23 თებერვალი, პარასკევი, 2024

„კაცია-ადამიანი?!“

spot_img

ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „კაცია-ადამიანი“ მე-19 საუკუნის შუა ხანებში გამოიცა და დიდი განსჯის საგანი გახდა საზოგადოებაში. თავად ნაწარმოები კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ნიმუშია, რომლითაც ავტორი კიდევ ერთხელ ეცადა, ქართველი ერისთვის დაენახებინა ქვეყანაში არსებული მორალურ-ეთიკური პრობლემები.

ილია ჭავჭავაძეს თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში არა ერთხელ აღუნიშნავს, ყველაზე დიდი ბოროტებაა ადამიანს დაუმალო სიმართლე. დაინახო მისი ცუდი და გაჩუმდე. ამ მხრივ არც ეს ნაწარმოები აღმოჩნდა გამონაკლისი. მწერალი დასაწყისშივე აღნიშნავს: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“. არ არსებობს უნაკლო ადამიანი ამქვეყნად. შეუძლებელია ყველანი იდეალურები ვიყოთ, მაგრამ უნდა ვეცადოთ მაინც, რომ კათარზისისკენ წავიყვანოთ ჩვენი ცხოვრება. სახარებაში წერია: „სხვის თვალში ბეწვს ვხედავთ, საკუთარში დირეს – ვერაო“. სწორედ ამიტომ გვჭირდება, ჩვენში რომ გამოჩნდეს ერთი ღვთისნიერი კაცი და დაგვანახოს, პირზე რომ უმსგავსობა გვაცხია. „კაცია-ადამიანი?!“ ნამდვილად აღმოჩნდა სარკე მთელი ქართველი ერის უბედურების ამრეკლავი, რომელიც მწერალმა დაუნდობლად გამოიტანა სინათლეზე. თათქარიძეების სახით მან დაგვანახა საზოგადო ჭირი: ადამიანები, რომლებიც უმოქმედოდ მიჰყვებიან ცხოვრების დინებას, არ ფიქრობენ მომავალზე, მხოლოდ წარსულით ტრაბახობენ, აწმყოში კი ბუზების თვლის გარდა სხვა საზრუნავი არაფერი აქვთ. ილია ამბობს: „ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს“. ჭავჭავაძე დაუღალავად მოუწოდებდა თავისი კალმით ერს, მხოლოდ მოძრაობა და მოძრაობა თუ გადაარჩენს ქვეყანას, მხოლოდ ბობოქარი და მეამბოხე თერგი თუ შეძლებს ბარიერების გადალახვას. მწერალი თავისი დაუნდობელი ირონიის გამო არა ერთხელ გამხდარა იერიშის სამიზნე: ,,ჩემზე  ამბობენ, ის სიავეს ქართლისას ამბობს.“ არცაა გასაკვირი, მართლის მთქმელ კაცს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდეს. სწორედ ასეთ კეთილ ადამიანებს გამოუჩნდება ხოლმე ყველაზე მეტი მტერი, რადგან, სამწუხაროდ, არავის სიამოვნების თავისი ცუდის გამჟღავნება. მაგრამ მაინც,  ადამიანმა საკუთარი ნაკლი რომ გამოასწოროს, ჯერ უნდა დაინახოს. „ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე – თუ გინდა – მთქმელი ვიქნები.“ მართლის თქმის საკითხზე მსჯელობს დავით გურამიშვილიც საკუთარ ნაწარმოებში „დავითიანი“.  „მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების“ – ჩემთვის სრული ჭეშმარიტებაა მწერლის ნააზრევი. როდემდე უნდა დავიბრმავოთ თვალი, როდემდე უნდა ვიყოთ ჩვენი კომფორტის ზონაში და განვაგრძოთ უსარგებლო არსებობა. სანამ სიმართლეს თვალს არ გავუსწორებთ, ვერაფერს მივაღწევთ  ცხოვრებაში. ადამიანი ხომ იმისთვის გააჩინა უფალმა ამქვეყნად, რომ იშრომოს, გაისარჯოს, თავის თავსაც გამოადგეს და ქვეყანასაც არგოს რამე. საკუთარ თავში ნაკლის აღმოჩენა ნახევარი გზაა პიროვნული კათარზისისაკენ.

ილია ჭავჭავაძის ამგვარ ირონიაშეპარული მოძღვრებებს ბევრს ითვლის ქართული ლიტერატურის ისტორია. მოთხრობაში „კაცია-ადამიანი?!“ მან კიდევ ერთხელ გაიბრძოლა საზოგადოების თვალის ასახელად: „მე მიყივლია და გათენდება თუ არა – ეგ ღმერთმა იცის! წყრომა კი რომ არა ყოფილიყო, ეგ გათენება, ჩვენც კარგად გვეცოდინებოდა, როდისა იქნებოდა!“

ნინო წიგნაძეჭიათურის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები