4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

პუნქტუაცია

spot_img

პუნქტუაცია – სასვენ ნიშანთა სწორად გამოყენების წესები. პუნქტუაციის დაცვა აუცილებელია წერის პროცესში. გთავაზობთ პუნქტუაციის ზოგად წესებს, კონკრეტული მაგალითებით.

წერტილი იწერება:

  1. თხრობითი წინადადების ბოლოს.

მაგალითად: ბავშვი წიგნს კითხულობს.

  1. სიტყვათა შემოკლებისას.

მაგალითად: სხვ. ე.წ. ა.შ. ე.ი.

წერტილი არ გამოიყენება:

  1. სათაურის ბოლოს;
  2. ფრჩხილებში ჩასმული სიტყვის, ან წინადადების ბოლოს;
  3. ციტატის ბოლოს;
  4. ავტორისა და წყაროს დასახელებისას;

მძიმე დაისმის:

  1. დამატებითი ინფორმაციის შემცველ, განკერძოებულ განსაზღვრებასთან.

მაგალითად: თომა, მუშაობით დაღლილი, შინ წავიდა.

  1. დამატებითი ინფორმაციის შემცველ სიტყვასთან, ან სიტყვათა ჯგუფთან, რომელიც მთავარ წევრთან მაკავშირებელი სიტყვით (ან პაუზით) არის შეერთებული.

მაგალითად: ჩვენ, ექიმები, სამყაროს სხვა თვალთ ვუყურებთ.

  1. მიუხედავად და გარდა თანდებულებთან

მაგალითად: ავადმყოფობის მიუხედავად, მხნედ ვარ.

  1. განკერძოებულ გარემოებასთან.

მაგალითად: რამდენიმე წუთში, გაკვეთილის დაწყებამდე, მივალ სკოლაში.

  1. დარწმუნების გამომხატველ სიტყვებთან:

მაგალითად: ნამდვილად, სწორედ, რა თქმა უნდა და ა.შ.

  1. დაუზუსტებელი აზრის, ან ინფორმაციის გადმოცემისას.

მაგალითად: ვვარაუდობ, ვფიქრობ, მგონია, სავარაუდოდ და სხვ.

  1. რაიმე ფაქტის, მოვლენის, ან სიტუაციის შეფასებისას.

მაგალითად: მოსალოდნელია, ბუნებრივია, წესისამებრ და ა.შ.

  1. აზრის წყაროს დასახელებისას.

მაგალითად: ჩემი აზრით, საზოგადოების ხედვებიდან გამომდინარე, ავტორის მტკიცებით.

  1. ნათქვამისადმი დამოკიდებულების გამოხატვისას.

მაგალითად: უფრო სწორად,  მართებულია და ა.შ.

  1. აზრების ლოგიკური და თანმიმდევრული დალაგებისას.

მაგალითად: მოკლედ, ერთი სიტყვით და სხვ.

  1. კნინობით-ალერსობითი ფორმების ჩართვისას.

მაგალითად: შენ გენაცვალე, ჩემო პატარა და ა. შ.

  1. მიმართვებთან

მაგალითად: ზურა, მოდი აქ!

  1. როცა მიმართვა წინადადების შუაშია, იგი მძიმეებით გამოიყოფა. წინადადების ბოლოს მყოფი მიმართვის წინ მძიმე აუცილებელია.

მაგალითად:

მოგესალმებით, ბატონო დავით, როგორ ბრძანდებით?

როგორ ხარ, დავით?

  1. მძიმის დასმას გარკვეული თავისებურებები აქვს შერწყმულ წინადადებებთან.

→ როდესაც რამდენიმე ქვემდებარე გვხვდება ერთ შემასმენელთან;

მაგალითად: ანი სწავლობს ქართულს, გერმანულს, რუსულსა და ფრანგულს.

→ როდესაც რამდენიმე შემასმენელი გვხვდება ერთ ქვემდებარესთან;

მაგალითად: ანი მღერის, უკრავს, ხატავს, ცეკვავს და საკმაოდ ნიჭიერია.

→ როდესაც ერთ შემასმენელთან რამდენიმე დამატებაა;

მაგალითად: მამამ მაღაზიაში ტკბილეული, ხილი და ბოსტნეული იყიდა.

→ როდესაც საზღვრულ წევრთან რამდენიმე განსაზღვრებაა;

მაგალითად: ის ძალიან ლამაზი, მაღალი, მოხდენილი, ნიჭიერი და შრომისმოყვარე გოგონაა.

  1. არც-არც, ვერც-ვერც, ნურც-ნურც, კიდეც-კიდეც წყვილი ნაწილაკების წინ მძიმე აუცილებელია.

მაგალითად: სახლში არც მარიამი, არც თეკლე, არც კესო არ დამხვდა.

  1. როცა მაკავშირებელი სიტყვა მეორდება.

მაგალითად: გინდ ერთი იყოს, გინდ მეორე.

  1. მაგრამ, თუმცა, ოღონდ კავშირების წინ.

მაგალითად: ვენდე, მაგრამ იმედი გამიცრუა.

ძირითად შემთხვევებში მძიმე არ დაისმის და, თუ, ან, კავშირების შემდეგ, მაგრამ არის გამონაკლისებიც.

კითხვის ნიშანი

კითხვის ნიშანი იწერება კითხვითი წინადადების, ან სიტყვის ბოლოს.

მაგალითად: როგორ ხარ? რატომ? რისთვის? ვისთვის?

ძახილის ნიშანი

ძახილის ნიშანი დაისმის:

  1. ძახილის წინადადების ბოლოს.

მაგალითად: ბრავო! ყოჩაღ! და ა.შ.

  1. ბრძანებითი წინადადების ბოლოს.

მაგალითად: გაჩუმდი! წადი! მოდი! დაიძინე! და სხვ.

  1. ცალკე მდგომ მიმართვებთან.

მაგალითად: მარიამ! გიორგი! კესო! და ა.შ.

  1. შორისდებულებთან;

მაგალითად: ვაშა!

კითხვა-ძახილის ნიშანი

იწერება, როცა კითხვასთან ერთად გადმოცემულია ემოციები.

მაგალითად: ჯერ არ გისწავლია?!

მრავალწერტილი

იწერება, როცა:

  1. სათქმელი არ არის დასრულებული.

მაგალითად: მე… მე… არ შემიძლია.

  1. არასრული ციტირებისას.

მაგალითად: „ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით…“

ბრჭყალები

ბრჭყალებში ჩაისმის:

→ ციტატები;

მაგალითად: „ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია.“

→ ჟურნალ-გაზეთთა სახელები;

მაგალითად: გაზეთი „ახალი განათლება“

→ ნაწარმოებების სათაურები

მაგალითად: „მგზავრის წერილები“

→ ვულგარიზმები და ბარბარიზმები

მაგალითად „პროსტა“ „ღადაობა“ და ა.შ.

→ ნაწარმოებების, წიგნების და სხვათა საკუთარი სახელები

მაგალითად: გუშინ „დარისპანის გასაჭირი“ ვნახე.

ფრჩხილები

ფრჩხილებში ჩაისმის:

  1. სიტყვა, ან წინადადება, რომელიც განმარტავს წინა სიტყვას.

მაგალითად: პუნქტუაციის ( სასვენ ნიშანთა გამოყენების წესი) დაცვა აუცილებელია.

  1. დამატებთი ცნობის მომცემი ჩართული სიტყვები და წინადადებები.

მაგალითად: ჩემი მასწავლებელი (ნინო) ძალიან კარგი ადამიანია.

ორწერტილი

დაისმის:

  1. ჩამონათვლის წინ;

მაგალითად: ჩვენს ეზოში ყვავილები: ია, ენძელა, ტიტა და ვარდი აყვავდა.

  1. რთულ ორნაწილიან წინადადებაში, სადაც მეორე ნაწილი პირველს განმარტავს.

მაგალითად: ჩვენი ბედი დღეს წყდება: ან გავიმარჯვებთ და სიხარულით დავბრუნდებით შინ, ან დავმარცხდებით.

  1. როცა ავტორის ნათქვამს მოსდევს პირდაპირი ნათქვამი.

მაგალითად:  მან უთხრა: – არა! არ გაგიშვებ!

წერტილ-მძიმე

წერტილ-მძიმე დაისმის:

  1. ორ სინტაქსურად დამოუკიდებელ, მაგრამ შინაარსობრივად დაკავშირებულ წინადადებას შორის.
  2. პუნქტების ჩამოთვლისას.

დეფისი

დეფისი დაისმის: გაორკეცებული, ან მრავალფუძიანი რთული სიტყვების დაწერისას.

მაგალითად: ნელ-ნელა, ცალ-ცალკე, მთა-ბარი, დედ-მამა.

ტირე

ტირე იწერება:

  1. წინადადებაში ზმნური ნაწილის ან კავშირის გამოტოვებისას.

მაგალითად: ეს ჩემი წიგნია, ის – ლუკასი.

  1. დიალოგების წინ.

მაგალითად:

— როგორ ხარ?

— კარგად.

მარიამ ჩაჩანიძე სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები