26 აპრილი, პარასკევი, 2024

რა­ზე ფიქ­რო­ბენ ჩვე­ნი გო­გო-ბი­ჭე­ბი?

spot_img

ლე­ი­ლა ხო­ნე­ლი­ძე

სსიპ ქ. ფო­თის ილ. ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ვინ მოთ­ვ­ლის, რამ­დენ­ჯერ წაგ­ვი­კითხავს ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის რე­ზო ინა­ნიშ­ვი­ლის ცნო­ბი­ლი ფრა­ზა: „ლო­გინ­ში რომ წვე­ბი, თუ წუ­თით მა­ინც შე­გიპყ­რობს ფიქ­რი – სადღაც ვი­ღა­ცას სცი­ვა, სადღაც ვი­ღა­ცას ენატ­რე­ბა ლო­გი­ნი, სადღაც ავად­მ­ყო­ფი ფრინ­ვე­ლი კან­კა­ლებს ბუჩ­ქის ძი­რას, ან ცხო­ვე­ლი ილო­კავს ჭრი­ლო­ბას, უკ­ვე ადა­მი­ა­ნი ხარ!“.

ვინ მოთ­ვ­ლის, რამ­დენ­ჯერ გვი­სა­უბ­რია მათ­თან სი­კე­თის კე­თე­ბის, სხვა­ზე ზრუნ­ვის, გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბის, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის, მად­ლის ქმნის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე. რამ­დენ­ჯერ გვიმ­ს­ჯე­ლია ამ თვი­სე­ბე­ბით შემ­კულ გმი­რებ­ზე. მაგ­რამ მა­ინც, ლა­მის ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე, ვაწყ­დე­ბით მო­ზარ­დ­თა (და არამ­ხო­ლოდ!) უსულ­გუ­ლო­ბას, აგ­რე­სი­ას, ვხე­დავთ, რო­გორ ეიოლე­ბათ სხვის­თ­ვის ტკი­ვი­ლის მი­ყე­ნე­ბა, სხვი­სი დამ­ცი­რე­ბა, შე­უ­რაცხ­ყო­ფა, რო­გორ ად­ვი­ლად იმე­ტე­ბენ სხვას სიკ­ვ­დი­ლი­სათ­ვის!

ღვთის­მეტყ­ვე­ლე­ბი გვას­წავ­ლი­ან, რომ ბო­რო­ტე­ბა სხვა არა­ფე­რია, თუ არა სი­კე­თის ნაკ­ლე­ბო­ბა. ჩვენ ირ­გ­ვ­ლივ ასე გა­იშ­ვი­ა­თე­ბულ სი­კე­თეს კი ისე­თი მწერ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბიც „გა­ამ­რავ­ლებს“, რო­გო­რი­ცაა რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლი. სწო­რედ მი­სი სა­ოც­რად თბი­ლი, ფა­ქი­ზი მოთხ­რო­ბე­ბი, აკა­კი ბაქ­რა­ძემ რომ „სუ­ლის პუ­რი“ უწო­და, ხა­ტავს „სუფ­თა, კრი­ა­ლა, მზით გაბ­რ­წყი­ნე­ბულ სამ­ყა­როს, და­სახ­ლე­ბულს კე­თი­ლი, მშრო­მე­ლი, ურ­თი­ერ­თ­მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით“ (ა. ბაქ­რა­ძე). ამ სამ­ყა­რო­ში შეგ­ვიძღ­ვე­ბა მი­სი­ვე მოთხ­რო­ბაც „პა­ტა­რა ბი­ჭე­ბის ფიქ­რე­ბი“, რო­მე­ლიც კი­დევ ერ­თი დას­ტუ­რია იმი­სა, რო­გორ სურ­და მწე­რალს, უთ­ვა­ლა­ვი ფე­რის მქო­ნე სამ­ყა­რო ყო­ფი­ლი­ყო „სი­კე­თის, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის, მშვე­ნი­ე­რე­ბის, სიყ­ვა­რუ­ლის სა­უფ­ლო“ (ი. მი­ლო­რა­ვა).

ამ მოთხ­რო­ბა­ში ავ­ტო­რი შვი­დი პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნას ფიქ­რებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

◊ ვა­ნო, თა­ვად მა­მის თბილ პალ­ტო­ში გახ­ვე­უ­ლი, წვი­მა­ში აივ­ნი­დან მომ­ზი­რა­ლი, შე­ცი­ვე­ბულ ხე­ებ­ზე, თვა­ლებ­და­ნაღ­ვ­ლი­ა­ნე­ბულ ციყ­ვებ­სა და კვერ­ნებ­ზე, გა­წუ­წულ შვლის ნუკ­რებ­ზე, ქე­ჩო­ა­ჯაგ­რულ მგლის ლეკ­ვებ­ზე ფიქ­რობს და ნატ­რობს, ნე­ტა, ყვე­ლა მათ­გა­ნი შე­ა­ყუ­ჟე­ბი­ნა მა­მა­მი­სის თბილ პალ­ტო­ში გა­სათ­ბო­ბად და გა­სა­ბედ­ნი­ე­რებ­ლად.

◊ ვა­ჟას­თ­ვის მა­მის ღი­მი­ლია ყვე­ლა­ზე დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა, ჩაბ­ნე­ლე­ბულ ქვე­ყა­ნა­საც რომ გა­ა­ნა­თებს, ისე­თი.

◊ გო­გი­ას თვა­ლებ­ჩა­ბუ­რუ­სე­ბულ მო­მაკ­ვ­დავ ღვი­ნი­ა­ზე ეფიქ­რე­ბა.

◊ მა­მუ­კა მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლის ნათ­ქ­ვა­მის („თუ კარ­გად არ და­ე­უფ­ლე­ბით ჩვე­ნი მეც­ნი­ე­რე­ბის მიღ­წე­ვებს, ცხოვ­რე­ბა მატ­ლე­ბი­ვით დაგ­ს­რეს­თო“) მე­რე, თა­ნაკ­ლა­სელ ორო­სან გო­გო­ნას რომ წარ­მო­იდ­გენს, „წელ­გა­დაწყ­ვე­ტილ­სა და თა­ვა­სავ­სა­ვე­ბულს“, ამა­ზე ფიქ­რიც კი ცუ­დად ხდის.

◊ ზა­ზა ღირ­სე­ულ პა­პა­ზე ფიქ­რობს და მი­სით ამა­ყობს…

◊ რა­მაზს თვა­ლებ­ში მუდ­მი­ვად შიშ­ჩამ­დ­გა­რი დე­და ებ­რა­ლე­ბა.

◊ მეშ­ვი­დე სარ­თუ­ლი­დან მომ­ზი­რა­ლი პა­ა­ტა კი უპატ­რო­ნო ძაღ­ლ­ზე ნაღ­ვ­ლობს, წა­სას­ვ­ლე­ლი რომ არ­სა­და აქვს და წუხს, რომ ვე­რაფ­რით ეხ­მა­რე­ბა.

ად­ვი­ლი ამო­საც­ნო­ბია, რა აერ­თი­ა­ნებს ყვე­ლა ამ ეპი­ზო­დის მთა­ვარ გმირს – სწო­რედ ის, ადა­მი­ა­ნე­ბად რომ გვაქ­ცევს ხოლ­მე — სხვა­ზე ფიქ­რი, ზრუნ­ვა, სხვი­სი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც არ არ­სე­ბობს მარ­ტო ერ­თის­თ­ვის, რად­გან ადა­მი­ა­ნის ბედ­ნი­ე­რე­ბა ვერ იქ­ნე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი, თუ მის გარ­შე­მო ვინ­მეს უჭირს.

მე-7 კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში, რომ­ლის ავ­ტო­რიც ლია თუ­შუ­რია, ინა­ნიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, სა­ინ­ტე­რე­სო და­ვა­ლე­ბაც გახ­ლ­დათ შერ­ჩე­უ­ლი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის, რუბ­რი­კა­ში „ოს­ტა­ტო­ბის სკო­ლა“ – ბავ­შ­ვებს, კლა­სის არ­ქი­ვის­თ­ვის, უნ­და შე­ექ­მ­ნათ ხელ­ნა­წე­რი ჟურ­ნა­ლი „ჩვე­ნი ფიქ­რე­ბი“, უნ­და შე­ეკ­რი­ბათ თა­ნაკ­ლა­სელ­თა ფიქ­რე­ბი.

ბავ­შ­ვებ­მა სი­ხა­რუ­ლით აიტა­ცეს ეს და­ვა­ლე­ბა, ერ­თი კვი­რა „აგ­რო­ვებ­დ­ნენ“ თა­ნაკ­ლა­სელ­თა ფიქ­რებს, შემ­დეგ, რა­კი რ. ინა­ნიშ­ვილ­მა პა­ტა­რა ბი­ჭე­ბის ფიქ­რე­ბი შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა, გა­დაწყ­ვი­ტეს, თა­ვა­დაც ცალ-ცალ­კე აეკინ­ძათ თა­ნაკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნე­ბი­სა და ბი­ჭე­ბის ფიქ­რე­ბი, კვი­რის ბო­ლოს კი ორი­ვე ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თა­ვი­ან­თი ნაშ­რო­მე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თეს, ისა­უბ­რეს იმა­ზე, რა­ზე ფიქ­რო­ბენ მა­თი თა­ნა­ტო­ლე­ბი, რი­თი ჰგავს და რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა მა­თი სა­ფიქ­რა­ლი რ. ინა­ნიშ­ვი­ლის გმი­რე­ბის ან თუნ­დაც უფ­რო­სე­ბის სა­ფიქ­რალს.

ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ აღ­მოჩ­ნ­და ამ „ჟურ­ნა­ლებ­ში“. რა­კი მოს­წავ­ლე­ებ­მა თა­ვი­ან­თი სა­ფიქ­რა­ლი ჯერ ერ­თ­მა­ნეთს, შემ­დეგ კი მეც გა­მან­დეს, უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ ჩემ­თ­ვი­საც ბევრ რა­მე­ზე და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი, ზოგ­ჯერ კი მო­უ­ლოდ­ნე­ლიც იყო, რა­ზე ფიქ­რო­ბენ და რას დარ­დო­ბენ, რა უხა­რი­ათ და რა სწყინთ ჩვენს პა­ტა­რებს.

სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რია მა­თი სა­ფიქ­რა­ლი. ზო­გი აშ­კა­რად „თვალ­ყურ­მა­დე­ვა­რია“ იმი­სა, რაც მის ირ­გ­ვ­ლივ, ამ სამ­ყა­რო­ში ხდე­ბა და ამით ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლიც: „რა მშვე­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და სამ­ყა­რო ომე­ბი­სა და ბო­რო­ტე­ბის გა­რე­შე, რო­მელ­საც ათა­სო­ბით უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი ეწი­რე­ბა!“ (მე­გი).

ზო­გი სხვე­ბის ტკი­ვილ­სა და გან­საც­დელ­ზე ფიქ­რობს: „რო­ცა შენ გილ­ხინს და ამ დროს სხვას უჭირს, ამა­ზე ხში­რად ვფიქ­რობ და მე­ტი­რე­ბა. მე­ტი­რე­ბა, რო­ცა წარ­მო­ვიდ­გენ, რამ­დე­ნი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რობს ამ­ქ­ვეყ­ნად“ (ნა­ტა­ლი).

„ვფიქ­რობ გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც არა აქვთ სახ­ლი, საჭ­მე­ლი, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ცხოვ­რე­ბა. მათ ში­ათ, სწყუ­რი­ათ, სცი­ვათ, მე კი ყვე­ლა­ფე­რი მაქვს. ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, რა­ტომ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ბო­რო­ტე­ბი, მათ ხომ შე­უძ­ლი­ათ, და­ეხ­მა­რონ გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, გა­უ­წო­დონ დახ­მა­რე­ბის ხე­ლი, ამო­უდ­გ­ნენ მხარ­ში და არ და­ჩაგ­რონ ისი­ნი, არ მო­ექ­ც­ნენ მათ, რო­გორც და­ბალ ღო­ბეს. ქუ­ჩა­ში ძა­ლი­ან ხში­რად მხვდე­ბი­ან მე­ძუ­ძუ­რი დე­დე­ბი ბავ­შ­ვე­ბით ხელ­ში, რო­მელ­თაც არა აქვთ ფუ­ლი, რომ საჭ­მე­ლი იყი­დონ, ბავ­შ­ვებს გა­ნათ­ლე­ბა მის­ცენ. მათ უწევთ მათხოვ­რო­ბა და ნაგ­ვის ურ­ნებ­ში ქექ­ვა, გუ­ლი მიკ­ვ­დე­ბა, რო­ცა ამ ყვე­ლა­ფერს ვუ­ყუ­რებ, ხან­და­ხან მათ ვეხ­მა­რე­ბი, ისი­ნიც მლო­ცა­ვენ. მა­თი დახ­მა­რე­ბით მეც ვბედ­ნი­ერ­დე­ბი და მა­თაც ვა­ხა­რებ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, მაგ­რამ ამ­ვ­დ­რო­უ­ლად და­ნაღ­ვ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი, რად­გან ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ამ­დე­ნი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლია!“ (დე­მეტ­რე).

„მე ვფიქ­რობ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც სახ­ლი, კა­რი და საკ­ვე­ბი არ გა­აჩ­ნი­ათ. ვფიქ­რობ, რო­გორ უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან ამას და რო­გორ ეგუ­ე­ბი­ან ამ პი­რო­ბებს, ვფიქ­რობ უპატ­რო­ნო ძაღ­ლებ­ზე და სხვა ცხო­ვე­ლებ­ზე, თუ სად აფა­რე­ბენ თავს წვი­მი­ან და ქა­რი­ან ამინ­დებ­ში. მინ­დე­ბა ხოლ­მე და­ვეხ­მა­რო ამ ძაღ­ლებს, ზოგ­ჯერ ვეხ­მა­რე­ბი კი­დეც და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს“ (სა­ბა).

გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და ჩვე­ნი მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლე­ბი უკ­ვე ფიქ­რო­ბენ თა­ვი­ანთ მო­მა­ვალ­ზე: „ხში­რად ვფიქ­რობ ჩემს მო­მა­ვალ­ზე, ჩემს მიზ­ნებ­ზე – რა მინ­და, რომ გა­მო­ვი­დე?“ (ანა­ნო).

„ჩე­მი ფიქ­რე­ბი მუდ­მი­ვად უკავ­შირ­დე­ბა ჩემს მო­მა­ვალს, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში არ იგუ­ლის­ხ­მე­ბა შემ­დე­გი 4-5 წე­ლი, არა­მედ ის დრო, რო­დე­საც მე სრუ­ლი­ად ჩემს კა­რი­ე­რა­ზე (!-ლ.ხ.) ვიქ­ნე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მექ­ნე­ბა ჩე­მი ყვე­ლა მი­ზა­ნი – ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი მი­ზა­ნია თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­თე­მა­ტი­კი­სა და პროგ­რა­მი­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა“ (ანა).

„მი­ფიქ­რია მო­მა­ვალ­ზეც, თუ რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვალ, ასე­ვე, მა­ინ­ტე­რე­სებს, მექ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემს ახ­ლან­დელ მე­გობ­რებ­თან თუ არა“ (კა­ხი).

„ყვე­ლა­ზე ხში­რად ვფიქ­რობ ჩემს მო­მა­ვალ­ზე, თუ რო­გო­რი ვიქ­ნე­ბი, რო­ცა გა­ვიზ­რ­დე­ბი და რა პრო­ფე­სი­ას ავირ­ჩევ“ (ნი­კა).

„ჩე­მი ფიქ­რე­ბია ჩემს მიზ­ნებ­ზე – მი­ზან­ში ვგუ­ლის­ხ­მობ სა­სურ­ველ პრო­ფე­სი­ას და კარგ მო­მა­ვალს“ (თეკ­ლე).

„მე რო­ცა მარ­ტო ვარ, ყო­ველ­თ­ვის ვფიქ­რობ ჩემს მო­მა­ვალ­ზე, თუ რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი ვიქ­ნე­ბი, რო­გორ გა­ვა­ხა­რებ ჩემს მშობ­ლებს, რო­გო­რი მო­მა­ვა­ლი მექ­ნე­ბა, ვი­მე­გობ­რებ თუ არა იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც დღეს ჩე­მი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი არი­ან და რას გა­ვა­კე­თებ ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად“ (მა­თე).

მშობ­ლებ­ზეც ფიქ­რო­ბენ ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბი, მას­წავ­ლებ­ლებ­ზეც, მა­თი გა­ხა­რე­ბაც სწა­დი­ათ, უკეთ სწავ­ლაც ეოც­ნე­ბე­ბათ: „მე სულ ვფიქ­რობ იმა­ზე, რომ წელს მა­ინც უნ­და ვის­წავ­ლო კარ­გად, თა­ნაც ისე კარ­გად, რომ ჩემ­მა მშობ­ლებ­მა ჩე­მით იამა­ყონ“ (ანა­ნო).

„ყო­ველ­დღი­უ­რად ვფიქ­რობ ხვა­ლინ­დელ დღე­სა და ხვა­ლინ­დელ გეგ­მებ­ზე, სკო­ლა­ზე, გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, წი­ნა დღეს დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე და გა­ნაწყე­ნე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებ­ზე. ვფიქ­რობ იმა­ზე, თუ რას ფიქ­რო­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­გო­რე­ბი არი­ან სკო­ლის გა­რეთ და ზო­გა­დად, რა სა­დარ­დე­ბე­ლი აქვთ მათ“ (ანი).

„მე ვფიქ­რობ ჩემს ოჯახ­ზე, მათ კარ­გად ყოფ­ნა­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე, ასე­ვე, კარ­გად სწავ­ლა­სა და ნიშ­ნე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე“ (მა­რი).

„ჩემს ფიქ­რებ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად დე­და­ჩე­მია, მე ვდარ­დობ მას­ზე. რო­ცა ის ნერ­ვი­უ­ლობს, ვფიქ­რობ, რო­გორ გა­ვამ­ხი­ა­რუ­ლო“ (ნი­ნი).

„მინ­და გა­ვა­ხა­რო ჩე­მი მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­დე­ნი წე­ლია ჩემ­თ­ვის შრო­მო­ბენ“ (ლი­კა).

„მას შემ­დეგ, რაც სკო­ლა და­იწყო, ჩე­მი ფიქ­რე­ბი სკო­ლას­თან ასო­ცირ­დე­ბა, მინ­და, რომ კარ­გად ვის­წავ­ლო“ (მა­რი­ა­მი).

„მინ­და, რომ გავ­ხ­დე უკე­თე­სი, ვიდ­რე ახ­ლა ვარ, მინ­და, რომ ჩემ­მა მშობ­ლებ­მა, მე­გობ­რებ­მა, მას­წავ­ლებ­ლებ­მა ჩე­მით იამა­ყონ“ (დე­მეტ­რე).

„მინ­და ვი­ყო სა­მა­გა­ლი­თო ჩე­მი მშობ­ლე­ბის­თ­ვის“ (გაბ­რი­ე­ლი).

უამ­რა­ვი სა­ფიქ­რა­ლი აქვთ ჩვენს ბავ­შ­ვებს, ბევ­რი რა­მაა მათ ნა­წე­რებ­ში – არას­წო­რად გა­გე­ბუ­ლიც, მათ შო­რის. ში­ში­ცაა აქ, სხვა­ზე ზრუნ­ვაც, ეჭ­ვიც, სხვე­ბის პრობ­ლე­მებ­სა და გა­ჭირ­ვე­ბა­ზე ფიქ­რიც, დი­დი სიყ­ვა­რუ­ლიც, სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბაც, მშო­ბელ­თა და მას­წავ­ლე­ბელ­თა შეც­დო­მე­ბის ანა­რეკ­ლიც, უკე­თე­სად გახ­დო­მის სურ­ვი­ლიც და ბევ­რი ისე­თი რა­მაც, რო­მელ­საც ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დით: „მე­ში­ნია, რომ ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს დავ­კარ­გავ, დღეს არი­ან, ხვალ კი – აღარ. ზოგ­ჯერ მინ­და, რომ დრო შე­ჩერ­დეს. ნე­ტავ, დრო­ის მან­ქა­ნის გა­მო­გო­ნე­ბა შე­მეძ­ლოს… მათ გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე ვფიქ­რობ, ალ­ბათ, ამას­თან შე­გუ­ე­ბა ძნე­ლი იქ­ნე­ბა, ძა­ლი­ან ძნე­ლი. რო­ცა ამა­ზე ვფიქ­რობ, მინ­დე­ბა, რომ მათ­თან უფ­რო მე­ტი დრო გა­ვა­ტა­რო და არ მოვ­ცილ­დე!“ (ნი­ნო).

„რა მოხ­დე­ბა, თუ გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ბა­რე? ან თუ ვერ ჩა­ვა­ბა­რე?“ (მარ­თა).

„ბი­ჭებს ჩვენ სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვგო­ნი­ვართ, მაგ­რამ არ ვე­თან­ხ­მე­ბი!“ (ანა-მა­რია).

„ზო­გა­დად ბევრ რა­მე­ზე ვფიქ­რობ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად იმა­ზე, რომ ჩემს ქუ­ჩა­ზე ხდე­ბა ბევ­რი ავა­რია და ვფიქ­რობ, რომ ბევ­რად უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, თუ ქვე­ი­თე­ბის­თ­ვის ცალ­კე გზას გა­ა­კე­თე­ბენ და მან­ქა­ნებ­თან სი­ა­რუ­ლი არ მო­უ­წევთ“ (კა­ტო).

აი, ასე ფიქ­რო­ბენ ლი­კა, მე­გი, მა­თე, ნი­ნო, ანა­ნო, კა­ხი, ანი, მარ­თა, დე­მეტ­რე, მა­რი, გაბ­რი­ე­ლი, ნი­კა, ნი­ნი, თეკ­ლე, მა­რი­ა­მი, ანა-მა­რია,კა­ტო, ნა­ტა­ლი, სა­ბა და მრა­ვა­ლი მა­თი თა­ნა­ტო­ლი. და რო­ცა მათ ფიქ­რებს, ფურ­ც­ლე­ბის­თ­ვის გამ­ხე­ლილთ, ვეც­ნო­ბით, ვხვდე­ბით, რომ ინა­ნიშ­ვი­ლი­სე­უ­ლი სუ­ლის პუ­რი­დან ბევ­რი რამ უსაგ­ზ­ლი­ათ.

და­მოწ­მე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:
1) რ. ინა­ნიშ­ვი­ლი, „პა­ტა­რა ბი­ჭე­ბის ფიქ­რე­ბი“ (ლია თუ­შუ­რი – ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, მე-7 კლა­სი , თბ., 2019)
2) ი. მი­ლო­რა­ვა, რ. ინა­ნიშ­ვი­ლის პრო­ზის მხატ­ვ­რუ­ლი დრო და სივ­რ­ცე (კრე­ბულ­ში „მწე­რა­ლი და დრო“ (ეძღ­ვ­ნე­ბა რ. ინა­ნიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე-20 წლის­თავს), თბ.2012.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები