3 დეკემბერი, შაბათი, 2022

ძვირფასი მინერალები ,,ვეფხისტყაოსანში“

spot_img

მინერალების რაოდენობა საკმაოდ დიდია. ზოგი მონაცემით, დაახლოებით სამი ათასი. ამ მინერალთა შორის გამოიყოფა ისეთი ძვირფასი ქვებია, რომლებიც  იშვიათად   მოიპოვება ბუნებაში და მათი ამოღება-დამუშავებაც დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული. მათ ახასიათებთ ნაკლებად ცვეთადობა, სიმაგრე და განსაკუთრებული სილამაზე, რაც მათი ფერიდან და ბრწყინვალებიდან გამომდინარეობს.

ძვირფასი ქვები უძველესი დროიდანაა ცნობილი საქართველოშიც. პალიმფესეტში, VI-VII ს-ით დათარიღებული წარწერის ერთ ნაწილში ვკითხულობთ: „ნუ მიხცემთ სიწმინდესა ძაღლთა, ნუცა დახუდებთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა…“ ბასილ ზარზმელის „სერაპიონის ცხოვრებაში“ შევხვდებით „ლალის“ სახელწოდებასაც. X საუკუნეში გამოვიდა კვიპრელი ეპისკოპოსის ეპიფანეს თარგმანი  ტრაქტატისა 12 ძვირფასი ქვის შესახებ. მთარგმნელის ვინაობა უცნობია.

ქართულ თარგმანში შევხდებით ძვირფასი ქვის სახელწოდებებს:

1.სარდიონი

2.ტბაზიონი

3.ზმური

4.იაკნთი

5.საფირონი

6.იასპინი

7.ლვგვრიონი

8.აკატი

9.ემეთვისტონი

10.ძოწეული

11.ბივრილიონი

12.ფრცხილი.

„ვისრამიანში“ გამოყენებულია მინერალები: მარგალიტი, იაგუნდი, სათი, ალმასი… ვხვდებით სიტყვათშეხამებას „პატიოსანი ქვები“.

შოთა რუსთაველი თავის გენიალურ პოემაში ძალიან ხშირად ახსენებს ძვირფას ქვებს. მინერალების მეშევეობით ავტორი გვიხატავს პერსონაჟთა სახეებსა და მათ სულიერ განწყობას, ამკობს სამეფო რეგალიებს, საჩუქრებს, ტანსაცმელს. ძირითადად კი მათ მეტაფორებისთვის იყენებს.

პროლოგში წერია:  „ვის ჰშვენის, – ლომსა, – ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,

მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, ”

ბადახში და გიშერი წითელი და შავი ფერის ძვირფასი ქვებია,  როლებიც  თამარის მშვენიერების მეტაფორებია.

როდესაც ავთანდილი ფრიდონთან მიდის, გზად ასპიროზს შველას  ასეთი სიტყვებით სთხოვს:

„მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა,

ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა;

შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა,

ვისმე, გლახ, ჩემებრ დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა.“

მარგალიტები (CaCO3) კბილების მეტაფორაა ხოლო ძოწი(A3B2(SiO4)3) წითელი ბაგეების.

„მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა;

ტარიელს უძღვნა გვირგვინი, ვერ-დანადები ფასისა,

იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა, “

ამ სტროფში ნახსენებია ყვითელი ფერის იაგუნდი. სწორედაც რომ მთლინად ყვითელი იაგუნდის გვირგვინი აჩუქა ზღვათა მეფემ ტარიელს. აღსანიშნავია ისიც, რომ ,,ვეფხისტყაოსანში“ ნახსენებია წითელი ფერის იაგუნდიც :

„ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა შემკული თვალითა,

იაგუნდითა წითლითა, ბადახშითა და ლალითა…“

რუსთაველი წერს:

„ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი.

შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი,

მთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერ-შეფრობილი;

მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წრთობილი.“

ქართული სიტყვა ,,ალმასი“ წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან ,,ადამს“ და არაბულიდან ,,ალმას“. ესაა ძვირფასი ქვა (ალმასის ქიმიური შედგენილობაშია ნახშირბადი – C), რომელიც მაგარი და ცეცხლგამძლეა. ,,მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წრთობილი.“ ამ ტაეპში კი იგულისმება, რომ ნესტან-დარეჯანთან გაყრას მხოლოდ ის შეძლებს, ვისი გულიც ალმასივით ცეცხლგამძლეა.

„შუა ძოწსა და აყიყსა სჭირს მარგალიტი ტყუბები.“

აყიყი არის წითელი, ხორცისფერი ძვირფასი ქვა, ძოწიც წითელი მინერალია. ეს ორი ქვა ბაგეების მეტაფორაა, რომელსაც შოთა რუსთაველი ნესტან-დარეჯანის გარეგნობის შესამკობად იყენებს. ხოლო „მარგალიტი ტყუბები“ ესენი თეთრი კბილების მეტაფორაა.

დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მინერალი წყალია, რომელიც შუა საუკუნეების გაგებით, სამყაროს მდგენელი ოთხი ელემენტიდან ერთ-ერთია.

თეკლე მესხი – თბილისის N179-ე საჯარო სკოლის X  კლასის მოსწავლე

 

 

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები