13 ოქტომბერი, კვირა, 2024

მთვარე ქართულ ლიტერატურაში

spot_img

ასტრონომიული თვალსაზრისით მთვარე ციური სხეულია.  ქართულ ლიტერატურაში მას ასტრონომიული, ასტროლოგიური და მეტაფორული მიმართულებებით ვხვდებით. ქართულ მწერლობაში მთვარის მრავალმნიშვნელოვნად „გამოყენება“ იწყება XII საუკუნიდან. შოთა რუსთაველის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველასა და გალაკტიონ ტაბიძის  შემოქმედებებში მთვარეს განსაკუთრებული ფუნქცია აქვს.

„ვეფხისტყაოსანში“ ესა თუ ის მოვლენა ასტროლოგიურ შეხედულებებთან ერთად ესთეტიკური კუთხითაც წარმოჩინდება. პოემაში მთვარე სილამაზის მეტაფორაცაა და მისი რეალური დანიშნულებითაც (ციური სხეული) გვხვდება. გარდა ამისა ავტორი მთვარეს მანგადაც მოიხსენიებს. „მოახსენა: “გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი.”რუსთაველი მას ხშირად იყენებს სილამაზის გამოსახატად. მისი პერსონაჟები ერთმანეთს არ ჩამოუვარდებიან, როგორც ფიზიკურად, ისე შინაგანი ღირებულებებით. სწორედ ამიტომ, მთვარე პერსონაჟთა „სწორფერობაზე“ ხაზგასმის ერთ-ერთ საშუალებადაა ქცეული.

პოემაში გამოკვეთილი მეგობრობა, სიყვარული და გრძნობათა სიწრფელის მაღალი დონე მხოლოდ „სწორფერთა“ ხვედრია.  თითქოს ავტორს არ ჰყოფნის ამ თანასწორობის მხოლოდ მიწიერი თვალით განჭვრეტა. ამ ყველაფრის ახსნას  ზეციური, ასტროლოგიური სამყაროს კანონზომიერებებით ცდილობს. მსგავსი მიგნებები ხშირია, როგორც ქალი, ასევე მამაკაცი პერსონაჟების ურთიერთკავშირისას.

„მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა-შეესწოროსა,

ორნივე სწორად ნათობენ, მოჰშორდეს, მოეშოროსა;

არა თუ იგი მოჰშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა,  “

მოცემულ მონაკვეთში მთვარესა და ცისკრის ვარსკვლავს  მეტაფორულთან ერთად ასტროლოგიური მნიშვნელობაც აქვს. სიმბოლურად, ნესტან-დარეჯანისა და თინათინის შეხვედრა-განშორების,  მომენტთა გადმოსაცემად მთვარისა და ცისკრის ვარსკვლავის შეყრას განიხილავს. ასტროლოგიული თვალსაზრისით საქმე გვაქვს ასტრონომიულ მოვლენასთან. ცის მუდმივი ბრუნვა ციურ სხეულთა დაჯახებას იწვევს, რაც მათი განშორების წინაპირობაა.  „ვეფხისტყაოსანში“ მთვარე ყველაზე მრავალფუნქციურადაა გამოყენებული. მას ვაწყდებით როგორც მხატვრული, ისე ასტრონომიული დატვირთვით.

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში მთვარე ძირითადად მეტაფორული დატვირთვით გვევლინება. ამასთანავე იგი ასტროლოგიურ მნიშვნელობას იძენს. ამის ნათელი მაგალითია   ლექსი „შემოღამება მთაწმინდაზე“.

შინაარსობრივად იგი პოეტის ტიტანური უკმაყოფილების გამოძახილია. რომანტიკოსი მწერლებისთვის დამახასიათებელ სევდანარევ ფიქრებში, მთვარე მცირე სინათლეზე და იმედის პატარა ნაპერწკალზე მიუთითებს. ასევე ნათელია კავშირი ბუნებასა და ადამიანს შორის. ერთადერთი რაც მწერლის გრძნობებს იზიარებს ბუნებაა, ამიტომაც იგი შვებას ჰპოვებს გარემოში. თვალშისაცემია მისი აღქმა ბუნებრივი და ასტრონომიული მოვლენების მიმართ.

„სდუმდა ყოველი მუნ არემარე, ბინდი დაგეკრა ცისა კამარას,

მოდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისა ამარას!

გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული?

მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული!“

ლიტერატურაში ძნელად მოიპოვება ცის თაღზე „მოარული“ მთვარის იმაზე მეტად ამაღლებული ხატება, ვიდრე ავტორი გვთავაზობს.  სამარისებური სიჩუმისა და ბინდგადაკრული ცის კამარის ფონზე ჩნდება მთვარე და მის ირგვლივ მიჯნურივით მოსიარულე ვარსკვლავთა გუნდი. ამ ლექსში მთვარის ფუნქციაა გამოხატოს უმანკო, უცოდველი, მხურვალე ლოცვით დაღლილი სული. ეს კი პოეტის სულიერი სიმძიმის მეტაფორადაც შეიძლება აღვიქვათ.

ბუნებისადმი გამორჩეული დამოკიდებულება უცხო არაა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისთვის. იგი ყოველთვის განსხვავებული მშვენიერებითა და უცვლელი ინდივიდუალიზმით გადმოგვცემს, ადამიანისა და ბუნების უშუალო კავშირს. მთვარე მის პროზასა და პოეზიაში განსხვავებული მიგნებებით წარმოჩნდება. ვაჟას  მოთხრობაში „ამოდის, ნათდება!“ მთვარის ფენომენი ერთ-ერთი პრიორიტეტულია. იგი სინათლისა და ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდაა ქცეული. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად თემატური ერთიანობისა,  მთვარე (და არა მარტო მთვარე) ყველა ნაწარმოებში ახალი მიგნებებით გვხვდება. მისი გამოჩენა ლექსში „ღამე მთაში“ სიუჟეტის ცალკეულ შეკრულ ნაწილს წარმოადგენს.

„მთვარე კი ჯერ არსადა სჩანს,

არ დაგვნათოის თავზედა,

ჯერ თუ არ გაუღვიძნია,

ისევ თუ სძინავს მკლავზედა!

ჯერ გამარჯობა არ უთქვამს

შემომჯდარს გორის ფხაზედა,

სხივნი არ დაუგზავნია

პირის საბანად წყალზედა.“

მოცემული მონაკვეთი ლექსიდან გვიჩვენებს მთვარეს, როგორც ციურ სხეულს, თუმცა მისი ეს მნიშვნელობა ზემხატვრულ დონეზეა აყვანილი.  მხოლოდ ვაჟას შემოქმედებაში თუ წავაწყდებით  მთვარეს, რომელსაც მკლავები აქვს და საკუთარ მკლავებზე სძინავს. იგი გამარჯობით ეგებება სამყაროს, რომელიც უნდა გაანათოს.

გალაკტიონ ტაბიძე შემოქმედებაში როგორც საზოგადოებრივ ინტერესებს, ისე საკუთარ გრძნობებს, ფიქრებსა და ემოციებს ავლენს. იგი გარკვეულწილად ტენდენციურია პირადი შეგრძნებების გადმოცემის პროცესში. ესაუბრება საკუთარ თავს და მწვავე ფიქრებს თითქოს კოსმოსურ სივრცეში შლის. წარსული, აწმყო და მომავალი ერთ მთლიანობად წარმოჩნდება. ამ პროცესში მის აღფრთოვანებას იწვევს მთვარე, რომელიც უჩვეულოდ მშვიდი, და ამავე დროს ბობოქარია.

„მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით

და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით

მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე,

ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!“

მსგავსი გაოცების გამოხატვის შემდეგ პოეტი არც საკუთარი თავის წარმოჩენას ერიდება. იგი თავს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და აკაკი წერეთლის მემკვიდრედ მიიჩნევს. მეტი ღიად ამბობს, რომ  თავი პოეზიის მეფედ მიაჩნია. შეგრძნებებისა და ემოციების დაფიქსირების პროცესს, მუდმივად გასდევს „წყნარი“ მთვარე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი ერთადერთ თანამგზავრადაა ქცეული, რომელსაც ესმის თუ რას განიცდის გალაკტიონი. ავტორისა და მთვარის ურთიერთგაგება კი სიკვდილის გზას ვარდისფერ გზად აქცევს.

ზემოთ განხილოლი ნაწარმოებები ნათელს ხდის მთვარის მნიშვნელობას ქართული ლიტერატურისთვის. იგი გარდა აღნიშნული ნაწარმოებებისა ბევრი სხვა მწერლის შემოქმედების წყაროდ ქცეულა. ეს კი მწერალთა მრავალმხრივ და მრავალმნიშვნელოვან ხედვაზე მიუთითებს.

მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები