2 თებერვალი, ხუთშაბათი, 2023

ნის სახე მოთხრობაში „იგი“

spot_img

პიროვნების შემეცნების, სრულფასოვან ადამიანად ქცევის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სიყვარულს, როგორც ღვთაებრივი ნიჭის გამოვლენას ადამიანში. სიყვარული შთაგონებაა ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის ,,იგი“ მთავარი გმირისთვის, ნი კი შემოქმედის ის შთაგონებაა, რომელიც მის სულში მოედინება.

ნი მაშინ ჩნდება იგის არსებაში, როცა სხეულში წუხილი შემოეპარება, ძვალს მიაგნებს და ღრღნას დაუწყებს დამშეული ნადირივით, იწყება დაუსრულებელი ბრძოლა ტკივილსა და მწუხარებას შორის.

ნაწარმოების მიხედვით, ნის გახსენება ებრძვის წუხილს. „ნი, ნი, ნი,ნი“… – იმეორებს იგი და შეშინებული წუხილიც უგზოუკვლოდ იკარგება და მოსვენებას გრძნობს იგიც. მართალია, ნის ხსენებას მიეჩვია წუხილიც და ძველებურად დათარეშობს თავის ნებაზე იგის სხეულში, მაგრამ ნისაც ხომ განსხვავებული იგი აკვირვებს, წუხილით სავსე იგი აოცებს, იმ წუხილისა, რომელიც გამართვას, თავაწეულ სიარულს, დღის თვალისა და მთების ამაყად ცქერას უკავშირდება. ნის საკვირველი სითბოც მუდამ გამართვას მოითხოვს იგისგან. მოთხრობის მთავარ პერსონაჟს ნის სიყვარული აძლიერებს და ეხმარება მას გამართვაში, სიყვარული აკეთილშობილებს და ხელოვნების წყურვილს უღვიძებს. სიყვარული იგის სამყაროს მშვენიერებას უფრო მძაფრად შეაგრძნობინებს. ისეთ მშვენიერებას, როგორც იგის სხეულში ჩაბუდებული ნი იყო.

ნის ხატება იწვევს იგის მარტოსულობის დაძლევას. ნი და იგი იმ პირველყოფილი საზოგადოების წევრები არიან, რომელიც არსებობისა და ურთიერთობის ჯოგურ წესს ეფუძნება. ამ საზოგადოებაში წყვილი, როგორც ფენომენი, არ არსებობს. რაც ამ წესს დაარღვევს და წყვილად ჩამოაყალიბებს, სიყვარულის განცდაა. განცდას იგისთვის სიტყვა სუნი გამოხატავს. ასე ჩნდება იგის სხეულში ნის სუნი: „ნის საკვირველი სუნი ასდის. თბილი და საამო“, ,,ნის საკუთარი საამო სუნი შემოიპარა“, ,,ნის იგის სხეულში თბილი სუნი შემოჰქონდა“…

ნის სუნი იგიში ხან ჩნდება, რაც სიყვარულის აღზევების ნიშანია, ხანაც მის საამო სუნს მძაფრი ქალური სუნი ცვლის, რაც ფიზიკური ინსტინქტის მოზღვავების ნიშანია.

ნი იგის არსებაში ყველაზე სათუთ სიმს ეხება და იგიც ალაგებს მის გონებაში შემოსეულ სიტყვებს და ნის საკვირველ სიტყვებს ეუბნება: „ნის თვალები ისეთია, როგორიცაა ზღვა“, „ნის თმა ისეთია, როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი.“ ნისაც მოსწონს მეოცნებე იგის საკვირველი სიტყვები. იგისთვის ნი ჩვეულებრივი ქალი არ არის, სხვა თანამოძმესავით მხოლოდ ვნება არ აკავშირებს მასთან. თავდაპირველად ნის აფრთხობს თანატომელებისაგან განსხვავებული მამრი, მისთვის უცხოა ასეთი ურთიერთობა, სხვა ჯიშისად მიიჩნევს, ბოლოს კი იგი და მისი სიტყვები ენატრება, ხვდება, რომ იგი კარგია: „იგის საკვირველი სიტყვები აქვს; ნის ენატრება საკვირველი სიტყვები“, – ამბობს ნი და როცა ყველაფერი სითბოში გაეხვევა, როცა ყველაფერი სითბოდ იქცევა, როცა ყველაფერი იგი ხდება და როცა ყველაფერი ნია, ნი ნიავივით დაიჩურჩულებს: „იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი კარგია“.

„იგი კარგია“ – ეს სიტყვები ნისა და იგის ურთიერთობას აჯამებს და აგვირგვინებს.

პიროვნებად ქცეული ორი არსება ხვდება, რომ სიყვარულიც კარგია; საუცხოოა გრძნობა, რომელსაც გამოქვაბულის საზოგადოებას გამოყოფილი ნი სრულიად უბრალო სიტყვებით გამოხატავს: „ნის იგის გვერდით ყოფნა უნდა, ნის უნდა, რომ იგის გვერდით იჯდეს“.

პირველყოფილი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი განურჩევლობა ქალისა და კაცის ურთიერთობაში იგისთვის მიუღებელია, რადგან ასეთი ურთიერთობა სიყვარულისათვის შეუთავსებელია. როცა იგი ისე ექცევა ნის, როგორც ყველა ყველას, იგის ფსიქიკა ირღვევა, მას რაღაც ამაღლებულსა და სათუთს უმღვრევს. ნის არსება მახინჯდება და ტკივილად იქცევა. იგი ნის, როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდს, ისე ხატავს. ქვიშა წარმავალია, სიყვარული მარადიული, იგი წარმავლობაში მარადიულის მოძიებას ცდილობს, ველური წესით შეურაცხყოფილი სიყვარულის თავისი სხეულიდან გამოდევნას ლამობს და ცდილობს ძველებური ნი დარჩეს მის სულში, შეძლებს კიდეც ამას: „იგის სხეულში ნი ისევ ლამაზი და თბილი იყო და საამო სუნი ასდიოდა.“

ნისა და იგის წყვილი ისევე განწირულია, როგორც თავად იგი. როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, როცა იგი დიდი დაძინების ქარაფის წვერიდან უკან ნაბიჯს გადადგამს და მიწას ვეღარ იგრძნობს, უკან დაბრუნებულ ნის ძალიან გაუჭირდება… თუმცა, მაინც დაბრუნდება… ალბათ, საყოველთაო წესსაც დაემორჩილება, მაგრამ საკვირველ სიტყვებს ვერ დაივიწყებს. ნი ხომ იგის სულიერი სინაზისა და სიფაქიზის მემკვიდრეა.

თაკო კეშელავა
სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლა, XII კლასი

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები