16 მაისი, ორშაბათი, 2022

თამარი, თინათინი, ნესტან-დარეჯანი – ისტორიული და ლიტერატურული  პარალელები

spot_img

რუსთველის პოემის დაწერის დრო, მართალია, დღემდე კამათის საგანია, თუმცა საბოლოოდ მაინც დადასტურებით ვამბობთ, რომ ტექსტი დაიწერა თამარის გამეფების შემდეგ, როცა ის უკვე დავით სოსლანთან დაქორწინებულია და ჯერ კიდევ არ არის გარდაცვლილი მეფის თანამეცხედრე (დავით სოსლანი, როგორც ვარაუდობენ, გარდაიცვალა 1207 წელს).

„ვეფხისტყაოსანი“ თამარისა და დავითის სახოტბოდ დაწერილი პოემაა. მასში თამარ მეფეს რამდენადმე შეესაბამება თინათინი და ნესტანი, რომელნიც მას სხვადასხვა ასპექტიდან გამოხატავენ.

ნესტანი პოემაში წარმოდგენილია უდიდესი ზეციური ნიჭით, მას შეუძლია სულით–ხორცამდე სავსე იყოს სიყვარულით, სიბრძნით, სიმტკიცით, მაგრამ ბოლომდე იდეალიზებული პერსონაჟი არაა.  მის სისუსტედ შეიძლება ჩაითვალოს სიფიცხე (გავიხსენოთ ხვარაზმშას შვილზე მისი გათხოვების გადაწყვეტილების მომენტი). მეფის ასული მრისხანე და შეუბრალებელი ხდება, როცა თვლის, რომ შეურაცხყვეს. ქვეყნის მომავალი მეფე-ქალი შორსმჭვრეტელობას იჩენს, ვერ ეგუება ინდოეთში ხვარაზმელთა გაბატონებას. თუ ჩავთვლით, რომ რუსთაველი არაფერს წერს გააზრების გარეშე, დავინახავთ თამარისა და ნესტან-დარეჯანის მსგავსებას. „ვეფხისტყაოსანი“, რომელმაც არა მარტო საფალავნო-საგმირო ეპოსის როლი შეითავსა, იყო ერთგვარი პროპაგანდისტული იარაღიც. გავიხსენოთ მე-12-მე-13 საუკუნეების მიჯნის საქართველოს რეალური მდგომარეობა. გიორგი რუსად წოდებული თამარის ყოფილი ქმარი შერისხულ იქნა და სახელმწიფოდან გააძევეს, იქნებ დავინახოთ პოემაში უკვე ფარული გაფრთხილება, რამდენად უარესი შეიძლება იყოს  ბედი, მსგავსი ხვარაზმშას შვილისა.

„ვეფხისტყაოსანი“ არაბეთის მეფის, როსტევანისა და მისი მზის მსგავსი ასულის, თინათინის ამბით იწყება. თინათინი თავიდანვე იპყრობს ჩვენს ყურადღებას, დინჯი გაწონასწორებული, მშვიდი ბუნებით. ის მამის დარიგებას ბრძნულად ისმენს და თავმდაბლობასაც იჩენს. ნაწარმოების კითხვის დაწყებისთანავე დარწმუნებულნი ვართ, რომ არაბეთის მეფის ასული ღირსეულად გააგრძელებს სახელოვანი მამის გზას, იქნება სწორედ ისეთი ხელმწიფე, როგორადაც სურდა გამზრდელს. თინათინი დიდ გონიერებას იჩენს, როცა ავთანდილს უცხო მოყმის საძებნელად გზავნის. ეს ეპიზოდ მისი ხასიათის გასაგებად საყურადღებოა. აქ ვხედავთ კეკლუც ქალს, ვისაც მხნე სპასპეტის მოხიბვლა გადაუწყვეტია. ვფიქრობ, ამაზე მეტყველებს მისი ჩაცმულობაც. თინათინი თავად უმხელს სიყვარულს ავთანდილს, ეფიცება, რომ მის გარდა არავის გაჰყვება ცოლად, მხოლოდ ამის შემდეგ აძლევს დავალებას – მოძებნოს უცხო მოყმე. თინათინი ერთგული მიჯნურიცაა და კარგი მეგობარიც. თამარი, ნესტან-დარეჯანისა და თინათინის მსგავსად, უძმო ქალი და ტახტის მემკვიდრეა. წესით, არც თამარსა და არც ნესტან-დარეჯანს არ ეკუთვნოდათ სამეფო ტახტი, თინათინის შემთხვევაში კი არსად ჩანს სხვა, ვისაც ეკუთვნის არაბეთის ტახტზე ასვლა. რატომ დასჭირდა რუსთაველს ასეთი სიუჟეტი? იქნებ ისევ იმისთვის, რომ თამარის გამეფების გამართლებინა?

თამარი იყო პირველი მეფე ქალი საქართველოს ისტორიაში და მანამდე, არც წარმართული და არც ქრისტიანული მმართველობის დროს მეფედ ქალი არ უკურთხებიათ. ამდენად, თამარის გამეფების მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც, ბუნებრივია, რომ მეთორმეტე საუკუნის საქართველოში მრავლად იქნებოდნენ. არ დაგვავიწყდეს, ეს შუა საუკუნეებია, როცა პატრიარქალური ხასიათის მხოლოდ სოციალურ-პოლიტიკური წყობა კი არაა, არამედ ფსიქოლოგიურ-მენტალური მდგომარეობაც. ძუ-ხვადი ლომების გათანაბრებაც პატრიარქატის ხავერდოვანი განეიტრალების მცდელობაა. თუ გავიხსენებთ, ნესტან-დარეჯანთან მიმართებით არასდროს გამოიყენება მეტაფორა ლომი, ვეფხვი კი. ინდოეთის მეფის ასულის სამართლებრივი მდგომარეობა მეტად ჰგავს თამარისას, უფრო ნაკლებად – თინათინისას, მაგრამ რუსთაველი თითქოს ერთი სიმაღლის სიბრტყეზე აყენებს თიანთინსა და ნესტან-დარეჯანს თავიდან, მერე კი ინდოელს აძლევს უპირატესობას ირიბი მინიშნებებით: სიუჟეტის მიხედვით მას აქვს ბობოქარი ცხოვრება და თვით როსტევანი აფასებს განსაკუთრებულად. ამ უპირატესობის მინიჭებაშიც არის ავტორის სტრატეგია – თამარ-ნესტანის მსგავსება არა მხოლოდ სახოტბო, არამედ რამდენადმე პროპაგანდისტული მნიშვნელობისაცაა.

ანი  მაზმიშვილისსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი მთისძირის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ გამოცდაზე  პროფესიულ უნარებში, წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის, საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება: ♦ არჩევითპასუხებიანი ♦ შესაბამისობის ♦...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები