5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

მთაწმინდა სამი ქართველი პოეტის შემოქმედებაში

spot_img

ქართულ ლიტერატურასა და სამოქალაქო ისტორიაში მთაწმინდას გამორჩეული ადგილი უჭირავს. გადმოცემის თანახმად, მას ადრექრისტიანულ ეპოქაში მამა დავითის მთა ერქვა, მოგვიანებით მთაწმინდა უწოდებიათ. მამა დავითს მთაზე მონასტერი დაუფუძნებია და რამდენიმე მორჩილთან ერთად მოღვაწეობას შესდგომია. მთაწმინდას სახელი ათონის „წმინდა მთის“ მიბაძვით უნდა დარქმეოდა. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ეს ტოპონიმი უნდა იყოს ისრაელის სიონის მთის (ბიბლიური ტრადიციით,  სიონის ბორცვზე იყო მეფე დავითის რეზიდენცია და იაჰვეს ტაძარი) მიბაძვა.

მამა დავითის დრო მთაწმინდის პოპულარობის პირველი ეტაპია, შემდგომია ბარათაშვილისეული, აკაკისა და გალაკტიონის ეტაპები. მთაწმინდის, როგორც ქართველი პოეტების პარნასის, ფენომენი ამოუხსნელი არ არის. ტატოსთვის ის სულიერი მდგომარეობის შესაბამისი გარემოა. 18 წლის ასაკში მთაწმინდა პოეტის მიმართვის უმშვენიერესი საგანია:

„ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი

დამაფიქრველნი, ვერანანი  და უდაბურნი,

ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,

ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი! “

ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი, – ამბობს ბარათაშშვილი მთაწმინდაზე და უკვე არის დასმული ტოლობის ნიშანი. მარტივად რომ ვთქვათ, მთაწმინდა და ქართული რომანტიზმის მშვენება ერთნაირები არიან – მწუხარე და მშვენიერი. ვალერიან გაფრინდაშვილი ამბობდა: „ბარათაშვილი დღემდე არის ჩვენი უდიდესი ლირიკოსი, და არ არის მეორე პოეტი, რომელიც ლირიკაში შეედავება მის შეუდარებელ სახელს. ის დღემდე ახდენს გავლენას პოეტებზე. მისი ეპიგონების და მიმბაძველების რიცხვი უთვალავია, მაგრამ ჩვენ დავასახელებთ პოეტებს, რომელნიც ენათესავებიან მას. ლექსი ჩვენი თანამედროვესი გალაქტიონ ტაბიძის „მთაწმინდის მთვარე” არის რეზონასი ლექსისა „შემოღამება მთაწმინდაზე“. ასვეა აკაკის „განთიადი“ ტაბიძისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გალაკტიონი პლაგიატს ეწევა, ან მიბაძვით წერს.

ბარათაშვილი მთაწმინდაზე კავალერია, რაინდია, ოღონდ რაღაც სხვაგვარი, ვიდრე შეიძლება იყოს მისი თანატოლი. ლექსში „შემოღამება მთაწმინდაზე“ მიმართვის ობიექტი გასულიერებულია, რომელიც ხან მტირალია, ხანაც მცინარი. მისი გამორჩეულად დამფასებელია საწუთროსგან „დაწუნებული“ და მარტოსულად ქცეული პოეტი. სწორედ ბარათაშვილი იყო პირველი, ვინც მხატვრულად მოაზროვნეებს აჩვენა თბილისის სამკაულად ქცეული მთაწმინდა გამორჩეულად, პოეტურად.

საღამო, რომელიც მისტიკურია მთაწმინდაზე, ათქმევინებს ბედისწერისგან ათასჯერ დაჩაგრულ ყმაწვილ ტატოს იმედიან სიტყვებს „გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!“ დავესეხოთ ისევ ვალერიან გაფრინდაშვილს „მის დროს მცნება სიმბოლოსი კიდევ არ იყო აღმოჩენილი, მაგრამ თვით ბარათაშვილი არის სიმბოლო და სინონიმი პოეზიის. პოეტები გახდიან თვით ბარათაშვილს თავისი შთაგონების წყაროდ.“ აქვე დავძინოთ, თუ ასეა, მაშინ პოეზიის სიმბოლო და სინონიმი მარტო ტატო კი არა, თავად მტაწმინდაც უნდა ვიგულისხმოთ (ზემოთ აღვნიშნეთ პოეტისა და მთაწმინდის მწუხარებასა და სევდიანობაზე).

აკაკი წერეთლისთვის დადუმებული მთაწმინდაც მისტიფიცირებულია. დიმიტრი ყიფიანის საპატივცემულოდ დაწერილი ლექსი „განთიადი“ სამოქალაქო ლირიკის მწვერვალია და მხოლოდ აკაკიმ შეძლო ის სიტყვები წარმოეთქვა, რომლებიც ასე მკაფიოდ აისახა ქართველი ადამიანის ცნობიერებაში.

„დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:

შენს მიწას მიმაბარეო!

ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

ჩემო სამშობლო მხარეო!“

რომ არა მთაწმინდისა და დიმიტრი ყიფიანის ფაქტორი, დაიწერებოდა ეს ლექსი? სავარაუდოდ, არა. მთაწმინდამ როცა მორიგი რაინდი, კავალერი, თავდადებული ქართველი მიიბარა, იქნებ მაშინ კიდევ გაიხსენეს ქართველებმა ბარათაშვილისეული მთაწმინდის ფენომენი, რომელიც აუცილებლად ნაცნობია და ამოხსნილიც. პანთეონი მხოლოდ საზოგადო მოღვაწეთა განსასვენებელს როდი ნიშნავს, ის „ყველა ღმერთის“ საუფლოცაა და თუ ვინმე ღმერთკაცთაგანი გვყოლია, მათი მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მთაწმინდა აგვიჩემებია საძვალედ…

როცა გალაკტიონმა „მთაწმინდის მთვარე“ დაწერა და იქ თავისი წინამორბედები ახსენა, ეს არ ყოფილა შემთხვევითი. გადმოცემის მიხედვით, ჭაბუკი გალაკტიონისთვის როცა მოუსმენია აკაკის, უკითხავს მისთვის, იყო თუ არა რაჭველი, რადგან მხოლოდ რაჭველები ასე, წამღერებით საუბრობენო. აკაკის ლანდის მეფური ძილი, ბარათაშვილის ობლად სიარული, მთაწმინდის ღამეული მეგზური მთვარე კიდევ ერთხელ გვაბრუნებს ბარათაშვილის ამოუცნობ მწუხარე და დარდიან სამყაროში, ანუ მთაწმინდაზე…

ბარბარე შველიძეთბილისის 49- საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები