ხატისოფელი (ყოფილი წითელსოფელი) ქვემო ქართლში, ფოლადაურის ხეობაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, რაჭისუბნის თემის შემადგენლობაში, მდინარე ბოლნისწყლის (მაშავერის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 560 მეტრზე, რაიონული ცენტრიდან 7კმ დაშორებით მდებარეობს.
წყაროების მიხედვით, ხატისოფელი თავის ისტორიას უძველესი დროიდან ითვლის. კერძოდ, 1584 წელს, ალგეთის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ხატისოფელთან, ოსმალთა 20 ათასიანი არმია დაბანაკებულა რეზვან ფაშას სარდლობით. სვიმონ მეფემ ოსმალთა ბანაკი თავად დაზვერა (ბანაკში ისე შეაღწია, როგორც „სვიმონ მეფის ელჩმა“) და მეფის სახელით დაზავება შესთავაზა. გახარებულმა ოსმალთა ფაშამ თანხმობა განაცხადა. მეორე დღეს, გათენებამდე, როცა მტრის ბანაკს ჯერ კიდევ ეძინა, მეფე სვიმონი, 4000 ქართველით თავს დაეცა მტრის ბანაკს, თურქთა 20 000 მეომრიდან უმრავლესობა ამოწყვიტა, ბევრი ტყვედ აიყვანა, ნაწილი გაიქცა და გადაიკარგა.
სოფელ ხატისოფელში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ლოკაციაა წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც მე-17 საუკუნის ძეგლია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განახორციელა ტაძრამდე მისასვლელი გზის პროექტი, რომლის ფარგლებში ეკლესიამდე მისასვლელი გზა სრულად მოეწყო, რაც სოფლის მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
დღევანდელი მოსახლენი აქ XIX საუკუნის 60-იან წლებში მოსულან, – ყვებიან სოფელში, რომელსაც კომუნისტების დროს წითელსოფელს ეძახდნენ, XX საუკუნის 90-იან წლებში კი სახელი აღუდგინეს.
ხატისოფელში, ძირითადი მკვიდრი ქართლელების გარდა, სახლობენ იმერლები, რაჭველები, ასევე, სომხები და ბერძნებიც. XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს კი, ხულოს რაიონიდან, სოფელში აჭარელი ეკომიგრანტები ჩამოასახლეს. ისინი სოფლის შესასვლელში კომპაქტურად სახლობენ და აჭარლების უბანს ქმნიან.
2014 წლის აღწერის მონაცემებით, ხატისოფელში 387 ადამიანი ცხოვრობს, 100-მდე ოჯახი, აქედან 21 ოჯახი აჭარიდანაა.
1922-24 წლებში მასობრივად გაიხსნა დაწყებითი სკოლები. მათი უმრავლესობა საცხოვრებელ სახლებში იყო განთავსებული. სოფელში არჩევდნენ ისეთ ოჯახებს, რომელთაც თავისუფალი ოთახი ჰქონდათ, რა თქმა უნდა, ოჯახის თანხმობით. ხატისოფლის საჯარო სკოლა თითქმის საუკუნეს ითვლის. აქ დაწყებითი სკოლა იჯარით გაიხსნა ორ ოთახში: ერთი ოთახი ბადალაშვილების და ერთიც თამაზაშვილების სახლში – გვიყვებიან თემურ თანდარაშვილი და ტარიელ მაღრაძე (წინაპრების გადმოცემით). იმ დროისათვის მასწავლებელთა ადგილობრივი კადრების დეფიციტი იყო და უმრავლესობა მოწვეული ჰყავდათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
1930 წელს სკოლისთვის ახალი შენობის აგების საკითხი გადაწყდა. 1931 წელს სკოლა შვიდწლედად გადაკეთდა, შემდეგ კი – არასრულ საშუალო სკოლად.
საქართველოს ეროვნული არქივის 1938-1940 წლების ჩანაწერების თანახმად, ბოლნისის რაიონი ბორჩალოს მაზრის ქ. ლუქსემბურგის სახელით იყო ცნობილი, სასოფლო საბჭო (ქალაქის საბჭო) – ბოლნისხაჩინი, სკოლის სრული სახელწოდება კი – „წითელი-სოფლის არასრული საშუალო სკოლა“. სკოლა დაარსდა 1934 წელს. მეცადინეობა მიმდინარეობდა არაქართულ ენაზე. სკოლის დირექტორი იყო ბატონი ვარლამ ნაცვლიშვილი, სასწავლო ნაწილი კი – დავით ვარდენის ძე ბაბუნაიშვილი. მათთან ერთად, სკოლისთვის მტკიცე საფუძვლის ჩაყრაში აქტიურად მონაწილეობდა სკოლის პედკოლექტივი: ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ჯიქია, იორამ ევტიხის ძე ლორია, თინა ივანეს ასული კვასხვაძე და ნუნუ ივანეს ასული უსტიაშვილი. მოსწავლეების რაოდენობა, 1938-39 ს/წ-ს, შეადგენდა 144-ს, ხოლო 1939-40 ს/წ-ს კი – 156-ს.
სხვადასხვა დროს სკოლის დირექტორები იყვნენ: ვარლამ ნაცვლიშვილი, დათიკო იასაღაშვილი, ამირან კვაჭაძე, აპოლონ კვასხვაძე, ნონა ტალახაძე, ანიკო ნანობაშვილი, თემურ მამულაშვილი.
ხატისოფლის სკოლას დიდი ღვაწლი და ამაგი აქვს. აქ მრავალი სახელოვანი მამულიშვილი აღიზარდა. პედაგოგ-აღმზრდელთა უმრავლესობა ჩამოსული იყო სხვადასხვა კუთხიდან. მათ გვერდით გამოჩნდნენ და გაიზარდნენ ადგილობრივი კადრებიც. სკოლის კურსდამთავრებულები მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში, არიან წარმატებული ექიმები, ბიზნესმენები, პედაგოგები და სხვ.
თითქმის საუკუნის წინ აშენებული სკოლა ამჟამად აღარ ფუნქციონირებს და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. დაპირება, რომ სოფელში ახალი სკოლა აშენდებოდა, დაპირებად დარჩა. სამაგიეროდ, სკოლას, 2009 წლის თებერვალში, გადასცეს გეოლოგიური პარტიის ყოფილი არატიპური შენობა. ამავე წელს, სკოლას ცალკე სექტორად შეუერთდა მეზობლად მდებარე სოფელ ვანათის მცირეკონტინგენტიანი აზერბაიჯანული დაწყებითი სკოლა. ეს უკანასკნელი, დაიხურა, ვინაიდან აზერბაიჯანელი მშობლები დაინტერესებული არიან ქართული ენის შესწავლით, ამიტომ ყველა ბავშვი ქართულ სექტორზე შემოჰყავთ.
1987 წლიდან დღემდე, სკოლის დირექტორია ამავე სოფლის მკვიდრი, ბატონი თემურ მამულაშვილი. მართალია, დირექტორობა და სკოლის მართვა რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, მაგრამ ბ-ნი თემური ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რათა სკოლა წარმატებული იყოს. მისი დირექტორობის პერიოდში განხორციელებული ცვლილებების შესახებ თავად გვიამბობს: „36 წელი გავიდა, რაც დირექტორი ვარ. სკოლაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება მომხდარა, თუმცა გამოვარჩევდი იმას, რომ სკოლაში უსაფრთხო გარემოა, გვყავს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი. მოვახერხეთ და სკოლის ტერიტორიაზე წყლის პრობლემა და სველი წერტილები მოვაგვარეთ. სკოლა მთლიანად ადაპტირებულია, მორგებულია მოსწავლეების საჭიროებებსა და მოთხოვნებზე, გვაქვს ცენტრალური გათბობა, მაგრამ მომავლის გეგმაში მაქვს გათბობის გაზზე გადაყვანა. სკოლაში ცალკე გამოიყო და გარემონტდა ბიბლიოთეკის ოთახი და ექიმის კაბინეტი. გრძელვადიანი მიზნისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ახალი სკოლა. ახლა სკოლების ავტორიზაცია მიმდინარეობს და თუ ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული არ იქნა სათანადოდ, სკოლას გაუჭირდება ავტორიზაციის გავლა. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და, შეძლების ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოსწავლეებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ და წარმატებული მომავლისთვის მოემზადონ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, გასაკეთებელი კიდევ ბევრია და იმედი მაქვს, მომავალი წლები უკეთესი იქნება“.
ამჟამად, სკოლაში 9 აკადემიური კლასია, 72 მოსწავლე და 12 მასწავლებელი. მინდა აღვნიშნო, რომ გვყავს სერტიფიცირებული მასწავლებლები, რომლებიც ჩართულნი არიან სხვადასხვა აქტივობაში. მათ ყოველმხრივი ხელშეწყობა და თანადგომა აქვთ დირექციისა და კოლექტივისგან, რომ სწავლა-სწავლების პროცესი საინტერესოდ და თანამედროვე მეთოდებით წარიმართოს.
მაგული გელაძე
სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხატისოფლის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი