1 თებერვალი, ოთხშაბათი, 2023

რიცხვითი სახელების მართლწერა

spot_img

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ორთოგრაფიულ საკითხად რჩება რიცხვითი სახელების მართლწერა.

რიცხვითი სახელი აღნიშნავს საგნის რაოდენობას, რიგს ან ნაწილს. ქართულ ენაში რიცხვითი სახელი სამგვარია: რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი.

რაოდენობითი რიცხვითი სახელი აღნიშნავს საგნის რაოდენობას. მისი კითხვაა რამდენი? –  ერთი, ორი, სამი, ათი, ოცი, ასი და ა.შ..

რიგობითი რიცხვითი სახელი გამოხატავს საგნის რიგს. მისი კითხვებია: მერამდენე? რიგით რომელი? – პირველი, მეორე, მესამე, მეათე, მეოცე, მეასე და ა.შ..

წილობითი რიცხვითი სახელი აღნიშნავს საგნის ნაწილს მთელთან შეფარდებით. მისი კითხვაა მერამდენედი? –  მეორედი, მესამედი (ნასამალი), მეოთხედი (ნაოთხალი), მეათედი, მეოცედი, მეასედი და ა.შ..

რაოდენობითი რიცხვითი სახელების  უმეტესობა რთულფუძიანია (ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე კომპონენტის შერწყმით არის მიღებული). მაგალითად, ოცდახუთი შედგება ორი ფუძისგან ( ოცი და ხუთი), სამოცდაექვსი შედგება სამი ფუძისგან ( სამი, ოცი და ექვსი), ხუთას ორმოცდაათი კი შედგება ოთხი ფუძსგან ( ხუთი, ასი, ორმოცი, ათი). რაოდენობითი რიცხვითი სახელების ნაწილი ერთად იწერება, ნაწილი კი დამოუკიდებელი სიტყვების სახით.

ერთად იწერება: ყველა რიცხვითი სახელი ერთიდან ასის ჩათვლით და ასეულთა სახელები (ორასი, სამასი, ხუთასი…), ათასი, მილიარდი…

ცალ-ცალკე იწერება დანარჩენი რაოდენობითი რიცხვითი სახელები: ას ოცდახუთი, ას ორი, სამი ათასი…

აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ რთული შედგენილობის რაოდენობითი რიცხვითის რიგობითად გადაქცევისას რიცხვითი სახელი დაიწერება შერწყმულად: ასოთხმოცდამეათე, ასორმოცდამეორე და ა.შ.

საგულისხმოა, რომ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის 2019 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე რაოდენობითი და რიგობითი სახელების მართლწერის ახალი ნორმები დადგინდა. ახალი დადგენილებით თანახმად:

რიცხვითი სახელის პირველი დაწერილობისას უპირატესობა მიენიჭოს სიტყვიერად ან რომაული ციფრით (პირველი ან I, პირველმა ან I-მა) გამოსახვას.

პირველი არაბული ციფრით უნდა გამოისახოს შემდეგნაირად: 1-ელი, 1-ელმა, 1-ელს, 1-ელის… (1-ელი მუხლის მიხედვით, 1-ელ თავში შევიდეს ცვლილებები, 1-ელის შესაბამისად…).

თვეების პირველი კალენდარული დღის აღნიშვნისას დასაშვებია ტრადიციულად დამკვიდრებული ფორმები: 1 იანვარი, 1 მაისი, 1 სექტემბერი და სხვ.

გავითვალისწინოთ ასევე: რიგობითი რიცხვითი სახელის წარმოთქმისას თუ „მე“ მაწარმოებელია ჯერ და შემდეგ ციფრი, მაშინ ჩაწერის მართებული შემთხვევაა მე-5, მე-7… თუ წარმოთქმისას მაწარმოებელი „მე“ სიტყვის შუაშია მოქცეული, ჯერ იწერება არაბული ციფრი, შემდეგ მაწარმოებელი- „ე“: 51-ე, 379-ე…

რომაულ ციფრებთან კი მაწარმოებლები არ იწერება,გარდა იმ შემთხვევისა, თუ რიგობით სახელი ბრუნვის ფორმითაა მოცემული: გიორგი II,მაგრამ დავით IV-ს.

„ნახევარი“ წინამავალ რიცხვით სახელს დეფისით უკავშირდება: ათ-ნახევარი, რვა თვე-ნახევარი, ორ-ნახევარი.თუ რიგობითი რიცხვით სახელს თანდებული დაერთის, იგი დაიწერება დეფისით მე-5-ში,მე-6-ზე.

ციფრით გამოხატულ რიცხვით სახელზე ( როგორც რაოდენობითზე, ისე რიგობითზე) დართული ბრუნვის ნიშნები, ნაწილაკი, თანდებული ან ნებისმიერი სხვა სუფიქსი დეფისით უნდა გამოვყოთ: 20-მა, 4-ს, V-ის, 51-ემ, მე-7-ში, III-ც, 25-ზე, 60-იანი, 7-ჯერ, 51-ეში და ა.შ.

რომაული ციფრების გამოყენებისას ყოველგვარი თავსართ-ბოლოსართის დართვა ზედმეტია. ეს ციფრები თავად გამოხატავენ რიგითობას. დაუშვებელია V-ე; მე-X-ე; XV-ე.

უნდა აღინიშნოს წილობითი რიცხვითი სახელების წერის წესებიც. წილობითი რიცხვითი სახელის ნაწილები იწერება ცალ-ცალკე: ორი მესამედი, ერთი მეასედი და ა.შ.

 მარიამ გრიგალაშვილი ქ.თბილისის 186-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები