27 აპრილი, შაბათი, 2024

ნაეკის პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ონლაინ ღია კარის დღე, ელექტრონულ ფორმატში, ამჯერად, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამართა. გამოსაცდელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები შემდეგ საგამოცდო საგნებთან დაკავშირებით: ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორებისთვის; ისტორია; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; სამოქალაქო განათლება; მუსიკა; გეოგრაფია.

  1. შეუძლია თუ არა მასწავლებელს ორ გამოცდაზე დარეგისტრირება?

ყველა მსურველს უფლება აქვს, აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. ამასთან, რეგისტრაციის დროს, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილე დამატებით ვერ აირჩევს საგნის გამოცდას.

  1. ვის შეუძლია წელს მასწავლებლის გამოცდაში მონაწილეობა?

2022 წელს მსურველებს საშუალება ექნებათ, ჩააბარონ:

♦ საგნის გამოცდა;

♦ სპეციალური უფროსი მასწავლებლის გამოცდა;

♦ პროფესიული უნარების გამოცდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა, ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს, არანაკლებ, 50%-იანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე.

საგნის გამოცდაში მონაწილეობა შეზღუდული არ არის. უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მონაწილეობა პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს შეუძლიათ.

  1. ქართულში რამდენია ზღვარი მასწავლებლებისთვის?

ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება დამტკიცებისთანავე. გასულ წლებში, ყველა საგანში, ბარიერი გახლდათ საგნის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი.

  1. მხატვრული თემის წერისას სიტყვათა მაქსიმალური რაოდენობა თუ არის განსაზღვრული და რას მივაქციოთ ყურადღება?

სიტყვათა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული არ არის, შეგიძლიათ, მთლიანად შეავსოთ ის სივრცე, რომელიც პასუხების ფურცელზეა გამოყოფილი ამ დავალებისათვის. შეფასების კრიტერიუმები დაგეხმარებათ, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ამ დავალების შესრულების დროს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.

  1. ქართულში თუ ყოფილა შემთხვევა, როცა ნაშრომი განულებულა?

ნაშრომი ნულით ფასდება, როდესაც მისი მოცულობა არ აღემატება 100 სიტყვას, ასევე იმ შემთხვევაში, თუ საანალიზოდ მიცემული ტექსტი არაადეკვატურადაა გაგებული. გარდა ამისა, აკრძალულია საკუთარი სახელის, გვარის ან რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მითითება.

  1. სომხური ენის ტესტი იმავე სირთულის იქნება, რა სირთულისაც ქართულია? სად უნდა ვნახოთ პროგრამა?

დიახ, ტესტის სირთულე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ანალოგიურია. დეტალები იხილეთ ბმულზე.

  1. რა უნდა იცოდეს სომხური ენის მასწავლებელმა საგნის გამოცდის ეროვნული სასწავლო გეგმიდან?

პედაგოგი, ცხადია, უნდა იცნობდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას, მაგრამ, აღსანიშნავია, რომ არაქართულენოვანი სკოლებისთვის სპეციალური ეროვნული სასწავლო გეგმა (ცალკე აზერბაიჯანულენოვანი, ცალკე სომხურენოვანი და ცალკე რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორებისთვის) არ არსებობს, თუმცა არსებობს ზოგადი დოკუმენტი, რომელიც საერთოა საქართველოში მოქმედი ყველა სკოლისთვის.

2022 წლის საგამოცდო ტესტი მთლიანად დაეფუძნება იმ პროგრამას, რომელიც განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

  1. რომელია გეოგრაფიაში ხშირად დაშვებული შეცდომები?

♦ აპლიკანტები ხშირად, დავალების პირობასთან მიმართებით, არ აკეთებენ სწორ აქცენტ, ან დასმულ კითხვას საკუთარი ინტერპრეტაციით პასუხობენ. შედეგად, პასუხი არ შეესაბამება დავალების პირობას და აპლიკანტი ვერ იმსახურებს ქულით შეფასებას;

♦ აპლიკანტს ევალება კონკრეტულ კითხვაზე ლაკონიური და დასაბუთებული პასუხის გაცემა. პასუხში უნდა აისახოს მხოლოდ კითხვის პირობით მოთხოვნილი საკითხი. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია/განმარტება ან სხვ., რაც არ არის მოთხოვნილი კითხვის პირობით, ხშირ შემთხვევაში, შეცდომად ითვლება. როცა აპლიკანტი, სწორ პასუხთან ერთად,  არასწორ პასუხსაც მიუთითებს, შესაბამისად, ვერ იმსახურებს შეფასებას;

♦ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოცემულია გეოგრაფიის დამხმარე კრებული. კრებულში, მაგალითის სახით, მოყვანილია და დეტალურად აღწერილი აპლიკანტთა მიერ შესრულებული კონკრეტული ტესტური დავალებები და დაშვებული ტიპური შეცდომები (იხ. დამხმარე კრებული, გეოგრაფია, აპლიკანტთა ნაშრომების ანალიზი გვ.55-70).

  1. ისტორიის ტესტზე მუშაობისას რაზე გვირჩევთ ყურადღების გამახვილებას?

ყურადღებით წაიკითხეთ ტესტური დავალებების ინსტრუქცია, ეცადეთ, დასმულ შეკითხვებს კონკრეტული და ლაკონიური პასუხები გასცეთ.

  1. სამოქალაქო განათლებაში, პროგრამის გარდა, კიდევ რას შეიძლება გავეცნოთ?

ძალიან მნიშვნელოვანია, გამოსაცდელები გაეცნონ ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კრებულს, რომელშიც ასევე მოცემულია ინფორმაცია დამხმარე მასალის თაობაზე.

  1. შესაძლებელია, რომ სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში  რომელიმე საკითხი სცილდებოდეს პროგრამას?

ზოგადად ხელოვნების საგამოცდო ტესტში საკითხები არ სცილდება საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებულ მასალას. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ კითხვის საილუსტრაციოდ გამოყენებულია ხელოვნების ნიმუში, რომელიც კონკრეტულად არ არის დასახელებული პროგრამაში. ეს არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კითხვა შეეხება სახვითი საშუალების ან ხერხის ამოცნობას, ან რომელიმე სტილის, ან ეპოქის, ან კულტურის ტიპური თავისებურების შესახებ მსჯელობას. შესაბამისად, შერჩეული საილუსტრაციო მასალა ამა თუ იმ სტილის, კულტურისა თუ ეპოქის ან მიმდინარეობის ტიპური ნიმუშია. ამგვარი დავალება ცოდნის გამოყენების, დაკავშირების, ასევე აპლიკანტის აზროვნების უნარის შემოწმების შესაძლებლობას იძლევა.

  1. ისტორიის ტესტში რამდენი ღია და რამდენი დახურული დავალებაა?

ტესტში სულ 29 დავალებაა, აქედან 22 დახურულია, თუმცა დანარჩენი 7 დავალება, ჯამში, 24 ქვეკითხვას მოიცავს.

  1. მუსიკაში თუ არსებობს მოსასმენი მასალის ნუსხა, რაც გამოცდაზე იქნება წარმოდგენილი? ასევე მაინტერესებს, რომელ კომპოზიტორებს შეიძლება შეეხოს შეკითხვები თუ შეიძლება ნებისმიერს შევხვდეთ ბახიდან შონბერგამდე და რამდენი ქულა იქნება საკმარისი ზღვრის გადასალახად 70 ქულიდან?

მუსიკაში მოსასმენი მასალის ნუსხა ცალკე გამოყოფილი არ არის, მაგრამ საგამოცდო პროგრამაში ჩამოთვლილ კომპოზიტორთა სიაში მითითებული მათი სანიმუშო ნაწარმოებები მოსასმენ მასალასაც გულისხმობს.

საგამოცდო ტესტის შეკითხვები შეიძლება შეეხოს ნებისმიერ კომპოზიტორს, რომელიც საგამოცდო პროგრამაშია მითითებული.

გამოცდის ჩაბარების მაქსიმალური ქულაა 70, ხოლო მინიმალური ზღვრის გადასალახად აუცილებელია 43 ქულა.

  1. რას გვირჩევთ, სახვითი და გამოყენებითი ტესტის დახურულ დავალებებზე მუშაობის დროს, რას მივაქციოთ ყურადღება?

პასუხის გაცემამდე, დაკვირვებით წაიკითხეთ შეკითხვა; დავალებებს უპასუხეთ პირობაში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით; აუცილებლად წაიკითხეთ მოცემული ყველა სავარაუდო პასუხი, ვიდრე საბოლოო პასუხზე შეჩერდებით. შესაძლოა, სავარაუდო პასუხების ჩამონათვალში იყოს ორი, ერთი შეხედვით, სწორი/მსგავსი ვარიანტი. გახსოვდეთ, რომ ყველა შემთხვევაში მხოლოდ ერთი პასუხია სწორი. ამდენად, ყურადღება მიაქციეთ პასუხების ვარიანტებში წარმოდგენილ ყველა დეტალს, განსაკუთრებით იმ სიტყვებს, რომლებიც გამუქებული ან ხაზგასმულია.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები