24 ნოემბერი, კვირა, 2024

რუსთველური შაირი

spot_img

გაბატონებული შეხედულებით, შაირი არის თექვსმეტმარცვლიანი ლექსი, რომლის სახესხვაობასაც წარმოადგენს რვამარცვლიანი და ოთხმარცვლიანი ტაეპები, რომლებიც შაირის ზომით დაწერილი სრული სალექსო სტრიქონის ორად/ოთხად დაყოფის შედეგად მიიღება.

შაირი წარმოშობით არაბული სიტყვაა და ლექსს ნიშნავს. „ვეფხისტყაოსანში“ შაირი ლექსის/პოეზიის მნიშვნელობითაა გამოყენებული, თუმცა, მომდევნო პერიოდში, მისი დანიშნულება სალექსო მეტრის (საზომის) აღნიშვნაა.

„ვეფხისტყაოსანი“ 16-მარცვლიანი შაირითაა დაწერილი (გამონაკლისია ერთადერთი სტროფი, რომელიც იწყება ასე: „შეკრა წითელი ასი ათასი…).  კლასიკური ხანის მწერლობაში, 16-მარცვლიანის გარდა, ხშირად იყენებდნენ 10 და 20 მარცვლით შედგენილ ტაეპებს.

წარმოგიდგენთ სამივე სახის შაირის ნიმუშებს.

თექვსმეტმარცვლიანი შაირია:

„ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა,

შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,

ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ უნაგირსა.

ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა. “ (შოთა რუსთაველი).

შენიშვნა: რადგან ქართულ მწერლობაში ყველაზე ცნობილია 16-მარცვლიანი საზომით დაწერილი რუსთაველის პოემა, ამიტომ ამ საზომს რუსთველურ შაირსაც უწოდებენ.

რვამარცვლიანი შაირია:

„ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

ჩემო სამშობლო მხარეო,

შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,

შენზედვე მგლოვიარეო.” (აკაკი წერეთელი).

ოთხმარცვლიანი შაირია:

„თავდახსნის და ძლევის ხმები ეფინება ზურმუხტ მდელოს,

გაუმარჯოს ბორკილაყრილ თავისუფალ საქართველოს!” (გ. ქუჩიშვილი).

შენიშვნა: რადგან 8 და 4 მარცვლისგან შედგენილი შაირები უმეტესად ხალხურ პოეზიაში გვხვდება, როგორც გაბატონებული საზომი, ამიტომ ზოგჯერ მათ ხალხურ შაირსაც უწოდებენ.

რუსთაველი პოემაში, თუ შეიძლება, ასე რომ ვთქვათ, ერთფეროვნების დასაძლევად  შაირის რიტმული წყობის ვარიაციებს იყენებს. პოემაში გვხვდება შაირის ორი ძირითადი სახე: დაბალი/დაქტილიური, ანუ გრძელი შაირი და მაღალი/პეონური, ანუ მოკლე შაირი. შაირის ორივე სახე თექვსმეტ მარცვალს შეიცავს, განსხვავება მხოლოდ მათ რიტმულ წყობაშია. ქვემოთ მოცემული მაგალითებიდან პირველი მაღალი შაირითაა გაწყობილი, ხოლო მეორე – დაბლით:

  1. ნახეს უცხო | მოყმე ვინმე, || ჯდა მტირალი | წყლისა პირსა…
  2. იყო არაბეთს | როსტევან, || მეფე ღმრთისაგან | სვიანი…

თუ 16-მარცვლიან შაირს ორ 8-მარცვლიან შაირად დავყოფთ, სწორედ მაშინ ვლინდება  ორი სახეობა: მაღალი (ქორეულ–პეონური) და დაბალი (ქორეულ–დაქტილიური) შაირები.

მაღალი შაირი: რვა მარცვლიან მაღალ შაირს აქვს მცირე ცეზურა ოთხი მარცვლის შემდეგ. ხაზები დაყოფილია ოთხ მარცვლიან ნაწილებად, სადაც ცეზურა გამოიყენება მეორე ნაწილის შემდეგ: xxxx xxxx//xxxx xxxx. გაორკეცებული რვა მარცვლიანი მაღალი შაირი გვაძლევს 16-მარცვლიან მაღალ შაირს, რომლის მთავარი ცეზურა არის რვა მარცვლის შემდეგ.

დაბალი შაირი: 8-მარცვლიან დაბალ შაირში ხაზები დაყოფილია ხუთ და სამ მარცვლიან ნაწილად, ცეზურით, მეორე ნაწილის შემდეგ:xxxxx xxx//xxxxx xxx. გაორმაგებული რვა მარცვლიანი დაბალი შაირი ქმნის თექვსმეტ მარცვლიან შაირს მთავარი ცეზურით, რვა მარცვლის შემდეგ და დამხმარე ცეზურებით, სამი ან ხუთი მარცვლის შემდეგ.

ხოლო რაც შეეხება ცეზურას, იგი ტაეპის რიტმულ-ინტონაციური პროცესის გამყოფი ბუნებრივი შესვენება და ტაეპის სტრუქტურული ელემენტია. ანტიკურ მეტრიკაში ცეზურა მოდიოდა, როგორც წესი, ტაეპის შუა ნაწილზე და ყოფდა მას ორ ნახევარტაეპებად,  რომელთაგან პირველს აღმავალი რიტმი ჰქონდა, მეორეს –  დაღმავალი. ქართულ პოეზიაში სამი სახის ცეზურა გვხვდება: ერთცეზურიანი, ორცეზურიანი და სამცეზურიანი. ცეზურათა რაოდენობა სტრიქონში მარტივი ამოსათვლელია: ბუნებრივი, მცირე შესვენებათა რიცხვს ემთხვევა.

ნინო აბჟანდაძე, ახალთერჯოლის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები