27 ივლისი, შაბათი, 2024

ლიტერატურათმცოდნეობის  ტერმინების მცირე ლექსიკონი

spot_img

ჩვენ მიერ წარმოდგენილი ნაშრომი ლიტერატურული ტერმინების მცირე ლექსიკონია. მისი შედგენის დროს ვიხელმძღვანელეთ იმ საჭიროებებით, რაც ლიტერატურის შესასწავლად აუცილებელია. გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუცხადებთ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოძვის საჯარო სკოლის მასწავლებელს, ქალბატონ ნათელა ცარციძესა და ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტს, ბატონ როლანდ ხოჯანაშვილს. ლექსიკონში წარმოდგენილ ტერმინებს ჩვენ კიდევ შევეხებით და დამოუკიდებელ საკითხებად განვიხილავთ.

✅👉 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები: ლუკა კვეტენაძე და ნიკოლოზ ნებიერიძე;

✅👉 ჩოხატაურის რაიონის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე თაკო კეშელავა.

 

🟥 🟥 🟥

ალეგორია გადაკრულად ნათქვამი სიტყვა თუ სიტყვათა რიგი, რომელშიც მოვლენის შინაარსი კონკრეტული სახითაა წარმოდგენილი. მასში ნათქვამია ერთი და იგულისხმება მეორე. მისი მიზანია ავტორის აზრის შენიღბვა.

 

 

ალიტერაცია ერთი და იმავე მსგავსი თანხმოვანი ბგერების განმეორებაა სალექსო სტრიქონში. გამოსახვის პოეტური ხერხი, ემოციური ზეგავლენის საშუალება, ბგერების მუსიკალური ორგანიზაციის ფორმა. ქმნის ლექსის კეთილხმოვანებას, სიტყვის შინაარსის აკუსტიკურ თვალსაჩინოებას.
ალუზია ითარგმნება ფრანგულიდან, როოგორც გადაკრული სიტყვა.
რიტორიკული ხერხი _ გადაკვრით ხსენება რაიმე ცნობილი ისტორიული ამბის ან ლიტერატურული ნაწარმოებისა. უმეტესად გაგებულია, როგორც ერთი სახელოვნებო პროდუქტის საფუძველი მეორე სახელოვნებო პროდუქტისათვის.
ანდაზა  ხალხური სიტყვიერების ჟანრი; სინამდვილის გონებამახვილურად განზოგადება. დამრიგებლობითი შინაარსის იუმორისტულ-სატირული ხასიათის თქმა. ანდაზათა უმრავლესობა რაიმე საყოველთაოდ მიღებულ ნორმას ან პრაქტიკულ კონცეფციას გამოხატავს. ანდაზა, რომელიც აღწერს ქცევის ნორმას, შეიძლება, იწოდოს, როგორც „მაქსიმი“.

 

ასონანსი  რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. 1) სალექსო სტრიქონში ერთი და იმავე ხმოვნის გამეორება. ასონანსი აძლიერებს კეთილხმოვანებას, მაგ, ., მზემ დასავლეთი დააიარა; 2) არაზუსტი რითმა, რომელშიც ხმოვნები საერთოა, თანხმოვანთა ერთი ნაწილი კი განსხვავებული.
აფორიზმი  დახვეწილი, ლაკონიური ფორმით გამოთქმული ბრძნული აზრი. შეიძლება იყოს პოეტურიცა და პროზაულიც. ხშირად ვხვდებით დიდი მწერლების შემოქმედებაში. ქართულ ლიტერატურაში აფორიზმის დიდოსტატია რუსთაველი. აფორიზმი არსებობს ჩანართებისა და დამოუკიდებელი ჟანრის ფორმითაც. ეს ჟანრი პოპულარული იყო ევროპაში.
ბალადა ფრანგულად ნიშნავს ცეკვას. ბალადა შუა საუკუნეებში წარმოიშვა საფრანგეთში. ბალადებს მღეროდნენ ტრუბადურები, რომლებიც მეტწილად ხალხის დაბალი ფენებიდან გამოსული მოხეტიალე  ავტორ-შემსრულებლები იყვნენ. ისინი უმთავრესად დაიოდნენ სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში და მღეროდნენ ლექსებს მეფეებისა და რაინდების საგმირო საქმეებზე, მათ ბრძოლებზე, მამაცობაზე. ამ ლექსების მღერის დროს ცეკვავდნენ და თან საკრავებს უკრავდნენ.
ბიოგრაფია ითარგმნება ბერძნულიდან როგორც ცხოვრების აღწერა. ბიოგრაფია გვიხატავს ამა თუ იმ პიროვნების თავგადასავალს. იგი ეყრდნობა ფაქტიურ მასალებს, გვიხატავს რომელიმე პიროვნების ცხოვრების პირობებს, მის ურთიერთობას სხვა ადამიანებთან, მისი ხასიათის განვითარებას, მის საზოგადოებრივ და კერძო საქმიანობას. ბიოგრაფიაში მთავარი ყურადღება ექცევა დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ადამიანთა ცხოვრებისა და თავგადასავლის თანმიმდევრული მოვლენების ერთიმეორესთან მიზეზობრივად დაკავშირებულ აღწერას.
განმეორება (პოეტური) პოეტური მეტყველების ერთ-ერთი გამომსახველობითი საშუალება, ემოციური ზემოქმედების გაძლიერების მიზნით ენობრივი ელემენტების შეგნებული გამეორება.
გაპიროვნება იგივე პერსონიფიკაცია. მხატვრული გამოსახვის ხერხი, რომლისთვისაც დამახასიათებელია საგნებისა და მოვლენებისადმი ადამიანური თვისებების მიწერა, უსულო და სულიერი საგნების გაადამიანება. უსულო საგანი წარმოდგენილია, როგორც ადამიანი, რომელიც გრძნობს, მსჯელობს, მოქმედებს.
გმირი (ლიტერატურული) იგივე პერსონაჟი, ფიზიკური და სულიერი ღირსებებით გამორჩეული პიროვნება, მიახლოებითი შესატყვისი ბერძნულ-ლათინური ცნებისა hērōs.
გროტესკი მიწისქვეშა ნაგებობები, რომლებიც მორთული იყო ორნამენტით, რომელშიც სასაცილოდ იყო შერწყმული მცენარეების, ცხოველების და ადამიანების გამოსახულებანი. სტილი, როცა უსაზღვრო კარიკატურულ გაზვიადებაზე, ურთიერთგამომრიცხავ კონტრასტებზე, პარადოქსებზე აგებული ფანტაზიით დეფორმირებულია სინამდვილე.
დიალოგი ორ ან მეტ პირს შორის საუბარი. ზოგჯერ ორზე მეტ პირს შორის საუბარს პოლილოგს ეძახიან.
დრამა ითარგმნება როგორც მოქმედება, წარმოდგენა.  აქვს რამდენიმე მნიშვნელობა:
1. ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც დაწერილია დიალოგებად და განკუთვნილია სცენაზე დასადგმელად;
2. ამ ტიპის ნაწარმოები, სერიოზული, მაგრამ არა გმირული შინაარსისა (კომედიისა და ტრაგედიისაგან განსხვავებით);
3. გადატანითი მნიშვნელობით:  მძიმე შემთხვევა _  უბედურება.
ელეგია ძველ საბერძნეთში წარმოშობილი ლირიკული ლექსის ფორმა, რომელსაც მკაცრად განსაზღვრული სალექსო საზომი ჰქონდა. თემატურად ელეგიები მრავალფეროვანი იყო. მათ საგმირო, სასიყვარულო, ფილოსოფიურ თუ ზნეობრივ თემებზე ქმნიდნენ. მოგვიანებით რომში ელეგია ძირითადად სიყვარულის თემაზე შექმნილ ლირიკულ ნაწარმოებს დაერქვა.
ეპიგრაფი თხზულებას ან მის ცალკეულ ნაწილებს წამძღვრებული ციტატა, ანდაზა, აფორიზმი და მისთანა. მისი დანიშნულებაა მკითხველს ყურადღება გაუმახვილოს ნაწარმოების ან მისი ნაწილის დედააზრზე, ავტორისეულ ჩანაფიქრზე. ეპიგრაფს ხშირად იყენებდა ილია ჭავჭავაძე.
ეპითეტი მხატვრული განსაზღვრება, ტროპის სახე.
ეპილოგი ლიტერატურული ან თეატრალური ნაწარმოების დასკვნითი ნაწილი, სადაც მოკლედ გადმოცემულია მოქმედ პირთა შემდგომი ბედი ან განხილულია ნაწარმოების ზნეობრივი და ფილოსოფიური ასპექტები. თეატრალურ დრამაში ეს არის დასკვნითი მონოლოგი – მიმართვა მაყურებლისადმი ნაწარმოების შინაარსის შეჯამების, ახსნის, სწავლების მიზნით.
ეპოსი სინამდვილის ასახვა თხრობითი გზით, ავტორი უმეტესწილად არ ფიგურირებს.
ესე ითარგმნება, როგორც ნარკვევი, ცდა ან „ვწონი“. ლიტერატურული, ლიტერატურული კრიტიკისა და პუბლიცისტიკის ჟანრი; არსებობს სხვადასხვა ხასიათის ესე:  სამეცნიერო, ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური, ბიოგრაფიული, ბელეტრისტული…

ჟანრული თავისებურებაა კომპოზიციური თავისუფლება, მკვეთრად გამოხატული ავტორისეული ინდივიდუალობა, სუბიექტივიზმი, საუბრის ფორმა, ზოგჯერ პოლემიკური ხასიათის თხრობა.

 

ზღაპარი ფანტასტიკურ ამბავზე აგებული, ჯადოსნური შინაარსის თხრობითი ნაწარმოები, რომელიც დაკავშირებულია სინამდვილესთან იდეით, თემატიკით, მოტივებით, სიუჟეტით, ენობრივი თავისებურებით, ეროვნული კოლორიტით. ზღაპარი არის პროზაულიც და პოეზიურიც. იგი ეპოსის ერთ-ერთი ჟანრია, მას უახლოვდება თქმულება.
თემა მხატვრულ ლიტერატურაში, დედააზრი ლიტერატურული ნაწარმოებისა, რომელიც მის შინაარსს აწესრიგებს და იდეურ-ემოციურ მთლიანობად აქცევს, ნაწარმოების ძირითად იდეაზე მიუთითებს. ისინი განუყოფელ კავშირშია, ხანდახან ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ იგივეობას არ წარმოადგენს
თქმულება ხალხური სიტყვიერების ერთ-ერთი უძველესი ჟანრი, უპირატესად რეალისტური მოთხრობა გარდასულ ამბავზე, ზოგჯერ შეთხზული ამბავიც უძევს საფუძვლად, გვხვდება როგორც პროზაულ, ისე ლექსითი და შერეული სახით. პროზაული თქმულება გადმოცემასა და ლეგენდას უკავშირდება. ქართულ ფოლკლორში თქმულებათა დიდი ნაწილი ისტორიული ხასიათისაა.
იგავ-არაკი  ლირიკულ-ეპიკური ჟანრის ნაწარმოები, ზნეობრივ დამრიგებლური ხასიათის თხზულება. მისი გმირები უმეტესად არიან ცხოველები, მცენარეები, საგნები, მაგრამ იგულისხმებიან ადამიანები.
იდეა მხატვრულ ნაწარმოებში განსახიერებული მსოფლმხედველობის ძირითადი, არსებითი პრინციპი. „იდეა” ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ცნებას, წარმოდგენას, რომელიც ასახავს სინამდვილეს ადამიანის ცნობიერებაში და გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას გარე სამყაროსადმი.
ინტონაცია მეტყველების რიტმულ-მელოდიური წყობა, ხმის აწევ-დაწევა წარმოთქმისას, ან კიდევ: წარმოთქმის მანერა, რაც მთქმელის გრძნობას გამოხატავს.
ირონია ითარგმნება როგორც მოჩვენებითობა, თვალთმაქცობა. თავაზიანობით შენიღბული დაცინვა, დამცინავი გადაკვრით ნათქვამი
იუმორი 1.უწყინარი ხასიათის დამცინავი დამოკიდებულება რაიმესადმი; რაიმე ამბის, ვისიმე ან რისამე ნაკლის სასაცილო, კომიკური სახით წარმოდგენა.
2. ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოებში: მხატვრული ხერხი – რისამე კომიკურად, სასაცილოდ გამოხატვა.
კოლიზია კონფლიქტებისა და ბრძოლის ასახვა მხატვრულ ნაწარმოებში.
კომედია ითარგმნება როგორც მხიარული ბრბოს სიმღერა. დრამატული ნაწარმოები, რომელშიც პერსონაჟთა ხასიათები გამსჭვალულია კომიზმით.
კომპოზიცია (ლიტერატურული ნაწარმოების)  მოიცავს მხატვრული ნაწარმოების თემის, იდეის, ფაბულის, სიუჟეტის, რითმის, რიტმის, სტროფის, ჩანართი ეპიზოდების, სიტყვიერი გამოსახვის ყველა მხატვრული საშუალების მიზანმიმართულ, მოტივირებულ, ურთიერთშეფარდებულ განლაგებას.
ლეგენდა ითარგმნება როგორც სიტყვასიტყვით წასაკითხი ტექსტი. ზეპირმეტყველების თხრობითი ჟანრი. საფუძვლად უდევს ზღაპრული, სასწაულებრივი ამბავი ან ფანტასტიკური იერსახე. მასში შეიძლება ასახული იყოს წარსული, თანამედროვეობა და მომავალიც. თემატურად: რელიგიური, ისტორიული, გეოგრაფიული, საყოფაცხოვრებო ლეგენდები. თანამედროვე გაგებით ლეგენდას უწოდებენ ნაწარმოებს (განურჩევლად ჟანრისა), რომელშიც მხატვრული გამონაგონი ემყარება გმირულ, ფანტასტიკურ ამბავს.
ლექსი ლირიკული ნაწარმოები. რიტმულად და ინტონაციურად მოწესრიგებული მეტყველება, რომელიც ენის პროსოდიული ბუნების შესაბამისად განსაზღვრული ლექსთწყობის კანონებზეა დამყარებული. ახასიათებს რიტმი, რითმა (არსებობს არითმული) და სალექსო ზომა (ზოგჯერ დარღვეულია ეს კანონზომიერება).
ლირიკა ლიტერატურული გვარი (აერთიანებს ლექსსა და ლირიკულ პოემას). წარმოდგება საკრავის სახელისგან. მასში გადმოცემულია ავტორის განცდები.
ლიცენცია (პოეტური თვითნებობა) პოეტური, მხატვრული ხერხი, როდესაც მკაფიო პოეტური გამომსახველობის მიზნით ირღვევა ლოგიკურ-აზრობრივი, გრამატიკული ან სტილისტური ნორმა. ამ საფუძველზე შექმნილი სახე მაინც ინარჩუნებს მხატვრულობას, ემოციურობას.
მემუარი ეპიკური ჟანრის პუბლიცისტური ნაწარმოები. იმ პირთა ჩანაწერები, რომელნიც წარსულ ამბავთა მონაწილენი თუ თვითმხილველნი იყვნენ. თხრობის ფორმითა და ასახული მასალის მოწოდებით უახლოვდება დღიურს.
მეტაფორა (ე.წ. მოკლე შედარება) მხატვრული გამოსახვის სტილისტიკური ხერხი/ტროპის სახე. პოეტურად შესაძლებელს, დასაშვებს, ასოციაციებითა თუ კონტრასტით, ანალოგიებით წარმოსადგენს ემყარება ან აგებულია სიტყვათა გადატანით მნიშვნელობაზე.
მითი ფანტასტიკური, ხალხური თქმულება ქვეყნის გაჩენის, სიცოცხლის წარმოშობის, ბუნების ძალთა, ღმერთების და გმირების მოქმედების შესახებ. რაც ხასიათდება კონკრეტული პერსონიფიკაციითა და გასულიერებით.
მოთხრობა საშუალო ზომის ეპიკური ნაწარმოები; ხასიათდება თემატური მრავალფეროვნებით. შუალედური ადგილი უჭირავს ნოველასა და რომანს შორის; გამოიკვეთა XIX საუკუნეში.
მონოლოგი მხატვრული ნაწარმოების მოქმედი პირის ვრცელი სიტყვაა, რომლითაც პერსონაჟი მიმართავს თავის თავს, სხვა მოქმედ პირებს ან მაყურებელს. მასში გადმოცემულია გმირის სულიერი განწყობილება. მასში იხსნება პერსონაჟის სულიერი სამყარო, მისი ხასიათი, ზოგჯერ მოქმედების განვითარების ქარგა.
მოტივი სიტყვასიტყვით ნიშნავს მოქმედებას. კონკრეტიზაციის მოვლენების სქემა სიუჟეტში.
მხატვრული (სალიტერატურო) ენა ენის სტილისტიკური სახესხვაობა (შედარებით მეცნიერების ენასთან, პუბლიცისტიკის ენასთან, საქმიანი ქაღალდების ენასთან, სალაპარაკო ენასთან და სხვ.), ან მხატვრული ლიტერატურის ფორმა.
მხატვრული სახე იერსახე, ასახვის სპეციფიკური ფორმა; პირობითი რეალობა, სადაც ზოგადი გამომჟღავნებულია ინდივიდუალურის თავისებურებასა და განუმეორებლობაში, და რომელიც განისაზღვრება შემოქმედის მსოფლმხედველობით, ესთეტიკური იდეალით, შემოქმედებითი ნიჭითა და უნარით.
ნოველა (ახალი მოთხრობა იტალიურად) მცირე მოცულობის ეპიკური ჟანრი, რომელიც ემყარება თხრობის ხერხს და პროზის ფორმით წარმოსახავს ადამიანის ცხოვრების ერთ ეპიზოდს, ერთ მომენტს, ერთ ასპექტს. მისთვის დამახასიათებელია მარტივი სიუჟეტი, პერსონაჟთა უკიდურესი სიმცირე.
პეიზაჟი ხელოვნების ჟანრი, რომელშიც ბუნების სურათია ასახული. იგი ფრანგული სიტყვაა, სიტყვასიტყვით ნიშნავს ბუნების ხედს, ადგილმდებარეობის გამოსახულებას. სხვაგვარად, პეიზაჟი არის ბუნების სახეების პლასტიკური გამოსახვა.
პერიფრაზი გამოთქმა, რომელიც აღწერით გადმოსცემს სხვა გამოთქმის ან სიტყვის აზრს. ზოგჯერ გამოიყენება როგორც გათანამედროვებული, გაშინაარსებული ტექსტის აღმნიშვნელი ტერმინი.
პერსონაჟი ეპიკური, დრამატული და ლირიკულ-ეპიკური ჟანრის თხზულებათა მოქმედი პირი. ლირიკაში, სადაც პოეტის სუბიექტური განცდებია გამოხატული, პერსონაჟს ცვლის ლირიკული გმირი. „პერსონაჟი“, როგორც მოქმედების სუბიექტის აღმნიშვნელი ტერმინი, უპირისპირდება „ლირიკული გმირის“ ცნებას, რომელიც განცდის სუბიექტს აღნიშნავს.
პიესა დიალოგებზე აწყობილი დრამატული ნაწარმოები, როგორც წესი, კლასიკური სტილის, შექმნილი თეატრალური დადგმისთვის.
პოეზია მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელსაც გააჩნია რიტმი, ასევე, უმეტესად _ რითმა და მეტრი (ზომა).
პოემა მხატვრული ლიტერატურის ჟანრია. ლექსად დაწერილი მრავალი თავისაგან შემდგარი ეპიკური, ან ლირიკული ხასიათის ნაწარმოები.

 

პორტრეტი (ლიტერატურული) პერსონაჟის გარეგნობის გადმოცემა.
პროზა მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც განსხვავდება მეორე ძირითადი ფორმის — პოეზიისაგან მხატვრული მეტყველების ორგანიზაციით.
პროლოგი  ლიტერატურული, თეატრალური და მუსიკალურ-სცენური ნაწარმოების შესავალი ნაწილი. ლიტერატურულ პროლოგში, როგორც წესი, მოთხრობილია იმ მოვლენების შესახებ, რომლითაც მოტივირებულია ნაწარმოების ძირითადი მოქმედები, წინ უსწრებს მას ან განმარტებულია ავტორის მხატვრული ჩანაფიქრი და ესთეტიკური კრედო.
ჟანრი ხელოვნების რომელიმე დარგის ნაწარმოებთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ნაირსახეობა, რომელიც გამოირჩევა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილური ნიშნებით, თემატიკით, გამომსახველობითი საშუალებებით და ა. შ.
რემარკა დრამატული ნაწარმოების ავტორის შენიშვნა (ჩვეულებრივ, იწერება ფრჩხილებში).
რემინისცენცია პოეტის მიერ შეგნებით თუ უნებლიეთ სხვა მხატვრული ნაწარმოებებიდან აღებული, ნასესხები ფრაზები, მხატვრული კონსტრუქციები, რიტმულ-სინტაქსური ფორმები, რომლებიც მკითხველში იწვევენ რთულ ასოციაციებს და ხელს უწყობენ ნაწარმოების აღქმას. რემინისცენციას ვხვდებით თითქმის ყველა ცნობილ პოეტთან.
რითმა ერთი და იმავე ან მსგავსი ბგერების კანონზომიერი გამეორება, ბგერათა შეწყობა-შეთანხმება ტაეპებში უკანასკნელი მახვილიანი მარცვლიდან მოყოლებული; ზოგჯერ ბგერების ასეთი შეწყობა-შეთანხმება ტაეპებს შიგნით. რითმაში შეიძლება მეორდებოდეს ცალკეული ბგერები, სიტყვები ან სიტყვათა ჯგუფები, იშვიათ შემთხვევაში კი – ტაეპები.
რიტმი თანაზომიერი, პერიოდული მონაცვლეობა რაიმე ელემენტებისა. რიტმს დინამიური ხელოვნების დარგებში ერთიანი შინაგანი კანონები აქვს, განსხვავებულია რიტმის შემქმნელი მატერია. მხატვრული დროს თვალსაზრისით რიტმი ერთ-ერთი ესთეტიკური მახასიათებელია ხელოვნების ნაწარმოებისა.
რომანი დიდი მოცულობის თხრობითი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელსაც ახასიათებს რთული სიუჟეტი.
სატირა სინამდვილის მხატვრული ასახვის ისეთი ფორმა, როდესაც გამანადგურებელი სიცილით ამხილებენ ასახულის უარყოფით, მანკიერ ბუნებას. კომიკურის სახე. იუმორისაგან განსხვავებით სატირა სიცილით ამხილებს, ბოლომდე “აშიშვლებს” თავის ობიექტს, ააშკარავებს შეუთავსებლობას გარეგან და შინაგან მხარეებს შორის, ფორმასა და შინაარსს შორის.
სიმბოლო ჩვეულებრივ სიმბოლოს ნიშანს უწოდებენ. ამ ტერმინს ორგვარი პირველადი მნიშვნელობა აქვს: სიმბოლო არის ნიშანი და ამავე დროს სიმბოლური სიტყვა–სიტყვით ნიშნავს შეერთებულს („სიმბოლო” – ბერძნ. ვაერთებ). სიმბოლურ სახეში ან საგანში, როგორც სხვა საგნის ნიშანში, მართლაც შეერთებულია თვით საგნის პირველად მნიშვნელობასთან სხვა მნიშვნელობა.
სიუჟეტი მხატვრული ნაწარმოების აგების საშუალება, ფაბულის მხატვრული განვრცობა.
სტროფი ლექსის ნაწილი, ორი ან მეტი გარითმული სტრიქონის ერთიანობა.
ტაეპი სალექსო სტრიქონი.
ტრაგედია ითარგმნება როგორც თხის სიმღერა. ტრაგედიაში ნაჩვენებია ტრაგიკული კოლიზია, ამაღლებული ტრაგიკული ხასიათები, შეურიგებელი ბრძოლა და დადებითი გმირის კატასტროფული მარცხი.
ტროპი ენობრივი მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალება, რომლის ერთ-ერთი ზუსტი განსაზღვრა ჯერ კიდევ ძველ რომში გაჩნდა. იგი ეკუთვნის რომაელ ორატორს მარკუს ფაბიუს კვინტილიანეს: „ტროპი სიტყვის საკუთარი მნიშვნელობის ისეთი შეცვლაა, როდესაც ხდება მნიშვნელობის გამდიდრება“.
ფაბულა სიტყვასიტყვით ნიშნავს ამბავს, არაკს. ფაბულას განიხილავენ, როგორც მხატვრული ნაწარმოების ჩონჩხს.
შაირი 4,8 და 16 სალექსო საზომით დაწერილი ოთხტაეპიანი სტროფი. განიხილავენ დაბალ და მაღალ შაირს, განსაკუთრებით, ეს მაშინ, როცა ვსაუბრობთ რუსთველურ (იგივე 16-მარცვლიან) შაირზე.
შედარება ტროპის ერთ-ერთი სახე. შედარების დროს ორი სხვადასხვა საგანი ან მოვლენა შეფასებულია ერთმანეთთან არა სრული მსგავსების, არამედ ერთ-ერთი რომელიმე მსგავსების საფუძველზე, მოვლენების მხატვრული გამოსახვის მიზნით.
ციტატა რაიმე ტექსტიდან უცვლელად, სიტყვა-სიტყვით მოყვანილი ადგილი, ნაწილი.
ხატოვანი თქმა (ფიგურალური სიტყვა-თქმანი) იდეის მატარებელი სიტყვა, წინადადება.
ჰიმნი საზეიმო სიმღერა, რომელიც აქებს და ადიდებს ვინმეს ან რაიმეს, ან აფასებს პოზიტიურად.
ჰიპერბოლა ტროპის ისეთი სახე, რომელსაც საგანსა თუ მოვლენას გაზვიადებულად წარმოადგენს. ეს სიტყვა ბერძნული წარმოშობისაა და გადაჭარბებას, გაზვიადებას ნიშნავს.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები