9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

კულტურულ-სოციალური, დროისა თუ სხვა ტიპის საკითხები „ვეფხისტყაოსანში“

spot_img

„ვეფხისტყაოსანი“  მე-12 საუკუნის პოემაა. იგი ფართოპლანიანი ნაწარმოებია, აქ სხვადასხვა ქვეყნის გეოგრაფია თუ კულტურულ-სოციალური ცხოვრებაა გადმოცემული. შევეცდები განვიხილო პოემის სოციო-კულტურული და ასევე დროისა თუ სხვა ტიპის საკითხები.

„ვეფხისტყაოსანში“ მოვლენები ერთმანეთისგან საუკუნეებისა თუ ათწელულებით არ არის დაშორებული. მთლიანი პოემა ერთ პერიოდს, მე-12 საუკუნეს, მიჰყვება. ამ დროისათვის ნაწარმოებში ნახსენებ ქვეყნებში განვითრებული იყო ფეოდალური წყობა.

სიუჟეტის აღწერა არაბეთიდან იწყება. როსტევანი, გულმოწყალე და სამართლიანი მეფე, ქვეყნის პირველი პირია. იგი მორჭმით ზის ტახტზე და ყველასათვის საყვარელი მმართველია. „იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღვთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი.“ ნაწარმოებიდან ვერ ვგებულობთ არაბეთის წინა ცხოვრებას, არ გვხვდება მტრები. არაბეთი მდიდარ და კეთილმოწყობილ სამეფოდ გვევლინება. აქ ედემური ყოფაა, ჰარმონია იგრძნობა მთელ სამეფოში. არაბეთში ახალი ისტორია იწყება თინათინის გამეფებით. აქამდე ქვეყნის ისტორიაში ქალის გამეფების  ფაქტი არ მომხდარა. ვეზირები თუ ყმები ყველა სიხარულით ეგებება ქალ მეფეს და მხარს უჭერენ მას.  გაიმართა დიდებული ზეიმები, ბუკისა და წინწილის, რომელებიც გავრცელებული საკრავები იყო, ხმა ატკბობდა გარემოს, მეფემაც უამრავი საბოძვარი გასცა. ეს ყველაფერი არაბეთის სიმდიდრისა და ეკონომიური სიძლიერის ნათელი მაგალითია. მეფეს გულუხვი დამოკიდებულება აქვს მოსახლეობის  მიმართ, ხშირად ასაჩუქრებს მათ. მეფის ასეთი დამოკიდებულების მიზანი არის არა მარტო მისი გულუხვობის ჩვენება, არამედ მოსახლეობის კეთილდღეობაც, ეს არის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი  არაბეთის სიძლიერისა.

„უბრძანა : წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია!

ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!“

მიიღეს, გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია.

ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.“

არაბეთის სამეფოს სიმდიდრეს მიანიშნებს  ავთანდილისა და თინათინის გრანდიოზული ქორწილი, რომელიც სამ დღეს გაგრძელდა. ყველაფერს სიმდიდრისა და ფუფუნების ელფერი დაკრავდა. სუფრას ალამაზებდა იაგუნდის ჯამები, ლალის ჭიქები და სხვადასხვა ფერის ჭურჭელი: „იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები, კვლა უცხო-ფერთა ჭურჭელთა ჰსხდის უცხო-უცხო სიქები.“

საყურადღებოა ისიც, რომ არაბეთში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ  მშენებლობაც. ავთანდილი როსტევან მეფესთან გამოსათხოვარ ანდერძში ყურადღებას ხიდებისა და დავრდომილების თავშესაფრების მშენებლობაზე ამახვილებს. იგი როსტევან მეფეს სთხოვს: „რაცა თქვენთვის არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად, მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად.“ ციხეები საუცხოოდ ნაგები იყო არაბეთში. ავთანდილის ციხესიმაგრე უზარმაზარი იყო, ირგვლივ ბუნებრივი კლდე შემორტყმოდა და იცავდა მტრებისაგან სასახლეს: „ქალაქი ჰქოდნა მაგარი საზაროდ სანაპიროსა, გარე კლდე იყო, გიამბობ ზღუდესა უქვითკიროსა.“

მნიშვნელოვანია არაბეთის კულტურული ცხოვრებაც. მეფეებისა და დიდებულების გასართობსა და თავშესაქცევს ნადირობა და ბურთაობა, იგივე ცხენბურთი, წარმოადგენდა. ნადირობას ერთგვარი საასპარეზო ხასიათი ჰქონდა. რუსთაველი საკმაოდ ვრცლად და შთამბეჭდავად აღგვიწერს თინათინის გამეფების შემდგომ გამართულ ნადირობას. მეფეები ხშირად ნადირობდნენ თავიანთ ქვეშევდომებთან ან სპასპეტებთან ერთად. პირველი მარეკები მიდიოდნენ და ნადირს შემოსაზღვრულ ტერიტორიაში მოაქცევდნენ, ამის შემდეგ მეფე და მონადირეები უერთდებოდნენ. ერთ მხარეს მონადირეები, ხოლო მეორე მხარეს მონა-მსახურები იდგნენ, რადგან მეფისთვის მიეწვდინათ ისრები, მათ უკან, ოდნავ მოშორებით, მეომრები ჩამწკრივებულიყვნენ.

„უბრძანეს: მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა,

მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა,

ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა!“

დაიწყო მოსვლა ნადირმან ყოვლგნით მინდორთა კიდითა.“

სწორედ ავთანდილისა და როსტევან მეფის ნადირობიდან ვიგებთ არაბი მოსახლეობის ერთ წესსაც – ქუდმოხდილი სიარული სირცხვილსა და შეურაცხყოფასთან ასოცირდება.

ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა ინდოეთში. ინდოეთი შვიდი სამეფოსაგან შედგებოდა. ექვსის მფლობელი ფარსადანი იყო, მეშვიდესი – სარიდანი, ტარიელის მამა. რაც შეეხება ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას: ფარსადანი ძლიერი და სახელოვანი მეფე იყო. დიდი არმია ჰყავდა და საზღვრები კარგად დაცული ჰქონდა. მტრები ვერაფერს აკლებდა ინდოეთს და ხალხიც ბედნიერად ცხოვრობდა. მეფე სარიდანი ძირითადად საგარეო საქმეებს აწარმოებდა, ერთვებოდა ომებში და ზრუნავდა ქვეყნის სიმშვიდეზე. იგი გართობის მოყვარულიც იყო, მისი სასახლიდან ხშირად ისმოდა ზარ-ზეიმის ხმა.

„ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოველი კაცი ხართ მცნობელი:

ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი….“

„მამა-ჩემი ჯდა მეშვიდედ, მეფე მებრძოლთა მზარავი,

სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი.“

ინდოეთი განვითარებული და მდიდარი ქვეყანაა, ამას მოწმობს მეფის მიერ გაცემული სიმდიდრე და საბოძვარი. პოემაში  ერთ საინტერესო წესსაც ვიგებთ: ინდოეთში საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად წმინდა წიგნზე იფიცებდნენ. ეს წმინდა წიგნი მათთვის ყურანი არის. ინდოეთი კოსმოპოლიტური ქვეყანაა, აქ არა მარტო  მუსლიმები, არამედ ბუდისტები და სხვა რელიგიის ხალხი ცხოვრობდა. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კონკრეტულად იმ ნაწილის მოსახლეობა, სადაც ფარსადანის სამფლობელო იყო, მუსლიმური რელიგიისაა.

„შევჰხედენ, ვნახე სასთუნალ მუსაფი გაშლით მდებარე,

ავიღე, ავდეგ მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე…“

ინდოეთში სამკურნალო საქმეებიც იცოდნენ. ნესტანის ხილვით გულწასული ტარიელის „ავადმყოფობა“ ზედმეტ სისხლს დააბრალეს და ვენიდან გამოუღეს სისხლი. „სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა“. ზედმეტ სისხლი ორგანიზმში წნევის მომატებას  ნიშნავდა. ტარიელის ამ დაავადების დიაგნოზი ორგვარი იყო. ექიმები თვლიდნენ, რომ მას არაფერი სჭირდა ამ დაავადების გამომწვევი, ხოლო მოლები ფიქრობდნენ, რომ მასში ეშმაკი არის გაბატონებული: „მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახვიდიან“.

აქვე ვხვდებით ხატაეთის სამეფოს, რომელიც თანამედროვე ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა. ამ სამეფოს შესახებ ცნობები მწირია, თუმცა ბევრისმთქმელი. როგორც პოემიდან ვიგებთ, ხატაეთი ერთობ მდიდარი სამეფოა. ამ ყველაფერს ტარიელის მიერ წაღებული ნადავლი მოწმობს. განძსაცავში ინახებოდა იშვიათი სილამაზის განძეულობა. ასევე ხატაეთში უცხო ქსოვილებსაც ამზადებდნენ. ნესტანისათვის განკუთვნილი ყაბაჩა და რიდე, ერთობ საუცხოოდ იყო ნაქსოვი, ძნელი გაარჩევდი  თუ რა მატერიისაგან იყო დამზადებული. ეს ფაქტი მეტყველებს რომ მაშინდელ სამყაროში დიდი ყურადღება ექცეოდა ძვირფასი ქსოვილების დამზადების ტექნიკას, სისადავეს და ნატიფობას.

„საჭურჭლენი გარდავნახენ თავის-თავის, კიდის-კიდე.

უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დაშვრები, თუ მოვსვთვალვიდე;

ერთგან ვნახენ საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე,

თუმცა ჰნახენ, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე!“

ტარიელის ამბიდან ვიგებთ კიდევ ერთი სამეფოს, მულღაზანზარის შესახებ. არაერთი ვარაუდია თუ სად მდებარეობს ეს გამოგონილი სამეფო. ზოგი ვარაუდობს, რომ ეს ადგილი თანამედროვე სომალის ან მადაგასკარის მახლობლადაა. თუმცა უფრო საფუძვლიანია ვივარაუდოთ ამ ქალაქის თურქეთის ტერიტორიაზე ან მის მახლობლად მდებარეობა. ნაწარმოებიდან ვიგებთ, რომ ეს სამეფო, მიუხედავად სიმცირისა, მდიდარი და კარგად დასახლებულია.

„მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი,

ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი;

ესე საზღვარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი,

ცოტა მაქვს, მაგრა ყოველგნით სიკეთე-მიუწვდომელი.“

როგორც ჩანს, არც ამ სამეფოშია სიმშვიდე. ფრიდონს ომი აქვს თავის ბიძაშვილებთან, მათ ვერ გაუყვიათ ტერიტორიები. როგორც ირკვევა, ფრიდონი მოსახლეობის სიმპათიით სარგებლობს, ის სამეფოში ყველასთვის საყვარელი მეფეა. ფრიდონი ერთობ სასტიკი მმართველიცაა, იგი ბიძაშვილებს სასტიკად უსწორდება, მათ ურჩობისა და დაუმორჩილებლობისათვის ხელებს აჭრის.

„ვეფხისტყაოსნის“ ოდისეა მულღაზანზარში არ სრულდება, არამედ ზღვათა სამეფოში, გულანშაროსკენ, ინაცვლებს. აქ ძირითადად ვაჭრები სახლობენ და ვაჭრობაც აყვავებულია. ვაჭრები პატივითა და დამსახურებით არ გამოირჩევიან, თავად ფატმანიც, რომელიც ვაჭრის ცოლია, თავის ქმარზე ამბობს, რომ როგორც სხვა ვაჭრები, უსენი ისე არ არის პატივის ღირსი, როგორც ვირი რქების. მეფედ მელიქ სურხავი ზის. გულანშარო მულღაზანზარიდან ათი თვის სავალზე მდებარეობს. სმა-ჭამა, ნადიმი, დროსტარება, გართობა, ცეკვა-თამაში და სიმღერები, აქაური ცხოვრების წესია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქალაქში ვაჭრობაა გაცხოველებული. დიდვაჭრები მოგებას ნახულობენ: ყიდულობენ, ყიდიან და ცვლიან საქონელს. იმდენად უხვია ქალაქი, რომ ღარიბი ადამიანიც ერთ თვეში გამდიდრდება.

„ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა,

თვით გულანშარო – ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა;

აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღვა-ზღვა მავლითა;

მელიქ სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.“

დიდვაჭარ უსენის ცოლიდან,ფატმანიდან, ვიგებთ, რომ სამეფოში აღნიშნავენ ნავროზობას. ეს მუსლიმთა ახალი წელია, ამ დღესასწაულზე ქალაქში არავინ ვაჭრობს, არც არავინ მიდის საქონელის ჩამოსატანად. ყველანი მოირთვებიან და მეფის კარზე დიდი პურობისთვის ემზადებიან. სასახლეში ერთმანეთს საჩუქრებს უცვლიან. ზეიმი ათი დღე გრძელდება და ყველგან ისმის საკრავების ხმა.

„ამა ქალაქსა წესია დღესა მას ნავროზობასა –

არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;

ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა,

დიდსა შეიქმნან მეფენი პურობა-დარბაზობასა.“

პოემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია ქაჯეთის ციხე. ამ ციხის პროტოტიპი თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ართვინის „ქაჯის ციხეა“. პირველად მის შესახებ ინფორმაციები გადმოცემულია ძვ.წ VI საუკუნის ძველ ბერძნულ წყაროებში. აქ ციხეს უმძლავრეს ნაგებობად მოიხსენიებენ. „ვეფხისტყაოსნიდან“ ვიგებთ, რომ ქაჯეთს თავდაპირველად მოწყალე, ქვრივ-ობლების შემწე მეფე ჰყავდა, თუმცა მას რაღაც სენი შეეყარა და გარდაიცვალა. ქაჯეთის სამეფოს კი ქალი, მეფის და, დულარდუხტი მართავს. იგი კლდესავით მაგარი და ძლიერი მმართველია.  ქაჯეთშიც შიდა განხეთქილება მოხდა, მეფის ასისთავმა, როშაქმა, ურჩობა გადაწყვიტა და ყაჩაღობას მიჰყო ხელი.

„დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე ვითა, ლოდია,

ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია;

მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია,

აწ იგი ქაჯეთს მორჭმული ქვე ზის, ხელმწიფე სწოდია.“

ქაჯეთის მოსახლეობას ქაჯებს ეძახიან, რადგან მათ ყველაფერი იციან ჯადოქრობაზე. ყველა ამ საქმის მცოდნენი კი ერთად არიან ქაჯეთში შეკრებილნი. მათ ადამიანებისთვის ზიანის მოტანა შეუძლიათ, შეიძლება დაღუპონ კიდეც.  ჩვეულებრივი ადამიანები კი იმათ ვერაფერს ავნებენ. თუ შეებმებიან, დაბრმავებულსა და დამარცხებულს დატოვებენ. ბუნებაზე ზემოქმედებაც შეუძლიათ რაღაც სასწაულით, ქარს ამოაგდებენ, ხომალდებს წყალში ძირავენ, წყალზე ისე გაირბენენ, როგორც ხმელეთზე. წყლის დაშრობა და დღის ღამედ ქცევაც ძალუძთ.

„ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთგან კრებულნი,

კაცნი გრძნებისა მცოდნელნი, ზედა გახელოვნებულნი,

ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისად ვნებულნი;

მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.“

ზემოთ ნახსენებ ქვეყნებში პატრონყმობის ინსტიტუტი და ვასალური დამოკიდებულებაა, ნახსენებია როგორც მეფეების, ასევე დიდებულები, ყმები და ქვეშევმდომები. ყველა ისწრაფვის ყმობისაკენ, რადგან ყმად ყოფნა არა დამამცირებელი, არამედ ვაჟკაცობის, ნდობისა და ურთიერთპატივისცემის ჩვენებაა. ამ პერიოდისათვის მეფე ღმერთის სწორია. მეფის მსახურება, მისთვის თავგანწირვა შუასაუკუნეობრივი იდეოლოგიით პატივია: „ ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან.“ მიუხედავად გაღმერთებისა, მეფეებს თავი „მდაბლად“ უჭირავთ და ქვეშევრდომებიც მათთან ახლოს არიან. როსტევანი და ავთანდილი, ფარსადანი და ტარიელი– ორივე მეფე და სარდლები არიან, თუმცა მათ შორის არ იგრძნობა სოციალური განსხვავება. ორივე მეფეს უყვარს, ზრუნავს და საკუთარ შვილებად მიაჩნიათ თავიანთი სარდლები. შინამოსამსახურეები სამეფოებში მდიდარი და განებივრებულნი არიან სხვადასხვა ფუფუნების საგნებით.

„ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა,

მან მითხრა: „არა არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა…“

ამ პერიოდისათვის, როგორც ნაწარმოებიდან ირკვევა, ადამიანები განსწავლულნი იყვნენ ასტროლოგიაში. მნათობების სახელწოდება არაბული წარმომავლობისაა და მათ სხვადასხვა დანიშნულება აქვთ.  ნაწარმოებში არაერთხელ ვხვდებით თუ როგორ მიმართავენ პერსონაჟები ერთმანეთს მზისა და მთვარის სახელით. ასევე, ფრიდონისაკენ მიმავალი ავთანდილი თავის სადარდებელს ციურ სხეულებს უმხელს, ამ თავს მნათობების სიმღერასაც უწოდებენ.

ამ ფაქტებზე დაყრდნობით შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ XII საუკუნე კულტურულ-სოციალური თუ ზნეობრივი განვითარებით  მაღალ დონეზე იდგა. ამ პერიოდისათვის ასპარეზზე გამოდის და საფუძველი ეყრება იმ საკრავ ინსტრუმენტებს, ქსოვილებს თუ სხვადასხვა საგანმანათლებლო დარგებს, რომლებიც დღესდღეობით წამყვან ადგილს იკავებს.

თაკო კეშელავა – კოხნარის საჯარო სკოლა, XII კლასი

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები