22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

სისხლის აღების ტრადიცია პოემაში „სტუმარ-მასპინძელი“

spot_img

„ორ სიმართლეს შორის მოქცეული ადამიანის ბედი ყოველთვის ტრაგიკულად მთავრდება.“ – ამბობს აკაკი ბაქრაძე. ამას მოწმობს როგორც ალუდას, ისე ჯოყოლას თავგადასავალი. ჯოყოლამ ზვიადაური, ქისტების მოსისხლე მტერი, სახლში მიიპატიჟა, რადგან მასში შეიცნო კარგი ყმა, დაინტერესდა ვაჟკაცის პიროვნებით და უფრო ახლოს გაცნობა მოინდომა.

„ვის გაუყიდავ სტუმარი?

ქისტეთს სად თქმულა ამბადა?“

ამ სიტყვებში ჩანს, რომ სტუმარ-მასპინძლობის ადათს პატივს სცემს საზოგადოებაც და პიროვნებაც. რომ არა შურისძიების, სისხლის აღების ტრადიცია, ჯოყოლას საქციელი სულაც არ იქნებოდა გასაკიცხი და დასაგმობი თანასოფლელებისგან.

პოემაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი სიმართლე, პიროვნება და საზოგადოება, სტუმარ-მასპინძლობა და შურისძიება. ჯოყოლა სულაც არ უარყოფდა სისხლის აღების ტრადიციას, ის თემს მოუწოდებდა, მტერზე შური ეძია ისე, რომ არ დაერღვია მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ადათი:

„როცა გასცდება ჩემს ოჯახს,

იქ მოეპყარით ავადა.“

ჯოყოლა „სწორ ფიქრს“ აძლევდა მთელ სოფელს. ამ მოსაზრების გამოთქმისას არ ფიქრობდა სახელსა და დიდებაზე, რაც „კაი ყმის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა. ალხასტაისძე შეურაცხყოფილი დარჩა თანასოფლელების საქციელით. სტუმრის დამცირებამ შელახა მისი ოჯახისა და პიროვნების თავმოყვარეობა, ღირსება:

„რად სტეხთ საუფლო ჩვენს წესსა,

თავს ლაფს რად მასხამთ კოკითა?“

ჯოყოლა კიდევ მრავალი არგუმენტით ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი სიმართლე, უნდოდა სწორი გზა ეჩვენებინა თემისთვის, რაზეც მუსამ დამამცირებელი სიტყვები შეაგება:

„აჰყეფდი ქოფაკივითა,

აბდაუბდაობ შტერადა…“

ამ პასუხმა ძალიან გააბრაზა ჯოყოლა. იძრო ხანჯალი და დაუნდობლად „გულში უმარჯვა ვადამდე”. ეს იყო საბედისწერო ქმედება, რის შემდეგაც მთელი ქისტების ჯარი თავს დაატყდა და გაკოჭა.

„ვაჟას გმირების უბედურება იწყება იმ წუთიდან, როცა ისინი ცდილობენ გადალახონ ბუნებრივი ან ათასწლოვანი ტრადიციებით განმტკიცებული საზოგადოებრივი საზღვრები,“ წერს გერონტი ქიქოძე. ეს ყველაფერი მართლდება, როგრც ჯოყოლას, ისევე ალუდასა და მინდიას თავგადასავალზე.

წეს-ჩვეულებები საზოგადოების ერთიანობის, სიმტკიცისა და ძლიერების საფუძველია. ამიტომ ის ვერ დაუშვებს, რომ ყოველი პიროვნება, როგორი ვაჟკაცი და კარგი ყმაც არ უნდა იყოს, იქცეოდეს ისე, როგორც მას მოესურვება. ამ შემთხვევაში დაიშლება თემის ერთიანობა და არეულობა, გამეფდება. „საზოგადოება ფიზიკურად ყოველთვის ძლიერია პიროვნებაზე“ – ამბობს აკაკი ბაქრაძე, რაც ნათლად ჩანს პოემაში:

„თემს რაც სწადიან მას იზამს,

თავის თემობის წესითა.“

თემი შინაგანად ძალიან სუსტი და უსუსურია. მას მოსისხლე მტერზე შურისძიება უნდა, თუმცა მასთან შერკინებას ვერავინ ბედავს. სისხლის აღების ტრადიცია სულაც არ ქადაგებს იმას, რომ უიარაღოდ დარჩენილი „დუშმანი“ ღამით, მძინარე უნდა გაკოჭო და ვაჟკაცისთვის შეუფერებლად საფლავზე მოკლა. თემი, რომელიც, ერთი მხრივ, მადლობას სწირავს „კაი ყმის“ მარჯვენას, მეორე მხრივ, შეურაცხყოფს ჯოყოლას ვაჟკაცობასა და ღირსებას. სოფელი გრძნობს თავის ფიზიკურ უპირატესობას. ის პიროვნების მიერ მოყვანილ უამრავ არგუმენტს, უპირისპირებს სიტყვებს:

„ჩვენის ნარჩევის დარღვევა

შენ როგორ უნდა გაჰბედო?“

პოემაში თემი და მისი სიმართლე იმარჯვებს მხოლოდ ხორციელად და მარცხდება სულიერად. მან მოუკლა ჯოყოლას სტუმარი, მაგრამ ვერ შეძლო სულიერი ვაჟკაცობისა და ერთობის დამარცხება, რადგან ბოლოს ზვიადაურსა და მის მასპინძელს ერთად ვხედავთ, მთის თავზე, სასუფეველში.

ლუკა კვეტენაძე – ცხრაწყაროს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები