პუნქტუაციიდან განსაკუთრებულად საყურადღებოა მძიმე. გთავაზობთ იმ წესთა ერთობლიობას, რომელიც ამ სასვენი ნიშნის გამოყენებასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია.
მძიმე განკერძოებულ განსაზღვრებასთან/გარემოებასთან
განკერძოებული განსაზღვრება წინადადებაში, ცალკე თუ თავისი თანმხლები სიტყვებით, მძიმეებით გამოიყოფა (როცა შუაშია) ან მძიმით (როცა თავშია ან ბოლოში). ზოგადად, განკერძოებული განსაზღვრება იძლევა დამატებით ინფორმაციას. იშვიათად, განკერძოებულ განსაზღვრებასთან/გარემოებასთან შეიძლება დაისვას ტირეც:
ლილე, ლამაზ კაბაში გამოწყობილი, მოვიდა კონცერტზე.
იქ დიდი მთებია, თოვლიანი.
ანა, ჩუმად გასუსული, ელოდა თავის რიგს.
ანა – დავალებით გატაცებული – ხმას არ იღებდა.
მზე ამობრწყინდა აღსავლიდან, მნათობთა დასაბადებლიდან.
შენიშვნა: ტირეს გამოყენების პრაქტიკა თითქმის არ გვხვდება.
მძიმე დანართთან
დანართი, ცალკე თუ თავისი მხლებელი სიტყვებით, წინადადებისაგან გამოიყოფა მძიმეებით (როცა შუაშია), მძიმით (როცა თავშია ან ბოლოში). დანართი სახელით გადმოცემული წინადადების რომელიმე წევრის შესახებ დამატებითი ცნობის შემცველი სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფია, რომელიც მისამართ წევრთან შეერთებულია პაუზით ან საგანგებო საკავშირებელი სიტყვით.
არჩილი შეეხვეწა ოფოფაანთ დემეტრეს, გამოჩენილ ჯარა-ექიმს.
ასახსნელ-განსამარტავ წევრებთან დანართის დასაკავშირებლად გამოყენებულია ან კავშირები, ან კავშირის ფუნქციით გამოყენებული სიტყვები და ნაწილაკები:
ესე იგი (ე.ი.), ანუ, თუნდაც, როგორც, განსაკუთრებით, სახელდობრ, მაგალითად, ვთქვათ, უმთავრესად, კი, მეტადრე, ისიც, –ც, სიგრძით, სპეციალობით, წოდებით, სახელად, მეტსახელად, გვარად, ტომით, მოდგმით, წარმოშობით, ეროვნებით და ა.შ.:
შარშან მარი, ანუ ჩემი მეგობარი, საცხოვრებლად ბათუმში წავიდა.
დიდი ვალდებულებაა, როცა მოქალაქე ხარ, თანაც სპეციალობით ექიმი.
დანართი წინადადებაში შეიძლება წარმოდგენილი იყოს გაუვრცობლად (ე.ი. ცალკე ერთეულად). მაგალითად:
ნინი ჩემს მეგობარს, ლიკა აბაშიძეს, კარგად არ იცნობდა.
ან გავრცობილად (მომყოლი სიტყვებით ან სიტყვით):
გუშინ ანა ვნახე, მეზობლის ნათესავი.
ზოგჯერ დანართი შეიძლება ტირეთი ან ფრჩხილებით გამოიყოს.
ეს წერილი თქვენ თქვენმა მეგობარმა – ლიკა კუხიანიძემ – გამოგიგზავნათ.
ეს საფულე თბილისში (საქართველოს დედაქალაქში) ვიყიდე.
მძიმე გარდა და მიუხედავად თანდებულიან სახელებთან
სახელის ნათესაობითი ბრუნვის ფორმაზე დართული გარდა და მიუხედავად თანდებულიანი გამოთქმები მძიმით გამოიყოფა.
ყველა ხატავდა, ანასტასიას გარდა.
ანასტასიას გარდა, ყველა ხატავდა.
ყველა, ანასტასიას გარდა, ხატავდა.
ბიჭს მაისური ეცვა, მიუხედავად სიცივისა.
მიუხედავად სიცივისა, ბიჭს მაისური ეცვა.
ბიჭს, მიუხედავად სიცივისა, მაისური ეცვა.
მძიმე ჩართულ სიტყვებსა და გამოთქმებთან
ჩართული გამოხატავს მოსაუბრის დამოკიდებულებას წინადადებაში გამოთქმულ ძირითად აზრთან, აფასებს გამონათქვამს. ჩართული გამოიყოფა მძიმით ან მძიმეებით იმის მიხედვით, სად გვხვდება ის: წინადადების თავში, ბოლოში თუ შუაში.
ჩართული გვიჩვენებს, რომ მთქმელი დარწმუნებულია გამოთქმული აზრის სიმართლეში: რა თქმა უნდა; ცხადია; რამდენადაც მახსოვს; მე რომ მკითხოთ; რასაკვირველია; არც მეტი, არც ნაკლები; ბოლოს და ბოლოს…
აზრი მიჩნეულია საეჭვოდ, გადმოსცემს მთქმელის ვარაუდს: ვგონებ; ვვარაუდობ; მგონი; რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს; ჩანს; ცოტა არ იყოს; თუ არ ვცდები; ვინ იცის; ასე თუ ისე; ერთიც ვნახოთ; ვფიქრობ…
ხდება რაიმე ფაქტის შეფასება, განზოგადება: ჩვეულებისამებრ; წესისამებრ; ბუნებრივია; ჩვეულებრივ; როგორც წესი; როგორც ვიცით; საზოგადოდ; როგორც ხშირად ხდება ხოლმე; საერთოდ; მოსალოდნელია; სავარაუდოდ…
გამოხატავს მთქმელის მიერ გამოთქმული აზრის შეფასებას: საბედნიეროდ; სამწუხაროდ; ბედად; რაღაც ეშმაკად; ღვთის შეწევნით; ჩემდა ბედად; რა ვქნა; მტრისას…
დასახელებულია აზრის წყარო: დაუზუსტებელი ინფორმაციით; როგორც ამბობენ; ჩემი აზრით; რომ იტყვიან; ამბობენ; მისი წარმოდგენით; გაზეთების ცნობით; დაზუსტებული ინფორმაციით…
უჩვენებს მთქმელის დამოკიდებულებას ნათქვამისადმი: უფრო ზუსტად; უფრო სწორად რომ ვთქვათ; ასე ვთქვათ; უფრო სწორად…
ზ) მიემართება თანამოსაუბრეს, იპყრობს მის ყურადღებას:
ნუ გაგიკვირდებათ; თუ გნებავთ; როგორც გეტყობათ; ასე განსაჯეთ; შენ ხარ ჩემი ბატონი…
თ) გამოყენებულია წინამავალი და მომდევნო აზრების ლოგიკური თანამიმდევრობით დასალაგებლად:
ჯერ ერთი, …თანაც; ერთი სიტყვით; ამრიგად; როგორც მოგახსენეთ; მოკლედ; მით უმეტეს; მაგალითად; პირიქით; სხვათა შორის…
ი) ჩართულია საალერსო სიტყვები და ფიცილის ფორმულები: გენაცვალე; შენი ჭირიმე; დედაშვილობამ; ძმობამ; გეფიცები…
მძიმე მიმართვასთან, მიგებით ნაწილაკებსა და შორისდებულებთან
მიმართვა ასახელებს მას, ვისკენაც არის მიმართული საუბარი: ხალხო, ყური მიგდეთ!
წინადადების თავში მოქცეული მიმართვის შემდეგ იწერება მძიმე; თუ მიმართვა დიდი გრძნობით არ არის წარმოთქმული, მაშინ – ძახილის ნიშანი. მაგ.: ანა, შენ ხარ? მეგობრებო! წინ, წინ გასწით!
მიმართვა, რომელიც წინადადების შუაშია მოქცეული, მძიმეებით გამოიყოფა: მჯერა, ქალბატონო ნინო, თქვენ მართალი ბრძანდებით!
თუ წინადადება მიმართვით მთავრდება, მის წინ მძიმე იწერება, ბოლოში კი წინადადების შესატყვისი ნიშანი: რა გინდა, ნინო?!
მიგებითი ნაწილაკი ორგვარია: დადასტურებითი (ჰო, კი, დიახ) და უარყოფითი (არა, ვერა). თუ წინადადებაში მიგებითი ნაწილაკები და შორისდებულები დიდი გრძნობით არ არის წარმოთქმული, მძიმით გამოიყოფა, თუ დიდი გრძნობით – ძახილის ნიშნით. მაგ.:
არა, არ მინდა!
ოჰ, როგორ დავიღალე!
მძიმე შერწყმულ წინადადებაში
უკავშირო შერწყმულ წინადადებაში ერთგვარი წევრები ერთმანეთისგან მძიმით გამოიყოფა.
მაგ.: მურია ხტის, ყეფს, წკმუტუნებს.
კავშირიან შერწყმულ წინადადებაში მძიმე დაისმის:
1) შერწყმული წინადადების ერთგვარი წევრების გამოსაყოფად მაჯგუფებელი კავშირის მნიშვნელობით გამოყენებული გაძლიერებითი კიდეც ნაწილაკის წინ, თუ იგი გამეორებულია: მარი კიდეც ხატავს, კიდეც ცეკვავს.
