27 აპრილი, შაბათი, 2024

კვლევის შესახებ

spot_img

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი გახლავთ, რომლის მიზანია საგანმანათლებლო სივრცეში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ძირეული აღმოფხვრა, ასევე, პედაგოგების პროფესიული ზრდა და მათი პრაქტიკის გაუმჯობესება.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის სტრუქტურა საკმაოდ რთული და მრავალფეროვანია, რაც, მასწავლებლების მხრიდან, მოითხოვს შესაბამის ცოდნას, საკუთარი სწავლების კრიტიკულ შეფასებას, ანალიზის უნარსა და ეთიკური სტანდარტებით მუშაობას.

პრობლემის იდენტიფიცირება სამოქმედო კვლევის პირველ ეტაპს წარმოადგენს, სადაც მასწავლებლები საკუთარ პრაქტიკაში არსებულ პრობლემას გამოყოფენ და დამოუკიდებლად იწყებენ მის მოგვარებას, თუმცა, ხშირად, უჭირთ კვლევის ჩატარება, რადგან თვლიან, რომ მათ ამის კომპეტენცია არ აქვთ. პრაქტიკის კვლევა კი არ არის მოწყვეტილი მასწავლებლების სამუშაო პრაქტიკას, აქედან გამომდინარე, პედაგოგების მხრიდან საკუთარ საქმიანობაზე დაკვირვება სწავლა სწავლების პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

როგორც კი კვლევის პრიორიტეტული სფერო განისაზღვრება, მასწავლებელი იწყებს მონაცემების შეგროვებას, ფოკუს ჯგუფზე რეგულარული დაკვირვების პარალელურად, რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით: ეს შეიძლება იყოს: ინტერვიუ, ვიდეო და აუდიოჩანაწერების გაკეთება, ანკეტირება, ასევე, სიტუაციების დეტალური აღწერა, თვითშეფასება და ყველა არსებული დეტალის კრიტიკული განხილვა. ჰიპოთეზების ფორმულირებასა და თეზისის ჩამოყალიბებას მონაცემთა ანალიზი და დამუშავება მოსდევს, როდესაც მკვლევარი მასწავლებელი აკეთებს აღმოჩენებს, ადგენს კონკრეტული ქცევის გამომწვევ მიზეზებს, ითავისებს დადებით და უარყოფით ასპექტებს და, სასურველი შედეგის მისაღებად, შესაბამის ინტერვენციებს ახორციელებს. ამ პროცესში პედაგოგი სვამს შეკითხვას, რა გავლენას მოახდენს მის მიერ განხორციელებული ქმედებები პრობლემის გადაჭრაზე და რამდენად ეფექტიანი შეიძლება აღმოჩნდეს მისი მიგნებები. ამ დროს მას კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა და მოვალეობები. პედაგოგის პროფესიული პროგრესისთვის, ვფიქრობ, ყველაზე ეფექტიანი ფაზა პრობლემაზე ორიენტირებული ლიტერატურის მოძიება, შესწავლა და ანალიზია, რის საფუძველზეც მასწავლებელი კონკრეტულ დასკვნებს აკეთებს და კვლევას მეტად ორგანიზებულს ხდის.

რაც შეეხება კვლევის ანგარიშს, მოცემულ პროცესში განსაკუთრებით საყურადღებოა დოკუმენტის სტილის დაცვა და მისი აკადემიურობა. ანგარიშის წერისას, აუცილებელია სტრუქტურის დაცვა, სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს: შესავალი ნაწილი, კვლევის პროცესში გამოყენებული მეთოდები, შედეგები და დასკვნა. იმ შემთხვევაში, თუ თანმიმდევრობა დაცული არ იქნება, კვლევის ეტაპებს შორის ლოგიკური ბმა გაწყდება და არათანმიმდევრულ და არალოგიკურ დოკუმენტს მივიღებთ.

მოდი, განვიხილოთ თითოეული ელემენტის მიზანი:

⇔ შესავალი

არ უნდა იყოს ზედმეტად ფართო, ვინაიდან ავტორი ვერ შეძლებს სათანადო თეზისის ჩამოყალიბებას, ამასთანავე, არც ზედმეტად ვიწრო, რადგან გაუჭირდება მის დასასაბუთებლად საკმარისი მასალის მოძიება. პრობლემის დასმის შემდეგ იწყება ლიტერატურის მიმოხილვა, რომლის მიზანია წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით არსებული ნაშრომების ანალიზი. რაც უფრო სრულყოფილია ლიტერატურის მიმოხილვა, მით უფრო სანდოდ და დასაბუთებულად ჩაითვლება მოწოდებული ინფორმაცია. ნაშრომის ავტორი ყველაზე ღირებულ წყაროებს უნდა დაეყრდნოს, რომელთა სიას მიეკუთვნება სტატიები, სამეცნიერო ჟურნალები, დისერტაციები, მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები.

⇔ მეთოდები

მეთოდების სექციის მიზანია, გვაცნობოს რა მეთოდები იქნა გამოყენებული კვლევის წარმოებისას – რაოდენობრივი თუ თვისებრივი. აქვე ვიგებთ ვინ არიან კვლევაში მონაწილე ადამიანები და როგორ მოხდა მათი კვლევაში ჩართვა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია საკვლევი გარემოს აღწერაც, რაზეც ხშირად დამოკიდებულია კვლევის მონაცემების სანდოობა.

⇔ შედეგები

შედეგების ნაწილში მკვლევარმა უნდა წარმოადგინოს მიღებული მონაცემები ცხრილების, დიაგრამებისა და გრაფიკების სახით.

კვლევის ანგარიშში, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ბიბლიოგრაფია, სადაც მკვლევარმა მასწავლებელმა უნდა მიუთითოს მის მიერ გამოყენებული ყველა წყარო, დანართის სახით კი, კვლევის ანგარიშის საილუსტრაციო მასალა და მნიშვნელოვანი მონაცემები (უმეტესად, ცხრილების/გრაფიკების სახით).

⇔ დასკვნა

მას შემდეგ, რაც მკვლევარი შედეგების სექციაში მონაცემების ანალიზს წარადგენს, მან მოკლედ უნდა შეაფასოს ნაშრომი და გააკეთოს ძირითადი დასკვნები.

ზოგადად, კვლევის ანგარიშის დასკვნა სამი ეტაპისგან შედგება:

♦ საკვლევი სივრცის გამთლიანება;

♦ მოცემული კვლევის შეზღუდვების ჩვენება;

♦ მომავალი კვლევისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მითითება.

სარჩევში შეიძლება ზემოთ მოყვანილი ოთხი სექცია ქვესექციებად იყოს ჩაშლილი. კვლევის ანგარიშის სარჩევი წარმოადგენს თავებისა და ქვეთავების ჩამონათვალს, სადაც ნაშრომის შინაარსი თანმიმდევრობით, გვერდების მითითებით უნდა იყოს წარმოდგენილი. მაგალითად:

♦ აბსტრაქტი

♦ შესავალი

♦ ლიტერატურის მიმოხილვა

♦ კვლევის მეთოდები

♦ კვლევის ეტაპების აღწერა

♦ განხორციელებული ინტერვენციები და შედეგები

♦ კვლევის შედეგები

♦ ძირითადი მიგნებები

♦ რეკომენდაციები

♦ ბიბლიოგრაფია

♦ დანართები

მას შემდეგ,რაც მკვლევარი პედაგოგი კვლევას დაასრულებს, ის აკეთებს თავისი ნაშრომის პრეზენტაციას, რომლის დროსაც უნდა გაითვალისწინოს მსმენელი და ე.წ. თხრობის მანერა, შეძლებისდაგვარად, მოარგოს მათ ინტერესებს. ლექსიკა ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, ხოლო კვლევის ანგარიში – საინტერესოდ წარმოდგენილი. მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი ნაშრომები გამოაქვეყნონ როგორც სასკოლო, ასევე ნებისმიერ საგანმანათლებლო სივრცეში და, საკუთარი პრაქტიკის გაზიარებით, დაეხმარონ ყველა დაინტერესებულ მასწავლებელს სკოლის შიგნით არსებული აქტუალური პრობლემების ეფექტურად მოგვარებაში

სოფიკო მეფარიშვილი
სსიპ თბილისის №218 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

ნანა ფილფანი
მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
გამოყენებული ლიტერატურა:
  1. წულაძე ლ. (2008). რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში. თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი;
  2. კვლევის მეთოდები განათლებაში, მეექვსე გამოცემა, ლუის კოჰენი, ლოურენს მანიონი, ქეთ მორისონი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები