელს ამართლებდეს. ვფიქრობ, უკვე დროა, რეალურ ცვლილებებზე ვიფიქროთ. ვგულისხმობ შინაარსობრივს — ის უნდა იყოს საუკეთესო რესურსების მიმწოდებელი სკოლებისთვის როგორც მატერიალურ-ტექნიკურ, ასევე ადამიანურ ჭრილში. ამასთან დაკავშირებით ერთ იდეას გაგიზიარებთ: ყველა სკოლაში თუ ვერ მოვახერხებთ, ყველა რესურსცენტრში მაინც უნდა არსებობდეს სხვადასხვა მიმართულების თანამედროვე ლაბორატორია, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, იჩხირკედელაონ, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით რამე ააწყონ და ასე შემდეგ. ჩვენ ირგვლივ არიან მოსწავლეები, რომლებმაც დროს გაუსწრეს გონებრივად და ახლა მათ დახმარება სჭირდებათ, შეიძლება, რომელიმე სკოლაში გვეზრდებოდეს მომავალი გამომგონებელი, რომელსაც ახლავე სჭირდება შესაბამისი რესურსის მიწოდება და განვითარება. ამ ნაწილში რესურსცენტრების როლი უფრო მეტად ქმედითი და საინტერესო უნდა იყოს. ძალიან კარგი იქნება, ვიფიქროთ განვითარებული ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაზე — როგორ არიან, სად არიან, რას ავითარებენ. ჩვენ ჩვენი იდეებიც გვაქვს და, ვფიქრობ, რესურსცენტრები თავიანთ როლს კიდევ უფრო ფართოდ უნდა წარმოადგენდნენ.
იგივე შეიძლება დაწყებით კლასებში ჩამოვიტანოთ, გავაკეთოთ სამოდელო სივრცე — მოდერნიზებული, თანამედროვე ტიპის კარგი კლასი პატარებისთვის, სადაც ხელმისაწვდომი იქნება თანამედროვე რესურსები. მათ შორის — სკოლამდელებისთვისაც, სადაც ისინი გარკვეულ საფეხურს გაივლიან სკოლაში შესვლისთვის მოსამზადებლად. ვფიქრობ, რესურსცენტრში უნდა არსებობდეს ძალიან კარგი, თანამედროვე ბიბლიოთეკა… ამას ცალკეულ სკოლებში თუ ვერ ვახერხებთ, რესურსცენტრში გავაკეთოთ…
ვიმედოვნებ, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ამას შევძლებთ, რადგან იქ ახლა ის გუნდია, რომელიც გისმენს და შენს აზრს ითვალისწინებს.
📌რესურსცენტრის წინაშე მდგარი პირველი რიგის პრობლემა
ასეთ პრობლემად დავასახელებ ტექნიკურ გადაიარაღებას და ბიუჯეტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი გამოწვევაა რესურსცენტრისთვის. ჩვენი ბიუჯეტით თანამშრომლებისთვის დიდი წვალებით ვახერხებთ ტექნიკურ გადაიარაღებას — ჩვენი ნაშთით გავარემონტებთ ერთ კომპიუტერს, გავა რამდენიმე თვე, ისევ დავაგროვებთ რაღაც თანხას და მეორეს განვაახლებთ და ა.შ. თუმცა ტექნიკური გადაიარაღება ყველა რესურსცენტრისთვის პრობლემაა, როგორც ჩემი კოლეგებისგან ვიცი. ბიუჯეტი განვითარების უფრო მეტ საშუალებას უნდა გვაძლევდეს, ახლანდელი კი, ძირითადად, სახელფასო ფონდია, ნაშთი მინიმალურად ახერხებს კომუნალური გადასახადების დაფარვას, საკანცელარიო ნივთების შეძენას და ა.შ.
მეორე ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ არ გვაქვს ტრანსპორტი. არადა, რესურსცენტრებს სკოლების შემოწმება გვიწევს. წლების წინ მიღებული ტრანსპორტით, რომელიც უკვე განულებული თვითღირებულებაა, ამას ძალიან რთულად ვახერხებთ.
ესაუბრა ირაკლი თავაძე