28 თებერვალი, ოთხშაბათი, 2024

ტოლერანტული მისწრაფებები ვაჟა-ფშაველას პოემაში „ალუდა ქეთელაური“

spot_img

ვაჟა-ფშაველას შემოქმედების პათოსი,  ადამიანის, როგორც ღვთის ხატად შექმნილი არსების შინაგანი უფსკრულბის განჭვრეტაა.  „ალუდა ქეთელაური“ არის ის პოემა, რომელშიც ყველაზე კარგად ჩანს მწერლის შეხედულებები და ცხოვრებისეული გამოცდილება. ვაჟამ შესანიშნავად მოუყარა თავი ერთ პოემაში ყველა იმ სირთულეს, რომელთა გადალახვაც ადამიანებს ცხოვრების გზაზე უწევთ. გარდა ამისა პოემაში ვაწყდებით თანამედროვე მისწრაფებებს და ტოლერანტულ ხედვებს.

ადამიანისთვის სულიერი შფოთვა ყველაზე მძიმეა. პოემის მთავარი პერსონაჟი სწორედ ამ შფოთვას განიცდის.  ალუდა ყველასგან განსხვავებულია. ეს განსხვავებულობა ბადებს მის სულში შფოთვას.  პოემის დასაწყისში ალუდა ქეთელაურს ვეცნობით, როგორც თემში  ერთ-ერთ მოწინავე ვაჟკაცს. მისთვის ბრძოლა და მტრის ძლევა ჩვეულებრივი მოვლენაა.

„ალუდა ქეთელაური

კაცია   დავლათიანი,

საფიხვნოს თავში დაჯდების,

სიტყვა მაუდის გზიანი;“

ნაწარმოების დასაწყისშივე ჩანს ალუდას ბრძოლის ჟინი. მისთვის არ არსებობს დაუძლეველი დაბრკოლება. თემის წესების თანახმად ალუდამ „ბევრს ქისტს მააჭრა მარჯვენა“, რაც მიანიშნებდა მის ვაჟკაცობაზე.  ალუდას შინაგანი სამყარო მაშინ „აირია“, როცა მან ქისტ მუცალთან ორთაბრძოლაში გაიმარჯვა. სიკვდილის წინ,  სასოწარკვეთილი მუცალის ჟესტი, ბალახის მოგლეჯა და ჭრილობაზე დაფენა, ალუდას სულიერ სიმტკიცეს ურყევს. პერსონაჟში ჩნდება უჩვეულო გრძნობა, რომელსაც დღევანდელი გადმოსახედიდან ტოლერანტობა ჰქვია. ალუდა გრძნობს, რომ მიუხედავად რჯულისა და კანონისა, მუცალი ისეთივე ადამიანია, როგორიც თავად. იგი იაზრებს იმასაც, რომ ადამიანი უფლის შვილია და მისთვის სიცოცხლის მოსპობის უფლება არავის აქვს. მისი ასეთი მისწრაფებები ტოლერანტობისკენ, თემში უკმაყოფილებას ბადებს. ავტორი პოემაში წარმოაჩენს ადამიანის შინაგანი განვითარების სირთულეს. იგი ალუდაში ავლენს საკუთარ შეხედულებებსა და სწრაფვას შემწყნარებლობისკენ. ალუდა არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია სწორი არჩევანის გაკეთება და დაპირისპირება მცდარ ხედვებთან. იგი ცდილობს „თავს მოახვიოს“ თემს ის ახალი აღმოჩენები, რომელიც მის სულში ხდება, რადგან გრძნობს, რომ ეს რაღაც საჭიროა საზოგადოებისთვის.  მიუხედავად იმისა, რომ  მას თემიდან კვეთენ, ალუდა ინარჩუნებს ტოლერანტულ დამოკიდებულებას  თემისადმი. მას ძალიან უჭირს მშობლიურ სახლ-კართან და ადგილთან  განშორება. თუმცა ამაყია, რომ ის ალუდაა და არა სხვა, საკუთარ თავში გაუთვიცნობიერებელი ადამიანი.

მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში, არსად ასე მკაფიოდ არაა წარმოჩენილი ტოლერანტული მისწრაფებები, როგორც ვაჟას პოემაში „ალუდა ქეთელაური“. ავტორისთვის დამახასიათებელი ოსტატობა, სულიერი მდგომარეობის აღწერისა, სიუჟეტურ განვითარებას უფრო ამძაფრებს. ალუდა „კათარზისის კაცის“ ნიმუშია. იგი სულის თვითგაწმენდის ეტაპებს წარმატებით გადის და ყალიბდება სრულფასოვან, ტოლერანტ პიროვნებად.

მარიამ ჩაჩანიძე  – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

 

 

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები