21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

თვითმკვლელი მინდია (გველისმჭამელი)

spot_img

ვაჟა-ფშაველას თითოეული პოემა გაჯერებულია ცხოვრებისეული სირთულეებითა და მათი დაძლევის გზებით. ამ გზათაგან ზოგიერთი წმინდა და ვაჟკაცურია, ზოგი კი ძალზედ რთული და, ხშირად არასწორიც. ვაჟას პემათა უმეტესობას ლაიტმოტივად გასდევს დაბრკოლებების სიმამაცით ძლევა,  „გველისმჭამელი“ კი ამმხრივ, სრულიად განსხვავდება დანარჩენი პეომებისაგან, მისი მთავარი გმირი ყველაზე დიდ სისუსტეს იჩენს – სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.

მინდიას ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც იგი გველის ხორცის ჭამით მისნურ ნიჭს შეიძენს და ძველი მინდიასგან რადიკალურად განსხვავებულ პიროვნებად ყალიბდება. ეს ძირეული ცვლილება, პირველ რიგში, მის მსოფლმხედველობაზე აისახება. მინდიას  მისნური ნიჭი ყველასგან გამოარჩევს და ეს გარკვეულწილად უბედურების მომტანია მისთვის. შინაგანი ცვლილება პიროვნებისთვის დიდი ფსიქოლოგიური სტრესია. გველისმჭამელის შემთხვევაში, ამ სტრესს კიდევ ემატება სირთულეები, საზოგადოების მხრიდან მისდამი დამოკიდებულებით.

მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო მყოფები მინდიას პატივს სცემენ, მაინც იბადება ეჭვი მისი მისნური ნიჭის მიმართ. ამ ეჭვის შესაძლო მიზეზად კი შეიძლება მინდიას განსხვავებული მსოფლმხედველობაც განვიხილოთ. ვინაიდან საზოგადოებას ყოველთვის უჭირს განსხვავებული პიროვნების აღიარება და დაფასება. თემიდან მისადმი უნდობლობა პირველად ჩალხიამ გამოამჟღავნა.

„მიკვირს ეგ თქვენი ფიქრია,

წინავაც ბევრჯელ გითხარით,

ეხლაც იმასვე ვიტყვია:

ენა თუ ჰქონდეს ხე-ქვათა,

ჩვენც რად არ გაგვიგონია?

ჩვენს სატყუებლად მინდიას

სიცრუე მოუგონია.“

ჩალხიას მიერ ამ პოზიციის მკაფიო დაფიქსირებისას აღმოჩნდა, რომ გველისმჭამელის მიმართ უნდობლობა თემის სხვა წევრებშიც ყოფილა.

მინდია ცდილობს საზოგადოების აზრი მის მრწამსზე არ აისახოს. თუმცაღა დიდ ემოციურ აღზევებას განიცდის. იგი ხორცის დათრგუნვასა და სულის აყვავებაზე მზრუნველი პიროვნებაა, სხვები კი პირიქით.

თემის უნდობლობაზე მეტად მინდიას საკუთარი ცოლის ახირებების წინააღმდეგ უძლურება ანადგურებს.  სწორედ მზიას მოწოდებებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ ხდება იგი ხორცის აყვავებაზე მზრუნველი ადამიანებისნაირი.  ცოლისადმი მრისხანებას არც მალავს და ღიად ადანაშაულებს მას, მისნური ნიჭის დაკარგვის გამო.

„ის დღე გაშავდეს, რა დღესაც

შენ მე დაგისვი ცოლადა.

მინამდე კაცი არ მაჩნდა

მიწაზე თავის ტოლადა.

სრულ შენგან გავხდი, წყეულო,

უგერგილოდ და ყროლადა.“

მისნური ნიჭის დაკარგვას გველისმჭამელის სულიერ სამყაროსში დიდი აღრევა მოაქვს. მან იცის რომ ამ ნიჭის გარეშე არაფრადაა ქცეული, მაგრამ დაბრკოლების წინაშე უძლურია. სხვა თანამდევი ფაქტების ფონზე, პოემის მთავარი პერსონაჟი ყველაზე დიდ ადამიანურ სისუსტეს ავლენს. ჩადის უპატიებელ ცოდვას, პრობლემებისა და სულიერი შფოთვის დასაძლევ გზად თვითმკვლელობას ირჩევს.

„ქუდს იხდის… სიტყვა ვეღარ სთქვა,

ხმლის ტარს შაეხო ცერითა,

ამოიწვადა ქარქაშით,

გულს მიიბჯინა წვერითა.

მკერდიდან სისხლი, ვით წყარო,

გადმოუვიდა ჩქერითა,“

მინდია სწორედ ამით განსხვავდება ვაჟას სხვა პერსონაჟებისგან. ის უბრალოდ დაღლილია და დასვენების ერთადერთ გზად, როგორც მას, ასევე ავტორს, სიკვდილი მიაჩნია. იგი აცნობიერებს, თუ რამხელა და რა ძვირფასი კაპიტალი დაკარგა,  ნიჭის სახით. ამ კაპიტალის გარეშე კი მისთვის ყველაფერი უფერულდება და არაფრობის ზენიტში ექცევა.

მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები