3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

მიჯნურის თვისებები „ვეფხისტყაოსნის“ 23-ე სტროფის მიხედვით

spot_img

„ვეფხისტყაოსანი“ ორ ძირითად თემას, სიყვარულსა და მეგობრობას, შეეხება. ბუნებრივია, პოემაში მრავლადაა სტროფი, სტრიქონი, რომლებიც აღნიშნულ თემატიკას შეეხება. მიჯნურობასთან (სიყვარულთან) დაკავშირებით საგულისხმოა 23-ე სტროფი, რომლის ანალიზსაც შემოგთავაზებთ.

მიუხედავად იმისა, რომ „ვეფხისტყაოსანში“ პირველად ქალები (ნესტან-დარეჯანი, თინათინი, ფატმანი) უმჟღავნებენ რაინდებს გრძნობებს, რუსთაველი მიჯნურის მახასიათებლების ჩამოთვლას მამაცის (კაცის) „მაგალითზე“ იწყებს:

„მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა,

სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა,

ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.

ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.“

გავადევნოთ თვალი, რა „ზნეობა“ უნდა გააჩნდეს შეყვარებულ კაცს:

  1. მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა, _ აცხადებს რუსთაველი. მართლაც, ტარიელი და ავთანდილი მზის მსგავსნი არიან. ავტორი პოემაში ხშირად იყენებს პერსონაჟების შედარებას მნათობებისადმი, ასევე _ მეტაფორების საშუალებით ახსენებს მათ. მზე და მზისდაგვარობა არის პოემის მთავარი პერსონაჟების (არა მარტო მოყმეთა, ასევე ქალების) მახასიათებლები.
  2. სიბრძნე შეყვარებული კაცისთვის აუცილებელია და მის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია ავთანდილის, ტარიელის პერსონები. სიბრძნე უნდა ისწავლოს კაცმა იმისთვის, რომ სამყაროში ჰარმონიულად იარსებობს (თავში „ანდერძი ავთანდილისა“ ამაზე გარკვევითაა საუბარი).
  3. სიმდიდრე „ვეფხისტყაოსანში“ მხოლოდ რაინდების მახასიათებელი არაა. თავად მონა ასმათიც კი ძვირფასეულობაზე ამბობს „გამაძღარი ვარ ამითა“. რაინდებისთვის, არისტოკრატიისთვის სიმდიდრე მხოლოდ საშუალებაა (მუქაფა, იგივე ძღვენი, არმაღანი, საჩუქარი) და არა მიზანი. მიზნად სიმდიდრე გადაქცეულია მხოლოდ ვაჭართა წრისთვისაა. მომხვეჭელობა იმდენად ძლიერი მისწრაფებაა ვაჭრებისათვის, რომ სიცოცხლეს სასწორზე დებენ (გავიხსენოთ მობაღდადე ვაჭრების ამბავი).
  4. სიუხვე – აუცილებელი თვისებაა მიჯნურისთვის. ტარიელი და ავთანდილი (და არა მარტო ეს პერსონაჟები) ხელგაშლილობით გამოირჩევიან. სამაგალითოდ გავიხსენოთ ავთანდილის მიერ დამარცხებული მეკობრეთა ქონების გადაცემა ვაჭრებისათვის. სიუხვე არისტოკრატიისთვის აუცილებელია. გავიხსენოთ როსტევანის შეგონება თინათინისადმი: „უხვი ახსნილსაც დააბამს“. ვაჭართა წრეში სიუხვეს ინვესტრირების მიზანი აქვს. უსენი მელიქ-სურხავს კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ასაჩუქრებს.
  5. სიყმე ანუ ახალგაზრდობა მიგვანიშნებს მიჯნურის ასაკზე. ავთანდილი იმ დროსაა უკვე გამიჯნურებული, როცა ჯერ კიდევ უწვერულია. ახალგაზრდაა ტარიელიც, ის თავის საყვარელზე ექვსიოდე წლითაა უფროსი. ზოგჯერ სიყმეს აიგივებენ რაინდობასთანაც.
  6. მოცალეობა იგივე ყურადღებიანობაა. ყურადღების გარეშე სიყვარული ქრება. ტარიელი დიდი ომის შემდეგ ხატაეთში ნახულობს გამორჩეულ რიდეს (ყაბაჩას) და გადაწყვეტს, რომ ნესტან-დარეჯანს უბოძოს საჩუქრად. ავთანდილი ღმერთს სთხოვს სიყვარულის აღმოუფხვრელობას და ციურ სხეულებსაც სთხოვს, რომ გადაეცეს სატრფოს მისი მონატრება.
  7. ენა აუცილებელია მიჯნურისთვის. ავთანდილსა და ტარიელს არ უჭირთ საკუთარი სათქმელის გადმოცემა. მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამეო, _ ეუბნება შთამბეჭდავად ახალგაზრდა სპასპეტი თინათინს. ეს სტრიქონი უნდა გავიგოთ ასე: სიცოცხლე აქციე ბედნიერ წამად. აქვე დავძინოთ, რომ რუსთაველი ავთანდილზე ამბობს: ყმა-ტკბილი და ტკბილ-ქართული. ე.ი. ავთანდილი ტკბილქართულად მოუბარია (მიუხედავად იმისა, რომ ავთანდილი არაბ რაინდად გავიცანით).
  8. გონებას გონიერებად გავიაზრებთ თუ მოგონება/გახსენებად (საგულისხმოა უფრო მეორე ვერსია, რადგან გონიერება სიბრძნის სინონიმია და ის უკვე ნახსენები აქვს ავტორს), მიჯნურისთვის აუცილებელი მახასიათებელია. ტარიელსა და ავთანდილს მუდამ ახსოვთ მიჯნურები. მართალია, ავთანდილი ტარიელს პირველი ხილვისას ეუბნება, რომ „ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა“, მაგრამ წინააღმდეგობრივია მოსაზრება სტრიქონისა: თუ თინათინი დაავიწყდა, რატომ ახსენებს მას საერთოდ? მით უფრო, გულის დამბინდავად?
  9. დათმობა იგივე მოთმენაა. მიჯნურმა უნდა შეძლოს მოთმენა, განსაზღვროს, რა არის უპირველესი და სასწრაფოდ გადასაწყვეტი. ავთანდილმა სამწლიანი ოდისეა დაითმინა, რათა უცხო მოყმე მოეძებნა. სპასალარი გულსაც სთხოვს, რომ დაითმინოს და არ შეეტყოს მიჯნურობა. ტარიელმა დარბაზობის დროს მოითმინა ნესტან-დარეჯანის გათხოვების გადაწყვეტილება და კიდევ უფრო მეტიც: სატრფოს დაკარგვით გამოწვეული ტრაგედია.
  10. მძლეთა მებრძოლთა მძლეობა არის ის თვისება/შესაძლებლობა, რომელიც ამ სტროფის „სავაჟო-სამამაცო“ ხასიათს გამოკვეთს. ბრძოლაში წარმატებულობა არა მარტო სასიცოცხლოდ აუცილებელია, არამედ მიჯნურისთვის თავის კარგად „გასაჩვენებლად“.

„ვეფხისტყაოსნის“ მიჯნურ რაინდებს, ჩამოთვლილი ათი თვისება/მახასიათებლის გარდა, როგორც პოემიდან ჩანს, სხვა სიკეთეებიც გამოარჩევს, თუმცა „ვისცა ეს (ჩამონათვალი) სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

ანასტასია ღლონტი – აკეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები