27 ივლისი, შაბათი, 2024

ტროპი და მისი სახეები

spot_img

ტროპია გადატანითი მნიშვნელობით ხმარებული ყველა სიტყვა, წინადადება. ტროპი მხატვრულგამომსახველობითი საშუალებაა, რომლის ერთერთი ზუსტი განსაზღვრა ჯერ კიდევ ძველ რომში გაჩნდა.

ტროპის ბუნება არაპირდაპირი მნიშვნელობით გამოყენების ხასიათით ისაზღვრება. სიტყვის გადატანითი მნიშვნელობით ხმარება სიტყვას ხდის პოეტურს, მეტყველებას –  ექსპრესიულს და აზრს მრავალფეროვანს. მარკუს ფაბიუს კვინტილიანე ამბობდა: „ტროპი სიტყვის საკუთარი მნიშვნელობის ისეთი შეცვლაა, როდესაც ხდება მნიშვნელობის გამდიდრება“. მთავარია მკითხველმა შეძლოს „მნიშვნელობის გამდიდრების“ დანახვა, ანუ იმ ახალი აზრის დანახვა, რომელიც ჩნდება მხატვრულ ტექსტში სიტყვის „გარდასახვის“ მეშვეობით.

არსებობს ტროპის მარტივი და რთული საახები.

რთული სახეებია შედარება და ეპითეტი.

შედარება ტროპის ისეთი სახეობა,რომლის დროსაც ორი სხვადასხვა საგანი ან მოვლენა შეფასებულია ერთმანეთთან არა სრული მსგავსების, არამედ ერთ-ერთი რომელიმე მსგავსების საფუძველზე, მოვლენების მხატვრული გამოსახვის მიზნით:          „მაღლით ბრძლის ველს, როგორც ხელის გულს, ისე დაჰყურებს მთავარსარდალი“.

შედარებისთვის აუცილებელია ორი ან მეტი მოვლენა  და გათვალისიწინებულია, რა უნდა შევადაროთ და რას უნდა შევადაროთ, ანუ შესადარებელი და შედარებული უნდა იყოს წარმოდგენილი. მაგალითად, წინადადებაში „თმა თოვლივით გაუთეთრდა“ შედარების ორი წევრია: თმა და თოვლი.

შედარების წევრები შედარებას ქმნის კავშირებით: ვითარცა, როგორც, თითქოს, მსგავსად; ან ნაწილაკებით: -ვით, -ებრ და სხვ.

ეპითეტი  მხატვრული განსაზღვრება, პოეტური განმარტება, დახასიათებაა, რომელიც მიგვიგებს კითხვაზე „როგორი?“. წარმოდგენილია უმეტესად ზედსართავი სახელით. ეპითეტი შეიძლება იყოს: ინდივიდუალურ-საავტორო, ზოგადენობრივი, ხალხურ-პოეტური. მაგალითად: ანკარა წყალი და ა.შ. განსაზღვრებისგან გამოირჩევა. განსაზღვრება ხაზს უსვამს საგნისა თუ მოვლენის ძირითად დამახასიათებელ ნიშანს.      

მარტივი სახებია: მეტაფორა, ჰიპერბოლა, ალეგორია და სხვანი.

 მეტაფორა მხატვრული გამოსახვის სტილისტიკური ხერხია. ის პოეტურად შესაძლებელს, დასაშვებს, ასოციაციებითა თუ კონტრასტით, ანალოგიებით წარმოსადგენს ემყარება ან აგებულია სიტყვათა გადატანით მნიშვნელობაზე.

„შენ ფრთამოღუღუნეს ჟამთა სიმაღლეზე, ჩვენი საუკუნე გიცავს, უახლესი“ (გალაკტიონი). მეტაფორაში საგნებსა და მოვლენებს მიწერილი აქვთ ისეთი თვისება, რომელიც მათ არ ახასიათებთ, მაგრამ პოეტურად დასაშვებია. ხანდახან მისი გამოცნობა ძნელია. არისტოტელე ამბობდა: „თუ სათქმელი შედგება მეტაფორისგან, იგი გამოცანაა“.

გამოარჩევენ ოთხი ტიპის მეტაფორას:

  1. როდესაც უსულო საგანის თვისება გადატანილია სულიერ საგანზე (ოქროს გული, რკინის კაცი).
  2. სულიერი საგნის თვისება გადატანილია უსულო საგანზე („ჩაფიქრებულა მთაწმინდა“ ან „ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ“).
  3. უსულო საგნის თვისება გადატანილია უსულო საგანზე (ვერცხლის ნაკადული, რკინის ნიაღვარი).
  4. სულიერი საგნის თვისება გადატანილია სულიერ საგანზე (შენ, ხმელო კაცო, წარბშეკრულო ხშირად და მკაცრო!).

მეტაფორას ზოგჯერ „მოკლე შედარებასაც“ უწოდებენ.

ჰიპერბოლა  ტროპის  ისეთი სახე, რომელსაც საგანსა თუ მოვლენას გაზვიადებულად წარმოადგენს. ეს სიტყვა ბერძნული  წარმოშობისაა და გადაჭარბებას, გაზვიადებას ნიშნავს. ის ექსპრესიულობის გაზრდის მიზნით გამოიყენება. მაგალითად „სანადიროდ წამოვიდნენ ამირან და ძმანი მისნი, მთას ირემი წამოუხტათ, ცასა სწვდება რქანი მისნი“.

ლიტოტესი  არის ჰიპერბოლის საპირისპირო მხატვრული ხერხი, ტროპის მარტივი სახე, რომელიც ეფუძნება ადამიანის გარეგნული თუ შინაგანი თვისების, ქცევის ან საგნის, მოვლენის თვისების შემცირებას მათი ექსპრესიულობის გაზრდის მიზნით, წარმომდგარია ბერძნული სიტყვისაგან „მცირე“. მაგალითად „მგზავრის წერილებში“ რუსი ოფიცერი ასე ახასიათებს თბილისს: „აბა, რა ქალაქია თქვენი ქალაქი, ერთი თავიდან რომ გადააფურთხო, ქალაქის ბოლოს დაეცემა“.

ალეგორია გადაკრულად ნათქვამი სიტყვა თუ სიტყვათა რიგი, რომელშიც მოვლენის შინაარსი კონკრეტული სახითაა წარმოდგენილი. მასში ნათქვამია ერთი და იგულისხმება მეორე (ანდაზაგამოცანაიგავ-არაკი და სხვ.). მისი მიზანია ავტორის აზრის შენიღბვა. ალეგორიულია, მაგალითად, ანდაზა: „ყვავს არ ჰქონდა, ბუს გაჰქონდაო. ეს ანდაზა იხმარება არა იმ მიზნით, რომ ყვავი და ბუ დაახასიათოს, არამედ იგი ახასიათებს ადამიანებს და ალეგორიულად გამოხატავს შემდეგ აზრს: როცა ერთ ადამიანს არა აქვს რა, მისგან მეორე ადამიანიც ვერაფერს წაიღებს.

 სიმბოლოს ნიშანს უწოდებენ. ამ ტერმინს ორგვარი პირველადი მნიშვნელობა აქვს: სიმბოლო არის ნიშანი და ამავე დროს სიმბოლური ნიშნავს შეერთებულს („სიმბოლო” – ბერძნ. ვაერთებ). სიმბოლურ სახეში ან საგანში, როგორც სხვა საგნის ნიშანში, მართლაც შეერთებულია თვით საგნის პირველად მნიშვნელობასთან სხვა მნიშვნელობა. აკაკის „განთიადში“ გვხვდება ალეგორიული გამოთქმები: „რაინდი”, „თავდადებული”, „მგოსანი“. ამ სიტყვებში არ იგულისხმება ყველა რაინდი, ყველა თავდადებული ან ყველა მგოსანი, არამედ იგულისხმება კონკრეტული პიროვნება – დიმიტრი ყიფიანი.

ირონია მოჩვენებითობა, თვალთმაქცობა, თავაზიანობით შენიღბული დაცინვა, დამცინავი გადაკვრით ნათქვამი (თავშეკავებული, მშვიდი, სერიოზული ტონი, გარეგნულად გამოხატული პატივისცემა). მაგალითად, ირონიას მიმართავს ილია ჭავჭავაძე ლუარსაბის გარეგნობის აღწერისას – „უნდა გენახათ, რა ლამაზი იყო ჩვენი ლუარსაბი: ფეხშიშველა, ლურჯი კალმუხის ქუდით თავზედ, წითელ პერანგის და მის განუშორებელ ამხანაგის ანაბარას, გულგადაღეღილი, ფაშვიანი, ჩიბუხით ხელში…“
თავიდან ავტორი ისე გვაჩვენებს, თითქოს ლუარსაბი მართლაც ლამაზია, მაგრამ შემდეგ ისე გვიხატავს მის გარეგნობას, რომ, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, იგი მახინჯად წარმოგვიდგება – „ფეხშიშველა, ლურჯი კალმუხის ქუდით თავზედ, წითელ პერანგის და მის განუშორებელ ამხანაგის ანაბარა, გულგადაღეღილი, ფაშვიანი, ჩიბუხით ხელში”..

მეტონიმია ეწოდება სიტყვის გადატანას მომიჯნაობით (ცნებათა ურთიერთობა). ცნობილმა ფილოსოფოსმა კვინტილიანემ თქვა, რომ ამ კონცეფციას განსაზღვრავს, რომ მეტონიმიის არსი გამოიხატება აღწერილი მიზეზის ჩანაცვლებაში. ეს არის დაკავშირებული ცნებების ჩანაცვლება. მაგალითად „ყველა დროშა გვესტუმრება“, ამ შემთხვევაში დროშები ნიშნავს  ქვეყნებს და თუ სიტყვა „დროშებს“ შეცვლით „სახელმწიფოებით“, სტრიქონის მნიშვნელობა საერთოდ არ შეიცვლება.

პერიფრაზი ტროპის სახეა, რომელიც ადამიანის, საგნის მოვლენის დაუსახელებლად აღწერს და გადმოსცემს მათს ნიშან-თვისებებს. მაგალითად: ,,შევამკო ერთი უფალი, ღვთივ ზეცით ქვეყნად მკობილი, ქართველთ სპა-ჯართა, ყოველთა ერთა მსაჯულად ცნობილი“ (დავით გურამიშვილი, ,,დავითიანი“).

მარიამ გრიგალაშვილი, ქ.თბილისის 186-ე საჯარო სკოლის Xკლასის მოსწავლე

 

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები