27 აპრილი, შაბათი, 2024

მოსწავლეთა აღზრდა – ყურადღების ცენტრში

spot_img

„მწამს, რომ კაცობრიობის ყველა პრობლემა

აღზრდაში პოულობს გადაწყვეტას.“

რ. თაგორი

 

ამ წერილის დაწერა ერთმა შემთხვევამ მაიძულა. ამას წინათ ინტერნეტში ამოვიკითხე, რომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სკოლებში საზოგადოებრივ მეცნიერებათა სწავლების საკითხი იხილებოდა, ერთ ბიზნესმენს მაღალი ტრიბუნიდან უთქვამს: ზნეობრივი აღზრდა მხოლოდ ოჯახისა და სარწმუნოებრივი ინსტიტუტების საქმეა, სკოლის საქმე კი მოსწავლეთა მხოლოდ მეცნიერებათა საფუძვლების ცოდნით შეიარაღება და აკადემიური განათლების მიცემააო. ასეთებს რომ დავუჯეროთ, მაშინ ჩვენი სკოლა გადაიქცევა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებად და გავზრდით ე.წ. „განათლებულ უზრდელებს“. ასე უწოდებდა დიდი ჩეხი პედაგოგი იან ამოს კომენსკი იმ პიროვნებას, რომელსაც ცოდნა, განათლება აქვს, მაგრამ აღზრდა აკლია, XX საუკუნის დიდი უკრაინელი პედაგოგი ვასილ სუხომლინსკი კი – „განათლებულ ველურს“, რომელიც, მისი აზრით, ასჯერ უფრო საშიშია, ვიდრე გაუნათლებელი.

ყველა პედაგოგმა კარგად უნდა იცოდეს, რომ საზოგადოებისათვის მოზარდ თაობაში მაღალი, კეთილშობილური გრძნობების გაღვივება უფრო მთავარია, ვიდრე მისი გონების გამდიდრება ცოდნით. ამაზე მიუთითებდნენ ჯერ კიდევ კ.დ. უშინსკი, ი. გოგებაშვილი და სხვები.

სკოლა, უწინარეს ყოვლისა, ჭეშმარიტი მამულიშვილის, მაღალი ზნე-ხასიათის მატარებელი პიროვნების აღმზრდელი უნდა იყოს, რაც მარტო ცოდნის გადაცემით როდი მიიღწევა, საამისოდ მთავარია მათი აღზრდა.

საზოგადოების ისტორიული განვითარების ყველა საფეხურზე მხოლოდ ის ქვეყანა იყო ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი, რომელსაც უკეთ ჰქონდა გადაწყვეტილი მომავალი თაობის აღზრდის პრობლემა. „ის სახელმწიფოა ძლიერი, – წერდა ანტიკური ხანის დიდი მოაზროვნე არისტოტელე, – რომელიც მომავალ თაობას ზრდის თავისი პოლიტიკის სულისკვეთებით“. ციცერონის აზრით კი, „მთელი სახელმწიფოს დედაბოძს ახალგაზრდობის სწორი აღზრდა შეადგენს“. თუ როგორი იქნებიან ჩვენი შვილები და შვილიშვილები – კეთილნი თუ ბოროტნი, სასარგებლონი თუ უსარგებლონი, განათლებულნი თუ უმეცარნი – ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ერის კეთილდღეობა. ამიტომაცაა, რომ მოზარდი თაობის აღზრდას დიდი ყურადღება ექცეოდა და ექცევა ყველა დროსა და ეპოქაში, ყველა საზოგადოებრივი ფორმაციის დროს. მისი როლი კიდევ უფრო გაიზარდა თანამედროვე პირობებში, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ეპოქაში და განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, სადაც ძმა ძმას არ ინდობს, შვილი – მამას და მოკეთე – მოკეთეს, სადაც მკვლელობა, ქურდობა, ნარკომანია, ძარცვა-გლეჯა, სქესობრივი თავაშვებულობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

ყოველივე ამის თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ მოზარდი თაობის ჭაშმარიტი აღზრდით. „…ქვეყნის მყობადი მდგომარეობა დამოკიდებულია იმ მიმართულებაზედ, – წერდა ილია ჭავჭავაძე, – რომელსაც მისცემენ ახალ თაობას“. ამიტომაც „ზნე-ხასიათის წვრთნა“, ბავშვის გაადამიანება მას სკოლის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიაჩნდა.

დიდ ილიას გული სწყდებოდა იმის გამო, რომ იმდროინდელ სკოლებში (და ახლაც) მთელი ყურადღება გადატანილი იყო მოსწავლეთა ცოდნით შეიარაღებაზე და მივიწყებული იყო მათი აღზრდა, „ზნე-ხასიათის წვრთნა“. „ეხლანდელი სკოლა მარტო იმის ცდაშია, – წერდა იგი, – რომ პატარა ბავშის თავში, რაც შესაძლოა, ბევრი ცოდნა დასტიოს, ყმაწვილს ბევრი რამ ასწავლოს მარტო ცოდნისა და სწავლისათვის და არა კაცის გაადამიანებისათვის“. ამიტომ ილია მოითხოვდა სწავლებისა და აღზრდის ერთიანობას, აღმზრდელობითი სწავლების პრინციპის დაცვას. მისი სამართლიანი აზრით, „…სკოლა ერთსა და იმავე დროს უნდა სწურთვნიდეს კიდეც ბავშსა და ასწავლიდეს კიდეც. წურუთვნა და სწავლა ხელი ხელს გადაბმული უნდა ვიდოდეს სკოლაში“, წინააღმდეგო შემთხვევაში მივიღებთ „განათლებულ უზრდელს“, რომელსაც, ილიას აზრით, გაუნათლებელი, მაგრამ ზნე-ხასიათ გაწვრთნილი კაცი სჯობია.

იან ამოს კომენსკის აზრით, „მომავალი საუკუნე სწორდ ისეთი იქნება, როგორიც იქნებიან მისთვის აღზრდილი მომავალი მოქალაქეები“. მათ აღზრდაზე იქნება დამოკიდებული „ადამიანთა საქმეების გამოსწორება დედამიწაზე“. ნათქვამის საილუსტრაციოდ იგი იშველიებს პლატონის სიტყვებს: „ადამიანი არის ყველაზე უფრო მშვიდი და ყველაზე უფრო ღვთაებრივი სულდგმული, თუ იგი მოშინაურებულია ჭეშმარიტი აღზრდით; და თუ მას არ მიუღია აღზრდა, ან ყალბი აღზრდა მიიღო, მაშინ ის არის ყველაზე უფრო ველური იმ ცხოველთა შორის, რომლებსაც დედამიწა წარმოშობს“ (ი.ა. კომენსკი, დიდი დიდაქტიკა, თბ.,1949, გვ. 64).

ადამიანის ამ „მოშინაურებაში“ გადამწყვეტი როლი აღზრდას ენიჭება. ამიტომაც აღნიშნავს გამოჩენილი ფრანგი მწერალი და პედაგოგი ჟან-ჟაკ რუსო: „თუ როგორი იქნება მცენარე, მოვლაზეა დამოკიდებული, ხოლო თუ როგორი იქნება ადამიანი – აღზრდაზე“. რუსი რევოლუციონერ-დემოკრატი ბესარიონ ბელინსკი კი წერს: „აღზრდა დიდი საქმეა: ის წყვეტს ადამიანის ბედს“. მისი აზრით, არ არსებობს ისეთი ცუდი კაცი, რომელიც კარგმა აღზრდამ უკეთეს ადამიანად არ აქციოს.

ყოველ ჩვენგანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ უსულგულო, უზნეო, „უწვრთნელი“ კაცი ერის არსებობას ვერ გაახანგრძლივებს, სიცოცხლეს ვერ შეუნარჩუნებს. ამიტომ დღენიადაგ უნდა ვზრუნავდეთ მოზარდი თაობის მორალურ სრულყოფაზე, მისი ზნეობის გასპეტაკებასა და ამაღლებაზე. დიდი ილიას აზრით, „ზნეობრივი ქონებაც ისეთი აუცილებლობაა ერის მკვეთრად ფეხზე დგომისათვის და ხანგრძლივ ადამიანურ ცხოვრებისათვის, როგორც არსობითი პური. გული ამომშრალი, უმადლო, უკეთილო ერს ერად ვერ აბოგინებს“.

მოზარდ თაობაში მაღალზნეობრივი თვისებების ჩანერგვა-განვითარება ოჯახის, სკოლისა და მთელი საზოგადოებრიობის უპირველესი ამოცანაა, რაშიც გადამწყვეტი როლი სკოლამ უნდა შეასრულოს.

„1870 წელს, როცა გერმანიამ თავ-ზარი დასცა მანამდე თითქმის უძლეველს საფრანგეთსა და საცა შეხვდა, ბრე გაადინა,– წერს ილია ჭავჭავაძე, – სთქვეს, რომ გერმანიის სკოლის მასწავლებელმა სძლია საფრანგეთსა და დაამარცხაო“. დიდი ხნის წინათ, როდესაც ერთმა სახელმწიფომ მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ომი მოიგო, მისმა მეთაურმა მადლობა გადაუხადა არა მხედართმთავრებსა და ჯარისკაცებს, არამედ მასწავლებლებს, აღმზრდელებს, რამეთუ ის მხედართმთავრები და ჯარისკაცები მასწავლებლების აღზრდილი იყვნენ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქვეყნის აწმყოცა და მომავალიც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი თაობა იზრდება დღეს, რა სულიერი საგზლითა და ფიზიკური მხნეობით აღჭურვილ ახალგაზრდობას გაუშვებს ცხოვრების ძნელ გზაზე სკოლა. ამიტომ საზოგადოებისთვის სრულიადაც არ არის სულერთი რა გამოვა მოზარდისგან – პატიოსანი მშრომელი თუ ბოროტების მსახური, სამშობლოს ღირსეული შვილი თუ მისი შემარცხვენელი და თავლაფდამსხმელი.

ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს სკოლებში ნაკლები ყურადღება ექცევა მოსწავლეთა აღზრდას. ამ მიზნით ცალკეულ კლასებში მოსწავლეთა შორის ნაკლებად ტარდება აღმზრდელობითი ღონისძიებები – კონფერენციები, დილა-საღამოები, ექსკურსიები, შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან და სხვ. ეს გამოიწვია იმანაც, რომ უკანასკნელ წლებში გაუქმდა სკოლის დირექტორის მოადგილის შტატი კლასგარეშე და სკოლისგარეშე აღმზრდელობითი მუშაობის დარგში. გაუქმდა ასევე სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებები – მოწავლე ახალგაზრდობის სახლები, საბავშვო კინოთეატრები, ბიბლიოთეკები და სხვა. ზოგიერთი კლასის ხელმძღვანელი ისე წარმართავს მოსწავლეთა შორის სააღმზრდელო მუშაობას, რომ საამისოდ წინასწარ შედგენილი და სკოლის დირექტორის მიერ დამტკიცებული გეგმაც არ გააჩნია. ხშირად მოსწავლეთა შორის ესა თუ ის ღონისძიება ტარდება ღონისძიებისათვის „და არა კაცის გაადამიანებისათვის“ (ი. ჭავჭავაძე). ცხადია, ასეთ ღონისძიებას სასურველი შედეგი არ მოსდევს.

მოსწავლეთა აღზრდას ნაკლები ყურადღება ექცევა ცალკეული საგნების სწავლების პროცესშიც. მასწავლებელთა დიდი ნაწილი კმაყოფილდება მხოლოდ საგაკვეთილო თემის, მასალის გადაცემით, მოსწავლეთათვის ცოდნის მიწოდებით, ხოლო რაც შეეხება ამ მასალის მათი აღზრდის მიზნით გამოყენებას, ეს მეორეხარისხოვან ან, უკიდურეს შემთხვევაში, კლასის ხელმძღვანელის საქმედ მიაჩნიათ. ამის მიზეზია ის, რომ აღზრდის შედეგი მაშინვე არ ჩანს, ადამიანის აღზრდილობის დონის შემოწმებას ხანგრძლივი დრო სჭირდება, ზოგჯერ საერთოდ შეუძლებელიცაა, სწავლების შედეგი კი იმავე გაკვეთილზე მჟღავნდება.

სამწუხაროდ, ამ საპასუხისმგებლო მისიას ვერც სკოლის დირექტორები ართმევენ თავს. ისინი იშვიათად ან საერთოდ არ იყენებენ მოსწავლეთა მორალური ან მატერიალური წახალისების ფორმებს, როგორიცაა: მადლობის გამოცხადება (სიტყვიერად ან წერილობით, ზოგჯერ პირად საქმეში შეტანით), ფასიანი საჩუქრის გადაცემა და სხვა. ამის ძირითადი მიზეზი, ჩვენი აზრით, ისაა, რომ დღეს სკოლის დირექტორებად ინიშნებიან არაპედაგოგებიც კი, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ აღზრდასა და აღზრდის ხელოვნებაზე. სტიმულირების ანალოგიურ მეთოდებს უნდა იყენებდეს სკოლის დირექტორი მასწავლებლების მიმართ.

აქვე უნდა აღინიშნოს სკოლისა და ოჯახის ურთიერთშეთანხმებულ მუშაობაზე. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, მარტო სკოლა ვერ გადაწყვეტს მასზე დაკისრებულ ამოცანებს, თუ მასთან მჭიდრო კავშირში არ იქნება ოჯახი, სადაც საფუძველი ეყრება ბავშვის აღზრდას. ეს პრობლემა ყოველთვის იყო და არის სკოლისა და ოჯახის ერთობლივი საზრუნავი. მხოლოდ მათი ერთიანი, შეთანხმებული მუშაობითაა შესაძლებელი ერისა და ქვეყნისათვის სასურველი მომავალი თაობის აღზრდა. ამიტომ დღევანდელი სკოლის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა მშობლებთან და მთელ საზოგადოებასთან იმ მჭიდრო კავშირ-ურთიერთობის აღდგენა, რაც მათ შორის ადრე არსებობდა. „დროა, მშობლებმაც და მასწავლებლებმაც ღრმად შეიგნონ, – წერდა ვ. სუხომლინსკი, – რომ არც სკოლას ოჯახის გარეშე და არც ოჯახს  სკოლის გარეშე არ შეუძლია თავი გაართვას ადამიანის ჩამოყალიბების უსათუთეს და ურთულეს ამოცანას. ჯერჯერობით კი გამოდის, რომ ოჯახიცა და სკოლაც ზრდიან ბავშვებს ისე, როგორც მათ ესმით“. ამიტომაც საჭიროა, გამოინახოს სკოლისა და ოჯახის თანამშრომლობისა და მათ მიერ მოსწავლეებისადმი ერთიანი მოთხოვნების წაყენების ეფექტური გზები და საშუალებანი, რაზეც დიდად იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი და თითოეული ოჯახის კეთილდღეობა.

მაგრამ უკანასკნელ ხანებში, კერძოდ, მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყანა დაადგა დამოუკიდებელი განვიათარების გზას, სიტყვა „აღზრდა“ თითქმის მივიწყებას მიეცა. იგი შემორჩა მხოლოდ იმათ მეხსიერებას, ვისაც სჯეროდა და სჯერა აღზრდის უდიდესი გამაკეთილშობილებელი როლისა, ვისაც აღზრდა მიაჩნია არა მარტო თავის პროფესიულ, არამედ მორალურ მოვალეობად და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. უნებლიეთ გვაგონდება ბესარიონ ბელინსკის სიტყვები: „აღზრდა! ის ყველგანაა, საითაც კი გაიხედავთ, და ის არსად არ არის, სადაც კი მიმოიხედავთ“.

მუდამ უნდა გვახსოვდეს რუსული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის კ.დ. უშინსკის სიტყვების მნიშვნელობა: „მოვა დრო, თუმცა, შესაძლოა არც ისე მალე, როცა ჩვენი შთამომავალნი გაკვირვებით მოიგონებენ, თუ რა დიდხანს უგულებელვყოფდით აღზრდას და რამდენი ტანჯვა გამოვიარეთ ამ დაუდევრობის გამო“. დიდი კლასიკოსი პედაგოგის ეს სიტყვები ყურად უნდა იღოს ყველამ, ვინც მოზარდი თაობის აღზრდის ურთულეს და უკეთილშობილეს საქმეს ემსახურება და იმანაც, ვისაც ამ საქმის მოწოდების სიმაღლეზე დაყენება ევალება.

ნოდარ ბასილაძე

პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები