26 აპრილი, პარასკევი, 2024

ინტეგრირებული გაკვეთილი – მოტივაციის ამაღლების საშუალება

spot_img

მარინე რომანაძე

სსიპ ქობულეთის აკ. წერეთლის სახ. №1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

 

 

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საგანთა შორის ინტეგრაცია დიდად ეხმარება მოსწავლეს საკითხის ღრმად და მრავალმხრივად გააზრებაში. ინტეგრირებული გაკვეთილის დახმარებით, მასწავლებელი უფრო საინტერესოდ და სახალისოდ წარმართავს სასწავლო პროცესს, განსაკუთრებით – პირველ კლასში, რადგან ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, ამ ასაკის ბავშვებს უჭირთ დიდხანს ერთ პოზიციაში, ერთფეროვან გარემოში აქტიურად ყოფნა, ინტეგრირებული გაკვეთილი კი მათ საინტერესო, განსხვავებულ საკითხებს, მრავალმხრივ ცოდნას, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს, რაც ამაღლებს მოტივაციას.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ერთი თემის ირგვლივ სხვადასხვა საგანი გაერთიანდა. შევარჩიეთ ქართული ენისა და ლიტერატურის საანბანო საფეხურის თემა – „ნ“ ასო-ბგერის გაცნობა. ერთობლივად ვიმუშავეთ გაკვეთილის მიზანზე, გეგმაზე, საჭირო რესურსების მოძიებასა და აქტივობების შერჩევაზე. მოხდა ოთხი საგნის ინტეგრირება: ქართული ენისა და ლიტერატურის, ბუნებისმეტყველების, მუსიკისა და ხელოვნების. კლასი დაიყო ჯგუფებად. პირველი სიტყვა, რომელიც მოსწავლეებს უნდა წაეკითხათ, იყო-„ნაძვი“. ამიტომ, გაკვეთილი ბუნების მასწავლებელმა დაიწყო ნაძვზე საუბრით. გონებრივი იერიშის დახმარებით ისაუბრა შეგრძნების ორგანოებზე და ნაძვის წიწვები ამ საკითხს დაუკავშირა. თვალსაჩინოდ აჩვენა ბუნებრივი ნაძვი, რომელიც ქოთანში იყო ჩარგული. მოუყვა საინტერესო ისტორია ნაძვის შესახებ, თუ რატომ რთავენ მაინცდამაინც ამ მცენარეს საახალწლოდ.

მოსწავლემ, სიტყვა „ნაძვი“ რომ წაიკითხოს, უნდა შეისწავლოს უცნობი ასო-ბგერა „ნ“. ახალ ასო-ბგერას უკვე ქართულის პედაგოგი ვხსნი, პროექტორით ვუჩვენებ ვიდეოს, სადაც ნ-ს ეცნობიან. შემდეგ დაფაზე ვადგენთ მარცვლებს და აქვეა განთავსებული არეული, ფერადი მარცვლები, რომლითაც მოსწავლეები სახელმძღვანელოში მოცემულ სიტყვებს აწყობენ: ნაძვი, ნავი, ენა, ნეკი, ნუში, სვანეთი, ვენახი, აივანი… თითოეულ სიტყვას განვმარტავ, თან შესაბამის ფოტოებს ვუჩვენებ პროექტორის საშუალებით. მოსწავლეები კიდევ ერთ სიტყვას აწყობენ – იავნანა.

სიტყვა „იავნანას“ განმარტავს მუსიკის მასწავლებელი, ჩართავს „იავნანას“, თავადაც აჰყვება მუსიკას და კლასში სასიამოვნო, თბილი განწყობა იქმნება.

შემდეგ ისევ ქართულის მასწავლებელი ვუხსნი კიდევ ერთ სიტყვას, სადაც გამოყენებულია „ნ“ ასო-ბგერა, ეს სიტყვაა – „ამანათი“. განვმარტავ სიტყვას და მოსწავლეებს ვთხოვ, გახსნან მათი ჯგუფებისთვის განკუთვნილი ამანათები. ამანათებში მოთავსებულია სხვადასხვა ზომის, ფერის, მრგვალი ბურთულები, რომლებითაც მათ, ჯგუფურად, უნდა ააწყონ წინასწარ გამზადებული, მუყაოს ნაძვის ხის ფორმატით, ნაძვის ხეები.

ხელოვნების მასწავლებელი უყვება ბავშვებს, რომ ნაძვის ხე აუცილებელი ატრიბუტია საახალწლო დღესასწაულისთვის, ამიტომ კარგი იქნება, მათ დაამზადონ საკლასო ნაძვის ხე. აძლევს ინსტრუქციას რა სამუშაო ეძლევათ და იწყება ჯგუფური მუშაობა. იხსნება შეფუთული ამანათები, რამაც დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია მოსწავლეებში. ჯგუფებში ინაწილებენ როლებს: ზოგი ბურთულებს აფორმებს, ზოგი ადგილმდებარეობას არჩევს და ნაძვის ხის ფორმატზე აწებებს. მუშაობა საინტერესო და სახალისოა, თანდათან ჯგუფებში იქმნება ნაძვის ხეები. დავალების წარმატებით შესრულებისთვის ეძლევათ დიდი ვარსკვლავები, რომელსაც ჯგუფის სახელწოდებაზე განათავსებენ. ხელოვნების მასწავლებელი აგროვებს ჯგუფებში შექმნილ ნაძვის ხეებს.

მუსიკის მასწავლებელი მოსწავლეებს ეკითხება: ნაძვის ხეს და ახალ წელს რა უხდება? მოსწავლეები პასუხობენ: სიმღერა. მუსიკის მასწავლებელთან ერთად, ასრულებენ საახალწლო სიმღერას – „ახალი წელი მოდის“. კლასში იქმნება საზეიმო განწყობა და მოსწავლეების ბედნიერი სახეები ბრწყინავს. ამ დროს, ხელოვნების მასწავლებელი, ჯგუფებში მომზადებული ნაძვის ხეებით, კედელზე საერთო საკლასო ნაძვის ხეს აწყობს, იქმნება პროდუქტი, რასაც მოსწავლეები ტაშით ხვდებიან.

გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით, აქტივობები მოსწავლეთა ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისად იყო შერჩეული, დაცული იყო დროის ლიმიტიც. გაკვეთილს ესწრებოდნენ დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელი, კათედრის წევრები და სკოლის დირექცია.

ვფიქრობ, ჩემ მიერ მოწოდებული მასალა გამოადგებათ მასწავლებლებს, რომ სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადონ, რაც მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები