2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ 400 ქართულენოვანი სკოლის II-III-IV კლასებში, ახალი საგნის – „კომპიუტერული ტექნოლოგიების“ პილოტირება დაიწყო. რა პრინციპებს ეფუძნება სკოლებში „კომპიუტერული ტექნოლოგიების“ სწავლება და როგორ წარიმართება დანერგვის ეტაპები – დეტალებზე გვესაუბრება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტი ალექსანდრე ასათიანი.
– ბატონო ალექსანდრე, მიმდინარე სემესტრში, შერჩეულ სკოლებში, დაწყებით საფეხურზე ახალი საგანი – კომპიუტერული ტექნოლოგიები შევიდა. ხომ არ განაპირობა საგნის განახლებული სახელწოდებით სწავლება პანდემიით შექმნილმა მდგომარეობამ?
– დიდი ხანია, რაც ამ საგანზე დაიწყო საუბარი. ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება და ასეთი ტერმინიც გაჩნდა: კომპიუტერული წიგნიერება. თუკი ადრე, იმისთვის, რომ ადამიანს სამსახური დაეწყო, პროფესიული უნარების ცოდნის გარდა, მოეთხოვებოდა წიგნიერება (თავისთავად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია), დღეს, პროფესიულ უნარებთან ერთად, უნდა ფლობდეს კომპიუტერულ უნარებსაც, რადგან სულ უფრო და უფრო ცოტა პროფესია რჩება, სადაც კომპიუტერის ცოდნის გარეშე შესაძლებელია, დასაქმდეს ადამიანი. აქედან გამომდინარე, როგორც გითხარით, ამ საგნის სკოლებში დანერგვაზე კარგა ხანია მიდის საუბარი, უბრალოდ, პროცესი პანდემიამ დააჩქარა, ძალიან ბევრი სკოლა, ქვეყნის მასშტაბით, გარკვეული პერიოდი, მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. გაჩნდა კითხვები: თუკი კომპიუტერულ ტექნლოგიებთან დაკავშირებული საგანი – ისტ – მეხუთე-მეექვსე კლასებში ისწავლება, რატომ არ შეიძლება ვასწავლოთ მეორე, მესამე და მეოთხეკლასელებს და გამოვუმუშაოთ მათ დისტანციურ გაკვეთილთან დაკავშირებული უნარები. ამიტომაც გადაწყდა, რომ შემოვიტანოთ ახალი საგანი – კომპიუტერული ტექნოლოგიები დაწყებით საფეხურზე. ფაქტობრივად, ეს იგივე საგანია, რაც ისტი (ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, რომელიც აქამდე ისწავლებოდა მეხუთე-მეექვსე კლასებში), მხოლოდ სახელი შევუცვალეთ, რადგან მშობლებისთვის ცოტა რთულად გასაგები იყო და გვჭირდებოდა ახსნა, თუ რა მოიაზრებოდა ამ საგნის ქვეშ. ამიტომ დავარქვით საგანს კომპიუტერული ტექნოლოგიები. ახლა, მეტად ცხადია, რას მოიცავს საგანი, რომელიც სკოლებში შემოდის. ჯერეჯერობით, ისევ შემორჩენილია საგანი ისტ-ის სახელწოდებით ზედა კლასებში, თუმცა, საბოლოოდ, დარჩება ერთი სახელწოდებით და ეს იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიები.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს საგანი არის ისტ, ჩვენ ზევით კი არ წავედით და გავართულეთ, არამედ, პირიქით, ქვედა კლასებში ჩამოვედით და უფრო გავამარტივეთ, რადგან, დაბალ საფეხურზე სწავლება, თავისთავად უფრო მარტივია. მართალია, რამდენიმე ახალი საკითხი შევიდა, მაგალითად, როგორიც არის ვიზუალური პროგრამირება, თუმცა, არც ვიზუალური პროგრამირებაა ის საკითხი, რაც ჩვენს სისტემაში არავის გაუგია.
საგნის სწავლების ეტაპები ასე გაიწერა: 400 სკოლა საპილოტე რეჟიმში ჩაერთო, სექტემბრიდან მათ დანარჩენი ქართულენოვანი სკოლები დაემატება და ბოლო ეტაპზე, დავიწყებთ მუშაობას არაქართულენოვან სკოლებშიც.
– ექსპერტის შეაფასებით, რა მდგომარეობაა კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნის მხრივ მოსწავლეებში, აღმოჩნდნენ თუ არა ისინი მზად დისტანციურ სწავლებაზე გადასართველად?
– ვფიქრობ, უფრო მეტად მშობლები არ აღმოჩნდნენ მზად ამისთვის, რადგან დღევანდელ რეალობაში ბავშვი სიარულს, ლაპარაკს და კომპიუტერთან მუშაობას/ურთიერთობას ერთდროულად სწავლობს. ანუ შემცირდა ის ასაკი, როცა ადამიანი იწყებს თვითგანათლებას. ბავშვების ნაწილმა, პირველ კლასში რომ მოდის, შეიძლება იცოდეს წერა, ვიღაცამ მათემატიკის საწყისები, გეომეტრიული ფიგურები ან ინგლისური ენა, უბრალოდ, მათი ცოდნა არის არათანაბარი და არასისტემური. ამ საგანმა კი, პრინციპში, ეს ფრაგმენტული და არასისტემური ცოდნა უნდა გაამთლიანოს და სწორი მიმართულება მისცეს მათი განვითარებისთვის. რასაკვირველია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა პროგრამისტი უნდა გაიზარდოს, როგორც მათემატიკას და ფიზიკას სწავლობს ადამიანი სკოლაში, ითვისებს იმ საჭირო და აუცილებელ უნარებს, რომელსაც შემდეგ გამოიყენებს ცხოვრებაში, სწორედ ამ მიზნით და მიმართულებით უნდა ისწავლონ ეს საგანიც, მნიშვნელობა არ აქვს რა პროფესიას აირჩევენ მომავალში. მთავარია, ის ძირითადი უნარები შეიძინონ, რომელსაც ცხოვრებაში, მიუხედავად პროფესიისა, მნიშვნელოვნად გამოიყენებენ. ალბათ ძნელად წარმოსადგენია ექიმი კომპიუტერის გარეშე. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ექიმს კომპიუტერი ჩაანაცვლებს, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ ტექნოლოგია იქნება ის ინსტრუმენტი, რომელიც მეტ შესაძლებლობას მისცემს მას იმუშაოს სრულყოფილად. მართლა მიჭირს დღვანდელობაში ისეთი პროფესიის დასახელება, სადაც კომპიუტერს არ გამოიყენებენ, მანქანის ხელოსანიც კი აქტიურად იყენებს მას. საგნის შემოტანაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება – მცირე ასაკიდანვე გაამთლიანოს ბავშვებში თვითგანათლებით მიღებული არათანაბარი ცოდნა. ერთმა უცხოელმა კოლეგამ, რომელიც მსოფლიო ბანკში მუშაობს, მითხრა, რომ საქართველოში ტექნოლოგიებისა და მასზე ხელმისაწვდომობის მხრივ არ ხართ ცუდ პოზიციაშიო და ასეთი მაგალითი მოიყვანა, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე რეგიონების სკოლის მოსწავლეებს დაუსვა კითხვა: თუ არის თქვენ შორის ვინმე, ვინც ინტერნეტში არასდროს შესულა? აღმოჩნდა, რომ ხელი არავინ აიწია. შემდეგ ჰკითხა, ასეთ თანატოლს თუ იცნობდნენ, არც ასეთი ნაცნობი აღმოაჩნდათ ამ ბავშვებს. ამას იმიტომ გიყვებით, რომ ტექნოლოგიებთან ურთიერთობის ელემენტარული ცოდნა და წვდომა აქვთ მოსწავლეებს, ახლა მნიშვნელოვანია, მასზე დავაშენოთ საბაზისო ცოდნა – ტექნოლოგიების სწორად გამოყენების უნარები და ა.შ. დღეს იმაზეც აქტიურად მიდის საუბარი, რომ პანდემიასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა გაამძაფრა ბავშვების ტექნოლოგიებთან ურთიერთობა – ბევრ დროს ატარებენ კომპიუტერთან. რა თქმა უნდა, აუცილებელია ზომიერების დაცვა, უბრალოდ, კომპიუტერთან გატარებული დრო სასურველია სასარგებლოდ გამოვაყენებინოთ.
– საინტერესოა მასწავლებლების შეფასებაც. რა საჭიროებები იკვეთება და რა ხელშეწყობა აქვს მასწავლებლებს რომ განვითარდნენ ამ მიმართულებით?
– ერთი პრობლემა იყო ის, რომ ვინაიდან საგანი მხოლოდ ორ კლასში ისწავლებოდა, საათების რაოდენობაც ცოტა იყო, მასწავლებელი მთელ დროს მხოლოდ ამ საგნის სწავლებას ვერ უთმობდა. რა თქმა უნდა, იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მხოლოდ ამ საგანს ასწავლიდნენ, მაგრამ, ძირითადად, როგორც წესი, ისტ-ის სწავლება შეთავსებული ჰქონდათ მასწავლებლებს. ახლა საათების რაოდენობა გაიზარდა და გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მთელი დრო ამ საგნის სწავლებას დაუთმონ, შესაბამისად, მეტი დრო დაუთმონ ამ მიმართულებით განვითარებას. ცხადია, მასწავლებელთა განვითარებისთვის იგეგმება ტრენინგები და ვებინარები. ასევე, გამოცდების ეროვნული ცენტრი შეიტანს მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდებში მთელ რიგ საკითხებს ამ მიმართულებით, რაც ბუნებრივია, რადგან ეს თანმდევი პროცესია.
– პილოტირების რეჟიმში, ვინ ასწავლის საგანს – სპეციალურად ამ საგნის მასწავლებლები თუ დაწყებითების მასწავლებლებიც შეითავსებენ ახალი საგნის სწავლებას?
– ასეთი ვითარება გვაქვს – რადგან საგანი ისევ ისტ-ია, 2019 წელს გაკეთებული ჩანაწერის თანახმად, პირველ რიგში, საგნის საათები გადაეცემა იმ მასწავლებლებს, რომლებიც უშუალოდ ამ საგანს ასწავლიან, ანუ ისტ-ის მასწავლებლებს. თუ მათი საათობრივი ბადე შევსებულია, მაშინ სკოლა საათებს გადაუნაწილებს საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებს -ფიზიკის და მათემტიკის მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, ასწავლონ კომპიუტერული ტექნოლოგიები.
– საგნის პილოტირება დაიწყო „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ ქართულენოვან 400 სკოლაში. როგორია გეგმა – რამდენ ხანს გაგრძელდება საპილოტე რეჟიმი და როდის შევა დანარჩენ სკოლებში?
– სექტემბრამდე საგანი არ არის სავალდებულო სხვა სკოლებისთვის. თუმცა, მიუხედავად ამისა, არიან სკოლები, რომლებმაც თავიანთ სკოლებში ამ საგნის სწავლების სურვილი გამოთქვეს. მიმდინარე სემესტრის განმავლობაში, „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული ქოუჩები, კვირაში ორჯერ, გამართავენ ვებინარებს, რომელზე დასწრებასაც შეძლებენ მსურველი მასწავლებლები, ისინი, ვინც ტექნოლოგიებთან ან კონკრეტულად საგანთან არიან დაკავშირებული. პროცესი უკვე დაწყებულია. ამ მიმართულებით გარკვეულ აქტივობებს მასწავლებელთა სახლიც გეგმავს. სექტემბრამდე ეს იქნება ღია ტრენინგები, ხოლო სექტემბრიდან საგნის სწავლება უკვე ყველა სკოლისთვის სავალდებულო გახდება.
– იქნება თუ არა კიბერუსაფრთხოება ერთ- ერთი მნიშვნელოვანი თემა/ მიმართულება ახალი საგნის სწავლებისას?
– რა თქმა უნდა, უსაფრთხოების თემა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ახალ საგანშიც აისახება. პირველ ეტაპზე, ყველა ვცდილობდით, გვეპოვნა ის შესაძლებლობები და სწორად გამოყენების წესები, რომელსაც დისტანციური სწავლება იძლევა. ფაქტობრივად, გაჩნდა ახალი სივრცე, რომელიც თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მახსენდება, საქართველოს თავდაცვის კონცეფციაში, 2008 წლის ომის შემდეგ, როგორ გაჩნდა ვირტუალური სივრცე. ანუ ქვეყანამ, როცა სამხედრო პრობლემა შეექმნა, თქვა, რომ უნდა გვქონდეს გეგმა გაწერილი როგორ ვიცავთ სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო სივრცეებს და როგორ ვიცავთ ელექტრონულ/ვირტუალურ სივრცეს, იმიტომ, რომ ის ჩვენი ნაწილია და უამრავი რამ დამოკიდებულია მასზე. ასევე საგანმანათლებლო სივრცეშიც გაჩნდა ვირტუალური სივრცის აუცილებლობა, რომელსაც, ბუნებრივია, თანმდევი პრობლემებიც მოჰყვება – როგორ დავიცვათ წესრიგი, როგორ ავუხსნათ ეს ყველაფერი ბავშვებს, მაგალითად, კლასში თუ იცელქებს, გასაგებია, ამის შესახებ ვესაუბროთ, მაგრამ ინტერნეტში თუ იცელქებს, მისთვის ცოტა გაუგებარია, რა ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს ეს. ამიტომ, ამ მიმართულებით, უამრავი თანმდევი საკითხი იქნება გათვალისწინებული ახალი საგნის ფარგლებში.
საგანი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება – პირველი არის საკუთრივ ტექნლოგიები, ანუ პროგრამირების საწყისები და ა.შ. მეორე – ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, რაც პროგრამების სწორად არჩევას და მათში სწორად მუშაობას გულისხმობს. მესამე არის ციფრული მოქალაქეობა – რა უფლებები მაქვს მე, როგორ დავიცვა სხვისი უფლებები, უსაფრთხოება – რა არის პაროლი, როგორი უნდა იყოს პაროლი და ა.შ. ამდენად, რა თქმა უნდა, კიბერუსაფრთხოება იქნება ახალი საგნის ერთ-ერთი კომპონენტი.
– რადგან ჯერჯერობით სახელმძღვანელო არ არსებობს, როგორ უნდა ასწავლონ სკოლებში ახალი საგანი?
– ამ საგანში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლება ორიენტირებული იყოს პროექტზე. მე ისეთი გაკვეთილიც მინახავს კომპიუტერულ ტექნოლოგიაში, როცა მოსწავლე დაფასთან გამოდის და გვიყვება, როგორ გააბოლდოს ტექსტი. არადა, დეკლარაციული ცოდნა, ამ შემთხვევაში, სულაც არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, ბავშვმა შეძლოს კეთება. ამიტომ საჭიროა, მასწავლებლებმა მოსწავლეები პროექტებზე ამუშაონ, რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელმა მისცეს დავალება: აკრიფე ტექსტი კომპიუტერში, რომელიც იქნება ამა და ამ ზომის, გააბოლდე, სათაურს მიეცი ესა და ეს ზომა და ა.შ., შემდეგ შეაფასოს. სწორედ ამ გზით გამოჩნდება, რა და როგორ გაიგო მოსწავლემ. აქედან გამომდინარე, მასწავლებლებისთვის მომზადებული გვაქვს საპროექტო დავალებების ბანკი და ვაგრძლებეთ ამ მიმართულებით მუშაობას. მიზანი ის არის, რომ, იდეალურ შემთხვევაში, შეიძლება რომელიმე მასწავლებელმა გორიდან ნახოს თელავის მასწავლებლის მიერ მომზადებული/ შემუშავებული საპროექტო დავალება და თქვას: ეს საინტერსოა და ჩემს მოსწავლეებთან მეც გამოვიყენებ, გადავაკეთებ და მოვარგებ ჩემს კლასს. ჩვენ გვავიწყდება, რომ მასწავლებლის პროფესიაც ისეთივე შემოქმედებითია, როგორც მხატვრის ან მუსიკოსის პროფესია. მუსიკოსსაც სჭირდება სახელმძღავნელო, მაგრამ რაც უნდა კარგად დაუწერო მას სახელმძღვანელოში, როგორი უნდა იყოს რითმების მონაცვლეობა ან როგორი ნოტი გამოიყენოს, თუ შემოქმედებითად არ მიუდგა, შეიძლება ყველა წესის დაცვით შექმნილი ნაწარმოები სულაც არ გამოუვიდეს კარგი. ამიტომ მასწავლებლებსაც უნდა ჰქონდეთ შემოქმედებითი თავისუფლება, მან კლასს, თავის მოსწავლეებს უნდა მოარგოს პროექტი. რასაკვირველია, სახელმძღვანელოც დაიწერება, მაგრამ, პირველ ეტაპზე, ჩვენ აქცენტს პროექტებით/კეთებით სწავლებაზე ვაკეთებთ.
– სექტემბრიდან საგანი ყველა სკოლისთვის გახდება სავალდებულო, თუმცა, სავარაუდოდ, იქნება სკოლები, სადაც, ტექნიკური ბაზის არქონის გამო, ფიზიკურად გართულდება საგნის დანერგვა. ამ მიმართულებით რას გეგმავთ?
– მსოფლიო ბანკის პროქტის ფარგლებშიც აღნუსხულია ტექნიკის ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც სკოლას აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ამ საგნის გარდა, როგორც იცით, სავალდებულო ხდება ელექტრონული ჟურნალის წარმოება. მასწავლებელმა ხომ უნდა შეძლოს სკოლაში ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეყვანა, ამისთვისაც აუცილებელია სკოლის ტექნიკით აღჭურვა. ეს საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროცესია. იმედია, ნელ-ნელა კომპიუტერებით სკოლის აღჭურვის პროცესი კომპიუტერულ კლასებამდე მიგვიყვანს. ბევრ სკოლაში კომპიუტერული კლასი აღქმულია, როგორც კლასი, სადაც ზარი რომ დაირეკება, ბავშვები გადაინაცვლებენ სივრცეში, სადაც ტექნოლოგიებით მუშაობას შეძლებენ. საქართველოშიც გვაქვს ასეთი სკოლები. დამერწმუნებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სივრცეების გაჩენა, განსაკუთრებით იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სახლში არ აქვთ კომპიუტერი. თუმცა, ეს ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეტაპობრივად, უცხოელი პარტნიორების დახმარებით, შევძლებთ, მარტო ამის გაკეთება ძალიან გაგვიჭირდება.
– რას მოგვცემს ახალი საგნის სწავლება?
– ჩემი აზრით, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ვიყოთ მხოლოდ ტურისტული სერვისის მიმწოდებელი ქვეყანა (თუმცა, რასაკვირველია, ეს უმნიშვნელოვანესია და ძალიან გვეხმარება ამ ეტაპზე), არამედ გავხდეთ ქვეყანა, სადაც გვეყოლებიან ადამიანები, რომლებიც მომავალში რაღაც ახალს შექმნიან. საბედნიეროდ, ამის მაგალითები გვაქვს. ვინაიდან ტექნოლოგიები სულ უფრო ახალ მნიშვნელობას იძენს, აუცილებელია სწორედ დღევანდელ მოსწავლეებში აღმოვაჩინოთ „მომავლის ადამიანები“ და დავეხმაროთ განვითარებაში, მით უფრო, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა გვჭირდება. თუკი ადრე ქვეყნის სიძლიერედ ბუნებრივი რესურსები მიიჩნეოდა, ახლა ქვეყნის მთავარი სიმდიდრე მცოდნე ადამიანები უნდა გახდნენ. სწორედ ტექნოლოგიებია ერთ-ერთი მიმართულება, რაც, ამ კუთხით, სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ახალგაზრდა ადამიანები ხშირად ირჩევენ ფაკულტეტებს, მაგალითად, ბიზნესის მიმართულებით, რომელიც ძალიან რთული გზაა იმისთვის, რომ შენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გახვიდე, ტექნოლოგიების მიმართულებით კარგი ცოდნა კი, ხსნის ამ სირთულეს. დღეს უამრავი ახალგაზრდა დისტანციურადაც კი მუშაობს უცხოეთის ქვეყნებში. ამიტომ, ჩვენ უნდა მივცეთ მოსწავლეებს შესაძლებლობა, განვითარდნენ იმ მიმართულებით, რომელიც უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის მათ საერთაშორისო ასპარზზე.
– ფიქრობთ თუ არა, რომ მიუხედავად ბევრი პრობლემისა და გამოწვევისა, დისტანციურ სწავლებას თავისი პლუსებიც ჰქონდა?
– ყველაფერს აქვს ორი მხარე და დისტანციური სწავლებაც მოიტანს ბევრ დადებითს. პანდემიის პერიოდში მთელი ქვეყანა, ვისაც სახლში ბავშვი ჰყავს, სწავლობდა რა არის ექაუნთი, როგორ უნდა დააყენოს პაროლი, მერე როგორ უნდა შევიდეს. სხვათა შორის, ქართულ ბანკებს ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით – ხშირად, ინტერნეტბანკში შესვლისას, მხვდება წერილი – გაუფრთხილდით თქვენს ექაუნთს, სხვას არ მისცეთ თქვენი პაროლი … ეს სწორედ იმის შედეგია, რომ ბევრ ადამიანს არ აქვს სწორი აღქმა, როგორ მოიქცეს ელექტრონულ სივრცეში, რადგან არ ჰქონდა ასეთი აქტიური შეხება. ახლა მთელი ქვეყანა ვსწავლობთ როგორ ვიმოქმედოთ ონლაინ სივრცეში. გარკვეულწილად, ესეც დადებითი შედეგია.
ესაუბრა ლალი ჯელაძე