2) არც… არც…, აღარც… აღარც…, ვეღარც… ვეღარც…, ნურც… ნურც… წყვილი ნაწილაკების წინ. მაგ.: ეს არც ლანას, არც მარის, არც ანასტასიას სასაუბრო არ იყო.
3) მაჯგუფებელი კავშირების მნიშვნელობით გამოყენებული კავშირების წინ: როგორც… ისე, არა მარტო… არამედ, არა თუ… არამედ და სხვა. წყვილის მეორე ცალის წინ მძიმე დაისმის: შენ თუ ასე გინდა, ასე მოიქეცი!
4) ხან… ხან, ან… ან, გინდ… გინდ, თუნდ… თუნდ კავშირების წინ, თუ მაკავშირებელი სიტყვა მეორდება. მაგ.: ხან მოწყენილია, ხან მხიარული.
5) მაგრამ, ოღონდ, ხოლო, თუმცა, არ… არამედ, კი არ… არამედ კავშირების წინ. მაგ.: ყველამ ადრიანად დაიწყო მუშაობა, მაგრამ არა მარიმ.
6) შესადარებლად გამოყენებულ კავშირებთან როგორც, თითქოს, ვიდრე, როცა ისინი წინ უძღვის შესადარებელ სიტყვას. მაგ.: ეკა, როგორც შველი, ისე დადიოდა.
7) როცა წინადადებაში სიტყვები ზედიზედ მეორდება, განმეორებულ სიტყვებს შორის მძიმე დაისმის: მომავალში ვიყიდი, ნამდვილად ვიყიდი!
თუ შერწყმული წინადადების ერთგვაროვანი წევრების შესაერთებლად გამოყენებულია კავშირები „და“, „თუ“, „ან“, მათ წინ მძიმე არ დაისმის; მაგ.: ნინისთან ან ანათან ერთად წავალ.
მძიმე რთულ წინადადებაში
მძიმე დაისმის კავშირიან რთულ თანწყობილ წინადადებაში:
1) მაცალკევებელი კავშირების ან… ან, ხან… ხან-ის წინ, გარდა პირველად ხმარებულისა (თუ და კავშირი არ არის გამოყენებული): ხან მამშვიდებდა, ხან მეჩხუბებოდა.
2) მაპირისპირებელი კავშირების მაგრამ, ხოლო-ს წინ: შემპირდა, მაგრამ პირობა არ შეასრულა.
3) მძიმე არ დაისმის მაპირისპირებელი კავშირის კი წინ, არამედ იწერება წინადადებათა საზღვარზე: ეკამ საკუთარი პროექტით აიშენა სახლი, ერეკლემ კი არქიტექტორს მიმართა.
მძიმე რთულ ქვეწყობილ წინადადებაში
რთულ ქვეწყობილ წინადადებაში მძიმე დაისმის:
1) მთავარი წინადადების შემდეგ, როცა მას მოსდევს დამოკიდებული წინადადება: ხვალ უნდა ვიცოდე პასუხი, რათა გადავწყვიტო ვინ აპირებს წამოსვლას.
2) დამოკიდებული წინადადების შემდეგ, როცა მას მოსდევს მთავარი წინადადება: მე რომ მოვედი, ნია იქ აღარ იყო.
3) როცა დამოკიდებული წინადადება მოქცეულია მთავარი წინადადების შიგნით, ორივე მხრიდან მძიმეებით გამოიყოფა: სკოლაში, სადაც მე ვსწავლობ, ძალიან კარგი გარემოა.
საყურადღებოა:
1) უკავშირო ქვეწყობილ წინადადებაში, რომელშიც გამოტოვებულია რომ ან თუ, დამოკიდებული წინადადება მთავრისაგან მძიმით გამოიყოფა: მაკამ გადაწყვიტა, (რომ) ევროპაში მიეღო განათლება.
2) რომ კავშირის წინ მძიმე მაშინ დაისმის, როცა ის იწყებს დამოკიდებულ წინადადებას: მაიკოს უნდა, რომ ახალი მანქანა იყიდოს.
მაგრამ, თუ ის არ იწყებს დამოკიდებულ წინადადებას, რომ კავშირის წინ მძიმე არ დაისმის. ასეთ დროს მძიმე იწერება მთავარსა და დამოკიდებულ წინადადებებს შორის: ჩემთვის რომ გეთქვა, რამეს გირჩევდი.
მძიმე არ იწერება: რომ, თუ, ვინც, რაც, როცა და სხვა კავშირების წინ, როცა ისინი დამოკიდებული წინადადების შიგნითაა გამოყენებული: თათული როცა მოვა, აუცილებლად შემატყობინეთ; წასვლა თუ გადავწყვიტეთ, აუცილებლად გეტყვით; მარი რომ იქ ყოფილიყო, ანა არ წავიდოდა.
თეკლა მორჩილაძე, აკეთის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე