27 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

„ნინოწმინდის ღამე“ (ანალიტიკური კომენტარი)  

spot_img

1926 წლის 26 მარტს ნინოწმინდის გალავანში შეიკრიბა ოთხი ბუმბერაზი ადამიანი: სანდრო შანშიაშვილი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და გიორგი ლეონიძე. ამ შეკრების გამოძახილია ლექსი „ნინოწმინდის ღამე“. ლექსი ნათლად აღგვიწერს, როგორი ჯადოსნური იყო ის ღამე მეგობრებისთვის.

ნაწარმოები წარმოადგენს მეგობრობის, სიყვარულისა და პოეზიის ჰიმნს. ნინოწმინდის გარემომ, მეფეთა პალატებმა  დიდი გავლენა იქონია ავტორის გუნება-განწყობილებაზე. „ცისფერყანწელები“ ცდილობდნენ, გაქცეოდნენ დროის წარმავლობას. როგორც შარლ ბოდლერი ამბობს, პოეზიით  თრობა მნიშვნელოვანია, რადგან ის  ერთადერთი ხსნაა „რათა არ ვეყმოთ, არ ვემონოთ დროს“.

გიორგი ლეონიძე ამ ლექსში იყენებს „ვეფხისტყაოსნისეულ“ ალუზიას – „ხატი იყავ – ვეფხვი დაქალებული“. ლექსში საუბარია ქალზე, რომელიც მისთვის სილამაზის, სიყვარულისა და მარადიულობის სიმბოლოა. ავტორს სიყვარულთან ერთად „ატმებით მსხმოიარე“ ცა სიცოცხლით ავსებს. „გაზაფხულის რძის სუნი“ კი ყველა გრძნობას ამძაფრებს (აბრიალებს) პოეტებში:

„ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა

საქართველოს ლექსის მეხანძარენი

ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!“

ლექსში ჩნდება ათაბაგის ქალი, რომლის სიყვარულიც ტამერლანის ხმალივით იჭრება გულში. მოხმობილ ციტატაში ერთად ჩანს სიმბოლისტური ზამბახებიანი ღამე და მარადიული გრძნობა სიყვარული:

„მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს

და სიყვარულს ათაბაგის ქალისა.“

„ნინოწმინდის ღამეში“ ლეონიძისთვის ქალი ერთდროულად სალოცავი ხატიცაა და ხელშესახები სათაყვანებელიც. ავტორი ქალის უზადო სხეულს ადარებს „ოქროს კალმახებს“, „თავთუხის ყანებს“. გიორგი ლეონიძე პოეტური ოსტატობით ხოტბას ასხამს მას:

„წინანდალის ვაზი აყვავებული,

ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა.“

შემოქმედისთვის ქალი იმ მშვენიერ დურაჯს ჰგავს, ბაზიერის დაფის ხმაურზე რომ შეშინებული მაყვლის ბუჩქს შეაფარებს თავს.

ლექსში ძირითადად ხაზი გასმულია მეგობრობასა და სიყვარულზე, მათ გადმოსაცემად კი პოეზიაზე უკეთესი საშუალება რთული მოსაძებნია. სანდრო, პაოლო, ტიციანი და გიორგი კი იმ ღამით ნინოწმინდის გალავანში ერთად გრძნობენ ამ ორი ფენომენის ძალას.

ნინო წიგნაძეჭიათურის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე

ნინო აბესაძე – სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები