27 აპრილი, შაბათი, 2024

„ოლიმპიური ფესტივალი სკოლებში“ გამარჯვებულთა დაჯილდოება

spot_img

24 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, პროექტის „ოლიმპიური ფესტივალი სკოლებში“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ეს პროექტი ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ტარდება და მიზნად ისახავს, სკოლებში ფორმალური და არაფორმალური განათლების პროცესის დაგეგმვის გზით, მოსწავლეებში ოლიმპიზმის იდეების, ცხოვრების ჯანსაღის წესის პოპულარიზებას. მას ერთობლივად ახორციელებენ სეოკი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს სპორტის, ფიტნესისა და ფიზიკური განათლების ეროვნული ასოციაცია.

დაჯილდოებას ესწრებოდნენ: სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვსა და სხვა ხელმძღვანელი პირები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტის ექსპერტი, პროექტის „ოლიმპიური ფესტივალი“ ხელმძღვანელი გია ბეგიაშვილი და სპორტის, ფიტნესისა და ფიზიკური განათლების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, პარლამენტარი, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი.

სეოკ-ში გამართულ დაჯილოდებას, რომელიც, თავის მხრივ, „საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა (23 ივნისს აღინიშნება მთელ საქართველოში და წელსაც საკმაოდ პომპეზურად ჩატარდა), წინ გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა. კერძოდ, ფორმალური განათლების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა ჩართულობით, მოსწავლეები სპორტის სხვადასხვა სახეობებს გაეცნენ და თავიანთი ნამუშევრების თემად კონკრეტული სახეობა აირჩიეს – ფეხბურთი, მძლეოსნობა… შეისწავლეს კონკრეტული ტექნიკური ელემენტები. პირველ ეტაპზე, შესრულებული აქტივობების შემდეგ, ჯერ სკოლებში მოეწყო „ოლიმპიური ფესტივალი“, რომლის თეორიულ-პრაქტიკული მზადების, ასევე, ფესტივალის ორგანიზების ამსახველი მასალა მასწავლებლებმა საკონფერენციო თემად წარადგინეს რეგიონულ კონფერენციაზე. გამარჯვებულმა სკოლებმა უკვე ქვეყნის მასშტაბით გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელსაც საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ უმასპინძლა.

ამ კონფერენციაზე გამოვლინდნენ საუკეთესო სპორტის მასწავლებლები როგორც ცალკეული რეგიონების მიხედვით, ასევე ქვეყნის მასშტაბით – 3 საუკეთესო რეგიონი. 24 ივნისს, სეოკ-ში, სწორედ მათი დაჯილდოება გაიმართა. გაგაცნობთ საუკეთესოებს:

რეგიონების საუკეთესო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლები

♦ თბილისი – ქეთევან ბორაშვილი, დალი ნიკადიმოვა, თამთა დავითულიანი;

♦ აჭარა – ირინე მამალაძე;

♦ კახეთი – თამარ ელაშვილი;

♦ გურია – გიგა ფრუიძე;

♦ ქვემო ქართლი – ამირან დიდია;

♦ შიდა ქართლი – ზურაბ ჯუშოშვილი;

♦ იმერეთი – ლია ნეფარიძე, თეიმურაზ ცინცაძე;

♦ მცხეთა-მთიანეთი – ვლადიმერ უშიკიშვილი;

♦ სამცხე-ჯავახეთი – მზია კობრავა, მარინა ვოსკანიანი;

♦ აფხაზეთი – ქეთინო ტყებუჩავა;

♦ სამეგრელო – ნანა კვარაცხელია.

ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული რეგიონები

I ადგილი: შიდა ქართლი – სსიპ ქალაქ ქარელის № 1 საჯარო სკოლა, სპორტის მასწავლებელი: ზურაბ ჯუშოშვილი;

II ადგილი: აჭარა – სსიპ ქალაქ ბათუმის № 2 საჯარო სკოლა, სპორტის მასწავლებელი: ირინე მამალაძე;

III ადგილი: მცხეთა-მთიანეთი – სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლა, სპორტის მასწავლებელი: ვლადიმერ უშიკიშვილი.

ირაკლი თავაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები