27 ივლისი, შაბათი, 2024

საღამო გამოსალმებისა

spot_img

მზე ჩაესვენა: მის შუქი გამოსალმის ჟამს კავკასსა, თავსა ეხვევა ალერსით, ვით ქალი მამას მოხუცსა! ბუმბერაზ მთანი მდუმარედ ცათამდის აყუდებულნი, ჰსხედან, ვით დევნი, სპეტაკის ყინულ გვირგვინით შემკულნი!

 

 


მათ კლდოვან გვერდთა შავადა ღრუბელნი ზედ დაჰსწოლიან, და მრისხანებით ქვეყანას წარღვნითა ემუქრებიან. გაზაფხულისა ველითა ტყე შემოსილი სიმწვანით, მთებისა კალთებს შეამკობს სატკბო სუნნელთა მოფენით. წყალნი მთით დაქანებულნი, ალმასებრ უფსკრულს ჰსცვივიან, თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან!

 

 


შეწუხებული ვუმზერ გზას და მასზე ეტლსა მიმსრბოლსა, მიმტაცსა ყოვლის კეთილის, რაცა გვაქვს ამა სოფელსა, რაცა გვიშვენებს სიცოცხლეს ზეციურისა სხივითა, და აღგვამაღლებს ამ სოფლით სულისა აღმაფრენითა!

 

 


მიდიხარ, სატრფოვ? მშვიდობით! მარად დღე ჩემი კურთხევა ცად მიმართ შენთვის მექნება, ვიდრემდის სული მელევა. არღა აამონ აწ თვალთა გული შენისა ხილვითა, წარვიდეს ჩემი სიცოცხლე უშენოდ შრომით, ზრუნვითა.

 


ეტლი ჰრბის, სატრფო მშორდების… თანა ჰსდევს ჩემი მას სული, ვმზერ… შორს ძლივსღა ჰსჩანს… აღარ ჰსჩანს… რაღასა ვუმზერ შმაგ-ქმნილი?

 

 


მშვიდობით! ვინცა დამატკბე სიცოცხლის ნეტარებითა, აწ ვისთვის გული მიკვნესის, სული ჰსწუხს განშორებითა, ვის ხილვა არღა შემმოსავს სიხარულისა ნათლითა, არ განმასვენებს მწუხარეს ალერსის ხმითა ტკბილითა!

 


მარამ ამ სოფელს შენს გარდა ვინა მყავს მანუგეშებლად, რომ შენც განმშორდი, დამტოვე, მწუხარებისა მე მსხვერპლად? წახველ, წარმტაცე ყოველი საამებელი სულისა, და ვინ განმიღოს აწ კარი ბედისა დაკარგულისა? ან მე უგუნურს რად მრწამდა ბედისა დაუსრულება? აწ დავჰშთი მარტოდ… მშვიდობით! შენს გულს ნუ ჰშორდეს მშვიდობა!

 

 


არს მწუხარება სულისა, არ აქვს ნუგეში რომელსა, ჰსჯობს ენა ჰსდუმდეს, ხმა შესწყდეს, მოთქმით რა ერგოს გულ-წყლულსა? შეღამდა… მარტო ვზი ჭმუნვით; ჩემი ჩივილი ვის ესმის? დაყრუვდა არე… მხოლოდა ხმა ისმის ზოგჯერ გუშაგის.


მხოლოდ ჰსჩანს, მთანი მდუმარედ აყუდებულან ცათამდის, და ყაზიბეგსა საამოდ ზედა ვარსკვლავი დაჰნათის! წყალნი მთით დაქანებულნი, უფსკრულსა იკარგებიან, თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან!

 


 

მზე ჩაესვენა, მისი  შუქი ჩასვლისას ისე ეხვევა კავკასიონის მთებს, როგორც ქალი (ასული) მოხუც მამას. ცამდე აყუდებული ბუმბერაზი, მდუმარე მთები, ყინულის გვირგვინით შემკულნი, დგანან დევებივით.

 

 

 

 

კავკასიონის კლდოვან გვერდებს შავად დასწოლიან ღრუბლები, რომლებიც ქვეყანას წარღვნით ემუქრებიან. გაზაფხულის სიმწვანით შემოსილა ტყე და მთის კალთები სურნელით მოფენილა. მთიდან დაქანებული წყალი ალმასის მსგავსად ცვივა უფსკრულში. თერგი მორბის, ღრიალებს და კლდეები ბანს ეუბნებიან.

 

 

 

დამწუხრებული ვუმზერ გზას და მასზე სწრაფად მიმავალ ეტლს, ყველაფერ კარგის მიმტაცებელს, რაც ამ ქვეყნად გაგვაჩნია, რაც გვილამაზებს სიცოცხლეს ზეციური სხივითა და ამ ქვეყნად სულიერად აღმაფრენით.

 

 

მიდიხარ, სატრფოვ? მშვიდობით! ჩემგან მარად დალოცვილი იქნები. ზეცის მიმართ მუდამ შენთვის ვილოცებ, სულის ამოხდენამდე. აღარ იამებს შენი ხილვით გული. ჩემი სიცოცხლე უშენოდ გავა შრომასა და ზრუნვაში.

 

ეტლი მირბის, სატრფო მშორდება და მას მისდევს ჩემი სული. ვხედავ… შორს ძლივსღა ჩანს… აღარ ჩანს… რაღად ვუმზერ გაშმაგებული?

 

 

მშვიდობით! სიცოცხლე გამიხალისე, ვისთვისაც ჩემი გული ტირის, სული დარდობს განშორებით, ვისი ნახვაც  აღარ გამახარებს, დამწუხრებულსაც აღარ დამამშვიდებს ტკბილი ხმით!

 

 

შენც გამშორდი, დამტოვე მწუხარების მსხვერპლად, ამ ქვეყნად შენ გარდა ვინ მყავს, რომ მანუგეშოს? წახვედი და წაიღე ჩემი სულის სიმშვიდე, უბედოდ დარჩენილს კარი ვინ უნდა გამიღოს? ან მე, უგუნურს, რატომ მწამდა ბედის დაუსრულებლობა? ახლა კი დავრჩი მარტო, მშვიდობით! შენს გულს მშვიდობა არ მოკლებოდეს!

 

 

 

სულის მწუხარებას არ აქვს ნუგეში, სჯობს ენა დადუმდეს, ხმა შეწყდეს, გულის ტკივილს მოთქმით რა ეშველება? მოსაღამოვდა, ვზივარ მარტო დარდიანი, არავის ესმის ჩემი ტკივილი. დადუმდა არემარე, ზოგჯერ მხოლოდ გუშაგის ხმა ისმის.

ჩანს მხოლოდ ცამდე მდუმარედ აზიდული მთები და სასიამოვნოდ მოკაშკაშე ვარსკვლავი, რომელიც ყაზბეგის მთას ანათებს! მთიდან წამოსული წყალი უფსკრულში იკარგება, თერგი მორბის,  ღრიალებს და კლდეები ბანს აძლევენ!

 

 

ანი მაზმიშვილი – სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. მთისძირის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები