19 მარტი, სამშაბათი, 2024

„ალუდა ქეთელაური“ – VI თავის ენობრივ-მხატვრული ანალიზი

spot_img

ვაჟა-ფშაველას პოემის „ალუდა ქეთელაური“ ფინალური ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც მხატვრული, ისე ენობრივი თვალსაზრისით.

ალუდამ უარი განაცხადა იმ წეს-ჩვეულების აღსრულებაზე, რომელიც ხევსურთათვის ტრადიციად ქცეულიყო, იგი პატივისცემით განიმსჭვალა მუცალის მიმართ, კურატი შესწირა მას და რაც ყველაზე მთავარია – მოწინააღმდეგეს მარჯვენა არ მოაჭრა, ამით კი ხევსურთა ადათების წინააღმდეგ გაილაშქრა.

პოემის VI თავში აღწერილია ის რთული გზა, რომელსაც შატილის თემიდან მოკვეთილი ალუდა ოჯახთან ერთად გადის. დევნილთა სულიერ ტკივილებს, მთისთვის დამახასიათებელი მკაცრი კლიმატური პირობები ემატება. თოვს, ხევიდან კლდის მონასხლეტი ზვავი ჩამოდის, არემარე ლურჯ ყინულს მოუცავს, სავალი გზები კი ნამქერს დაუფარავს. ვაჟა-ფშაველა ბუნების ამ დინამიკური სურათის აღწერისას წერს:

♦ „თოვლი სთოვს, ქარი ბობოქრობს,
ყელებ შაკრულა მთებისა

„თოვლი სთოვს“ განსაკუთრებული გრამატიკული რუდიმენტია. თანამედროვე მეტყველებაში ვიყენებთ მხოლოდ სიტყვას „თოვს“, რადგან ქართულ ენაში ბუნების მოვლენების გამომხატველი ზმნები უპიროა, 1888 წელს დაწერილ პოემაში კი ჯერ კიდევ შემორჩენილია არქაული ფორმა.

მგზავრი გზას იკვლევს, უკან კი კიდევ ხუთი მიჰყვება. ზამთრის მრისხანე პეიზაჟის აღწერას მგლების ყმუილი ერთვის, რაც კიდევ უფრო აძლიერებს უბედურების შეგრძნებას.

♦ „სიმშილით შაწუხებული
მთას ღმუის ჯოგი მგლებისა.

სიტყვა „შიმშილი“ ასიმილაციით არის მიღებული „სიმშილისგან“. ფშავურ-ხევსურულ კილოზე დაწერილ ნაწარმოებში კი  შემორჩენილია „შიმშილის“ ძველებური ფორმა.

ალუდას დედა ხევსურებს წყევლის და სახლ-კარს მისტირის. იცის, რომ სახლისგან არაფერი დარჩენილა, მისი ერთადერთი ბინადრები კი დღეიდან ყვავები იქნებიან. მოკვეთილი და სიმართლისთვის განდევნილი ალუდა, დედასა და ცოლ-შვილთან ერთად ბნელში მიიკვლევს გზას და მიუხედავად იმისა, რომ დედის მსგავსად ხმამაღლა არ მოთქვამს, მის გულშიც ისეთივე ქარბორბალა ტრიალებს. დედა უკანასკნელ იმედს ებღაუჭება და ალუდას ეუბნება:

♦ „ნეტავ არ დასჭირდებაა

ხევსურთა შენი შველაო?!

ვის რა წყალ-ჭალა გვისტუმრებს,

სად რა-რა დავილევითა?“

სიტყვაში „დასჭირდებაა“ უკანასკნელი „ა“ შეკითხვის გამომხატველია. რაც შეეხება სტრიქონს „ვის რა წყალ-ჭალა გვისტუმრებს“: ალუდა მოკვეთეს შატილის თემიდან, რაც არ ნიშნავდა იმას, რომ მას სხვა თემიც განუდგებოდა. ალუდას ოჯახს, შეიფარებდა და „ისტუმრებდა“ რომელიღაც სხვა წყალ-ჭალა და ისინიც ჩვეულებრივ გააგრძელებდნენ ცხოვრებას, თუმცა ცხოვრების ბოლომდე „უსახ-უბინაოებად“ დარჩებოდნენ, საკუთარ სახლსა და მიწა-წყალს მონატრებულნი.

ალუდა წინააღმდეგია ხევსურთა აუგის თქმის. ღმერთმა მათ ეს გზა არგუნა და არ მართებთ ჩივილი, მიუხედავად ამისა, განუზომელია ალუდას გულის ტკივილი, რაც შესანიშნავად ჩანს მის ბოლო სიტყვებსა და თავის ბოლოჯერ მიბრუნებაში. ალუდა ემშვიდობება ყველაფერ იმას, რაც მისთვის ესოდენ ძვირფასი იყო, რაც მისი სულის ნაწილს შეადგენდა: საჯიხვეები, სახლ-კარი, მთები, მშობლიური მიწა-წყალი… ალუდა ერთგან ამბობს:

♦ „მშვიდობით, ჩვენო ბატონო,
ყმათად მიმცემო ძალისა!”

ძველქართულ მეტყველებაში, სიტყვა „ბატონი“ ნიშნავდა უფალს, რისი დადასტურებაც არის სიტყვები „უფალი ღმერთი“, მოგვიანებით სიტყვა „ღმერთი“ ჩამოსცილდა და მხოლოდ „უფალი“ დარჩა. ამ შემთხვევაში „ბატონი“, არა უფალს, არამედ გუდანის ჯვარს ნიშნავს. ალუდამ, ქისტის სულის სალხენად, სწორედ გუდანის ჯვარს შესწირა კურატი.

მგზავრებმა ქედი გადაიარეს, მათი კვალი თოვლმა უმალ დაფარა. არაფერი მიანიშნებს მათ იქ ყოფნაზე, გარდა ქალის მწარე ქვითინისა, რომლის ხმა ჯერ კიდევ მოისმის.

ალუდამ თავისი პროგრესული აზროვნებით, გაუსწრო თემს და ზოგადად დროს. მან ქისტთან შებრძოლების დროს ნათლად დაინახა ტრადიციის მანკიერი მხარე, ერთგვარი ბარბაროსობის გადმონაშთი, აკი ალუდას ტანჯავს კიდეც კანიბალური ხასიათის სიზმრები… ალუდა ქეთელაური დაუპირისპირდა არა ხევსურებს და თემს, არამედ ადამიანში ჩაბუდებულ სისხლისმსმელ სურვილებს, მათ ცუდ ჩვევებს. სისხლის აღების ტრადიცია უნდა ყოფილიყო მტრობის ერთგვარი პრევენცია, რომელმაც საბოლოოდ რადიკალურად განსხვავებული სახე მიიღო. ალუდა ტრადიციის საწყისებს დაუბრუნდა, მისი ქმედება სახარებისაკენ შემობრუნებაა. ვაჟა-ფშაველას პერსონაჟები ბუნებით ჰუმანისტები და ლიბერალები არიან, ლიბერალობა და ჰუმანიზმი კი სახარებიდან იღებს სათავეს. ალუდა დიდი ჰუმანისტია, იგი სულიერად ამაღლდა და მისდია უფლის უმნიშვნელოვანეს მცნებას: „გიყვარდეთ თქვენი მტერნი“.

სესილი ერაგია  – ქ. ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები