23 ნოემბერი, შაბათი, 2024

„ბახტრიონის“ ანალიზი

spot_img

ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ პატრიოტულ მოტივზე შექმნილი პოემაა. მასში ჩანს თავისუფლებისა და ყოველდღიურობაზე ამაღლების იდეა. „ბახტრიონში“ ვაჟას მიერ ჩადებული შეხედულებებისა და დამოკიდებულებების გამოსაკვეთად, ერთ-ერთი გზაა პოემის იდეურ-თემატური გაანალიზება. მნიშვნელოვან ელემენტებზე ხაზგასმა და სწორი აქცენტირება. მიუხედავად იმისა, რომ „ბახტრიონში“ რეალური ისტორიული პირები არ გვხვდებიან, ქვეყნის თავისუფლების იდეა ნათლად და მკაფიოდაა წარმოჩენილი.

პოემის დასაწყისშივე, აღსანიშნავია ვაჟასეული წერის მანერა. იგი პირველივე სტროფში უქმნის მკითხველს, მძიმე სიუჟეტური განვითარების მოლოდინს.

„დღემ დაიხურა პირ-ბადე,

მთებმა დახუჭეს თვალები.

აღარ შფოთობენ საფლავში

გმირთ ოფლის მღვრელი ძვალები.

ქარი ქვითინებს… ღრუბელთა

ზარი თქვეს შესაზარები.“

დაღამების მსგავსი სურათი გარკვეულ შინაგან შფოთვას იწვევს. ავტორი სიმძიმეს გამოხატავს მთვარის ქვითნითა და ღრუბელთა შემაძრწუნებელი ხმაურით. მსგავსი დასაწყისით მას სურს, გადმოგვცეს მე-17 საუკუნის საქართველოს უმძიმესი მდგომარეობა.

ცოტა მოგვიანებით, როცა პოემაში უშუალოდ პერსონაჟები ჩნდებიან, მართლდება პროლოგში შექმნილი, მკითხველის მოლოდინი. პირველად მოქმედება ფშავთა სალოცავში, საჯარეში ხდება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, თუ როგორ აღწერს ფშავის ტერიტორიას ვაჟა. „უმზეოდ ჩამოგვალული“ ფშავური კოშკები, მიუთითებს მდგომარეობის სიმძიმეზე. უმზეობა, თავისმხრივ, სიბნელეს გულისხმობს. სიბნელე კი ყოველთვის ბოროტების აღზევების ნიშანია.

ხატობის დღესასწაულზე, ლაშქრის შეგროვების იმედად, საჯარეში მისულ კვირიას იმედი უცრუვდება. იგი მხოლოდ მოხუც სანათას ხვდება, რომელიც ხატს ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ  ფშავში ხატის მსახურება ქალისთვის ყოვლად დაუშვებელია, სანათას სხვა გზა არ აქვს. ფშავში მამაკაცთა არარსებობის გამო, იძულებულია თავად იტვირთოს ყველანაირი სიმძიმე. ამ სიტუაციით შეძრწუნებული კვირიას მდგომარეობა ნათელია ფრაზაში:

„დადგა, დაეყრდნო თოფის ტუჩს,

ცრემლებს იწმენდდა ხელითა.“

ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი ფშავისა და დარდისგან დაბეჩავებული დედების ცქერის სიმძიმე, კვირიასთვის გაუსაძლისია. გამარჯვების ჟინითა და ფშაველთა იმედით გამსჭვალულს, თითქოს სამყარო თავზე ემხობა. იმედგაცრუებას ემატება სანათას უმძიმესი ისტორიაც. მესამე თავში მოცემული დიალოგი სანათასა და კვირიას შორის, დიდი სიმძიმის მატარებელია. პირველი სამი თავიდან გამომდინარე, უიმედობა მეფობს. ორი ერთმანეთის ტკივლით შეძრწუნებული ადამიანი, ამ უიმედობის დაძლევას ცდილობს.

„ბახტრიონის“ მეოთხე თავში იკვეთება სასიკეთო ცვლილებებისაკენ ნდომა-მისწრაფებები.  ჩაფიქრებულ მთებში, მძვინვარებს ლაშქრის ჟრიამული. ამ მონაკვეთით, ავტორი ბადებს  გადარჩენის იმედს. მას ექმნება მოსალოდნელი  გამარჯვების ჟინი. ნათელია, რომ მოდის ცვლილება, რომელმაც ქვეყანაში უნდა დააყენოს „გაზაფხული“.

„ივსება ლაშარის გორი

ქორ-შავარდნების ფარითა“

ქორ-შევარდნების ფარა დაუნდობელი და ძლიერი მებრძოლის სიმბოლოა. „ლაშარის გორი“ მტრის ძლევის სურვილით აღვსილი ფშაველებითაა სავსე. აქ უკვე იბადება იმედის ნაპერწკალი,  ვაჟა გვიჩვენებს ერთიანობის ძალას. ლაშარის ჯვრისა და წმინდა გიორგის კურთხევის მომლოდინე ლაშქარი, დარწმუნებულია, რომ უფალი მას გამარჯვებას მოჰმადლებს.

„მადლით ცას სწვდება მთებურა;

თან გვატანს თავის ლოცვასა“

საყურადღებოა მონაკვეთი სადაც ფშაველთა ლოცვის ცერემონიალია მოცემული. ჯარი პირველად თამარ მეფეს ახსენებს, როგორც უფლის წილნაყარ დედას. აქვე ვაჟა იხსენებს გმირებს, რომლებიც ქვეყნის დიდებას შეეწირნენ.

„მოიხსენიეს მხედარნი,

ვინც ველზე დარჩა მკვდარია.

არსადა მათთვის სამარე

და მიწა ზედ საფარია.

ყორნებს რო უთხრავ თვალები,

სვავთ მხრებით დაუფარია,

მაგრამ იმათი სახელი

დროთ-სვლას ვერ მოუპარია!“

ამ მონაკვეთით ავტორი, თითქოს მკითხველში სიმძიმეს იწვევს.  ბრძოლის ველზე მყოფი დაუსაფლავებელი გმირების წარმოდგენისას დიდი ტკივილი იბადება. ბოლო ფრაზით ვაჟა გვახსენებს, რომ ამ გმირთა ნეტარება, სწორედ ასეთ სიკვდილშია. მათი სახელი ისტორიას დარჩება და მათ გმირობას ჟამთა სვლა ვერაფერს დააკლებს.

ქორ-შევარდენთა დაუძლეველ ფარას, გამოეყოფა ერთადერთი მებრძოლი, კვირია. იგი ფიზიკური მონაცემებით ვერ გამოირჩევა, ისე როგორც ზეზვა გაფრინდაული, ან ლუხუმი. მიუხედავად ამისა, ავტორი მას სულ სხვა, სულიერი ფასეულობებით წარმოაჩენს. კვირიასაგან ლუხუმთან მისი სიზმრის თხრობის მონაკვთი, კიდევ ერთხელ ამაღლებს მას, როგორც პერსონაჟს.

კვირიას სიზმარი „ბახტრიონში“ პოეტურობის ნამდვილი ნიმუშია. ზოგადად ნაწარმოებებში სიზმრის გამოჩენა გარკვეულ ახალ ინტერესებს იწვევს.  მწერლის მიერ შექმნილ სამყაროში, იბადება ახალი სამყაროც.

„შავს ცხენზე ვიჯე, მიჰქროდა,

მეგონა, ვზივარ ქარზედა.

სამი დაენთო სანთელი

ჩემის ფრანგულის ტარზედა.

შუქი ციური ჯვარადა

გამომესახა ფარზედა.“

სიზმრის ეს მონაკვეთი გვიჩვენებს, თუ როგორ მფარველობს უფალი კვირიას, ქვეყნის გადარჩენის გზაზე. ცოტა მოგვიანებით, მის გვერდით ჩნდება ლელა. მას უკვდავებით მორწყული საოცარი სილამაზე აქვს. იგი ლამაზია, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად. ლელას ბრძოლის ჟინი გამორჩეულია, თუმცა მისი სული ტკივილითაა მოცული. ამ ტკივილს ვაჟა შესანიშნავად გადმოგვცემს.

„წავიდა გულ-ჩათუთქვილი,

მივალის ძალი-ძალადა.

ქალის ქვითინსა მდუღარეს

მთანი იწერენ მკერდზედა;

ცრემლით ატირდენ წყარონი,

ჩამომდინარნი გვერდზედა;“

მოგვიანებით, როცა ლაშქარს წინ წმინდა გიორგი მიუძღვის, მის ერთ-ერთ წევრს ავტორი ათქმევინებს.

„ისრ ჰშვენის ცხენზე, ვით ველზე

გაზაფხულისა ყოილი.“

მოცემულ მონაკვეთში ჩანს იმედი იმ „გაზაფხულისა“, რომელსაც ავტორი ნატრობს. გამარჯვებამდე სულ ცოტაა დარჩენილი, თუ ჯარი დიდ მხედარს (წმინდა გიორგის) მიჰყვება, მაშინ გამარჯვებაც მოვა.

ვაჟა საოცარი ოსტატობით გვიჩვენებს სიკვდილის მნიშვნელობას, როგორც პიროვნების, ისე ქვეყნისთვის. იგი თვლის რომ თავისუფლებისა და დიდებისთვის ბრძოლაში თავგანწირვა არა ტრაგედია, არამედ შვებაა.

თავისუფლების მთვარე გადმოდგება ბორბალაზე და მისი ნათება, აღავსებს გულანთებულ ხალხს. ბრძოლის დასრულება ყველასთვის დიდი ბედნიერებაა, მით უფრო, რომ ბრძოლა გამარჯვებით სრულდება. ამ ეპიზოდს ავტორი უდიდესი პოეტური ნიჭით გადმოგვცემს.

„ღამესა სძინავს მთა-ბარზე,

ბუნება დასვენებულა,

მანათობელი ქვეყნისა

მთვარეც ხომ ჩასვენებულა.“

დიდი ტანჯვისა და წამების შემდეგ, ბუნების მსგავსად, ერიც ისვენებს და გრძნობს დიდ სულიერ აღზევებას. მიუხედავად დანაკარგისა, პრიორიტეტად გამარჯვება და თავისუფლების შეგრძნებაა ქცეული. ადამის მოდგმის მტერიც კი დადებითად იცვლება. თითქოს ბოროტება ნადგურდება და სიკეთე იწყებს გამეფებას.

მარიამ ჩაჩანიძესსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები