6 მაისი, ორშაბათი, 2024

ნორვეგიის საელჩოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები აჭარის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური და ხარისხიანი განათლების გაუმჯობესებისაკენ მიმართულ აქტივობებს ეცნობიან

spot_img

ნორვეგიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოსა და სომხეთში მარკო სოლდიჩი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ემი ქლენსი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი აჭარის საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვივნენ, რათა ერთობლივი პროექტის – „საქართველოს ბავშვებისთვის ინკლუზიური, თანაბარი და ხარისხიანი სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემების შექმნა  განხორციელებისას მიმდინარე პროგრესს გაცნობოდნენ. პროექტს ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორობით და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიას საბავშვო ბაღში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინკლუზია ხდება, ქედისა და ქობულეთის სკოლებში კი ინკლუზიური განათლების ცენტრები შეიქმნა. ნორვეგიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოსა და სომხეთში მარკო სოლდიჩი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ემი ქლენსი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი სოფელ კვატიას საბავშვო ბაღში  აღმზრდელებსა და 5 წლის ადემს შეხვდნენ, რომელიც მუნიციპალიტეტისა და ბაღის თანამშრომლების მხარდაჭერით მაქსიმალურად არის ჩართული ბაღის აქტივობებში, ქედაში კი ინკლუზიური განათლების ცენტრი მოინახულეს და ბავშვებთან ერთად ჩაერთნენ სახელოვნებო აქტივობებში.

ასევე ესტუმრნენ ბათუმის №34 საბავშვო ბაღს, ბათუმის №3 და ქობულეთის №3 საჯარო სკოლებს ეწვივნენ, სადაც მოინახულეს ინკლუზიური განათლების სივრცეები და რესურს-ოთახები, შეხვდნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებსა და სკოლების თანამშრომლებს.

ხარისხიანი ინკლუზიური განათლება უმნიშვნელოვანესია ყველა ბავშვისთვის, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

პროექტის ერთ-ერთი ინიციატივა იყო ქედისა და ქობულეთის საჯარო სკოლებში ინკლუზიური, სკოლის შემდგომი განათლების ცენტრების ამოქმედება. ის მიზნად ისახავდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას ინკლუზიური განათლების ცენტრების დაარსებისა და კლასგარეშე პროგრამების შემუშავების გზით. კერძოდ, განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

♦ გაუმჯობესდა გარემო, სრულად გარემონტდა და  საგანმანათლებლო ინვენტარით და ზოგადად განმავითარებელი რესურსებით აღიჭურვა ინკლუზიური განათლების ცენტრები;

♦ შემუშავდა და განხორციელდა კლასგარეშე ხელოვნების(სახვითი ხელოვნების, ტექსტილის და კერამიკის) აქტივობები ბავშვებისთვის;

♦ მასწავლებლები და სკოლის პერსონალი აღიჭურვნენ ინკლუზიური სწავლებისათვის საჭირო უნარებით;

♦ მშობლებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა სასწავლო პროცესში შვილების დასახმარებლად;

♦ მიმდინარეობს თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ინკლუზიური განათლების უწყვეტი მხარდაჭერის მიზნით.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებლებმა და აღმზრდელებმა გაიარეს ტრენინგი და მიიღეს საგანმანათლებლო მასალები, რაც საშუალებას მისცემს სწავლება მოარგონ  ყველანაირი საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვს.

არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ თანამშრომლობით,  გაეროს ბავშვთა ფონდმა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების განათლებაში ჩართვის უზრუნველსაყოფად, ათ საჯარო სკოლაში რესურს-ოთახები დააარსა. ინიციატივის ფარგლებში სკოლებს გადაეცა სასწავლო მასალები, კომპიუტერული ტექნიკა და სპეციალური ავეჯი რესურს-ოთახების ფუნქციონალური გამოყენების მიზნით. მასწავლებლებსა და სპეციალურ მასწავლებლებს ასევე ჩაუტარდათ ტრენინგი განმავითარებელი და საგანმანათლებლო მასალების პრაქტიკულ გამოყენებაში ბავშვების სხვადასხვა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით. სკოლასა და მშობლებს შორის თანამშრომლობისა და სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობის პოზიტიური კულტურის დამკვიდრების მიზნით, სკოლებში ასევე დაარსდა მშობელთა კლუბები. გარდა ამისა, ინიციატივა ხელს უწყობს სკოლებსა და პროფესიული განათლების დაწესებულებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ზოგადი განათლების საფეხურიდან პროფესიული/უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის პროცესში.

ინკლუზიური და ხარისხიანი სავალდებულო განათლება შეზღუდულია ბევრი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის. სისტემის კარები ღიაა ასეთი ბავშვებისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ მასწავლებლებსა და განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებს ესაჭიროებათ ცოდნა და მხარდაჭერა, რომ სრულად დააკმაყოფილონ ამ ბავშვების მრავალფეროვანი საჭიროებები და ხელი შეუწყონ მათ სრულ მონაწილეობას სასწავლო პროცესსა და სასკოლო აქტივობებში. სკოლის შემდგომი პროგრამების არარსებობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განათლებაში სრული ჩართულობის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია.

https://uni.cf/3NzaV2O

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები