20 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2021

ზღაპარი

spot_img

პოეტურ გამონაგონს, ფანტასტიკურ ამბავზე აგებულ თხრობით ნაწარმოებს, რომელიც დაკავშირებულია სინამდვილესთან იდეით, თემატიკით, მოტივებით, სიუჟეტით, ენობრივი თავისებურებით, ეროვნული კოლორიტით, ზღაპარი ჰქვია. ზღაპარი არის პროზაული და ლექსითი (პოეზიური). იგი ეპიკური გვარის ერთ-ერთი ჟანრია.

ზღაპარი უმეტესად გადმოსცემს ფანტასტიკურ და ჯადოსნურ მოვლენებს. მასში საუბარია  ისტორიისა და თანამედროვეობის მორალურ, სოციალურ, ესთეტიკურ პრობლემებზე. ზღაპარი მითის ნიადაგზეა წარმოშობილი და მის მსგავსად ფანტასტიკური შინაარსისაა, მაგრამ მასში ფანტასტიკური ელემენტი შეგნებულად და პირობითად არის გამოყენებული. მეზღაპრეს ესმის, რომ მის მიერ მოთხრობილი ამბავი გამოგონილია, ოცნების ნაყოფია და პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგება. მითებში კი ავტორი გამოხატავდა იმას, რაც გულწრფელად სწამდა.

ზეპირსიტყვიერებაში გვხვდება მითოლოგიური შინაარსის ზღაპრები. მათში მთელი ბუნებაა გაპიროვნებული. უფრო გავრცელებულია საყოფაცხოვრებო ზღაპრები და ზღაპრები ცხოველების შესახებ. ხალხური, ანუ ფოლკლორული მასალების საფუძველზე იქმნებოდა აკაკი წერეთლის, პუშკინისა და სხვა კლასიკოსების ზღაპრები. ასე წარმოიშვა ზღაპრის ჟანრული სახესხვაობა – ლიტერატურული ზღაპარი –  მხატვრულ ლიტერატურაზე ორიენტირებული ნაწარმოები, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ხალხურ ზღაპართან, მაგრამ, მისგან განსხვავებით, ეკუთვნის კონკრეტულ ავტორს, რომელიც ზეპირად არ არსებობდა გამოქვეყნებამდე და არ ჰქონდა ვარიანტები. ლიტერატურული ზღაპარი ან მიბაძავს ფოლკლორს (ხალხურ-პოეტურ სტილში დაწერილი ლიტერატურული ზღაპარი), ან ქმნის დიდაქტიკურ ნაწარმოებს არაფოლკლორულ საგნებზე დაყრდნობით.

საინტერესოა ზღაპრის კომპოზიცია:

  1. ინიცირება (სამეფოში ცხოვრობდნენ/იყვნენ; იყო და არა იყო რა…).
  2. ძირითადი ნაწილი (გადმოცემულია სიუჟეტის ძირითადი, დინამიკური ნაწილი).
  3. დასასრული (ისეთი ნაწილი, რომელიც იზიარებს პათოსს დაახლოებით ასეთი კონცეფციით: „ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა“).

წარმოგიდგენთ ჩემ მიერ დაწერილ ზღაპარს (პირველი მცდელობაა, ამიტომ მკაცრად განსჯას არ ველოდები. სიამოვნებით მივიღებ რჩევებს).

მარტოსული პრინცესა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი სამეფო, სადაც მეფის უზარმაზარი სასახლე იდგა. სასახლის სახურავი მზეს სწვდებოდა. ღამით ნამგალა მთვარე სახურავზე წამოწვებოდა და ყურს უგდებდა ბინადრებს. აინტერესებდა, რაზე ფიქრობდნენ, რაზე ოცნებობდნენ, რა სურდათ. მთვარეს მზესთან მიჰქონდა ამბები, მზე თავის ბრდღვიალა თვალებს გაახელდა და უფრო მეტ ოქროსფერ სხივებს მოჰფენდა სასახლის ირგვლივ. ბანაობდა სასახლე მზის სხივებში. ადამიანები თბილად და ბედნიერად ცხოვრობდნენ.

ამ სასახლეში  ცხოვრობდა ერთი კეთილი ოჯახი, რომელსაც ერთ დღეს გამოეცხადა პატარა ჩიტი და უთხრა: თქვენ გაგიჩნდებათ ბამბის ქულასავით ფუმფულა ულამაზესი გოგონა, ზღვისფერი მოციმციმე თვალებით და გიშრის თმით. იმ დრომდე ოჯახში სულ პრინცები ჩნდებოდნენ,  ამიტომაც ყველა მოუთმენლად ელოდა მის დაბადებას, მათ შორის მეფე და დედოფალიც…

აი, დადგა ნანატრი წუთები.  პრინცესა ამ ქვეყანას მოევლინა. მთელ სამეფოს მოედო ეს აბავი, ყველა ზეიმობდა: დიდი, პატარა, ბავშვი თუ მოხუცი. მაშინ არავინ იცოდა, რა მოხდებოდა მომავალში. პრინცესა ცოტა რომ წამოიზარდა, მეფემ და დედოფალმა შეამჩნიეს, რომ იგი აშკარად განსხვავდებოდა თანატოლი ბავშვებისგან. მაშინვე უხმეს სამეფოს საუკეთესო ექიმებს. მათ ვერ გაიგეს, თუ რა სენი აწუხებდა გოგონას. მაშინ სხვა სამეფოებიდან მოიწვიეს საუკეთესო მკურნალნი. ყველა ხერხს მიმართეს. წლების განმავლობაში ნაცადი მკურნალობის ხერხები გამოიყენეს. ასი  სული  ძროხის ნაწველი რძისგან ამოიყვანეს ყველი და   დილა-საღამოს  თბილი შრატის აბაზანებს უკეთებდნენ, შემდეგ ტალახისას,  მაგრამ ყველა ცდა უშედეგო აღმოჩნდა.  გოგონას მიწაზე ფეხის დადგმა არ შეეძლო.   მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდნენ, თუ რა იყო ამ განსხვავებულობის მიზეზი.  პრინცესაც იზრდებოდა, უნაკლოდ ითვისებდა ყველაფერს, რასაც  ასწავლიდნენ. მისი გონება ბევრად მეტსაც კი ხვდებოდა, იყო ზედმეტად მგძნობიარე. გოგონას ბედნიერებისთვის ერთი თბილი სიტყვაც კი საკმარისი იყო…  წლები  გადიოდა…  თითქოს პრინცესას  ყველაფერი ჰქონდა ბედნიერებისათვის, მაგრამ მაინც ყოველთვის ფიქრობდა, რომ სხვებისგან განსხვავებული იყო. ეს განსხვავებულობა ხელს უშლიდა მისი ოცნებების ფრთების შესხმას. მას სურდა, რომ გამოსადეგი და სასურველი ადამიანი ყოფილიყო ხალხისათვის. ამაზე ხშირად ფიქრობდა.  გრძნობდა, რომ ყველას მოსწყინდა მასთან  ურთიერთობა, რადგან მისი არ ესმოდათ. აქტიურობისა და მონდომების გამო, ძალიან ხშირად გამხდარა დაცინვის მსხვერპლი. ხშირად თავისთვის სასახლის ბაღში დაჯდებოდა და ცხარე ცრემლებით ტიროდა. ფიქრობდა, ვინმე გოგონა რომ მაინც ჰყოლოდა მეგობარი, ის უკეთ გაუგებდა.

მზეს გულს უწვავდა გოგონას ცრემლები. მის ლამაზ თმებს თავისი სხივებით ეფერებოდა. ცდილობდა, ტკივილი დაეამებინა. მასთან ხშირად მოდიოდა შვლის ნუკრი, რომელიც წინ დაუდგებოდა და თავისი მეტყველი თვალებით დიდხანს აკვირდებოდა. ერთხელ გოგონას უთხრა:

– ნუ გეშინია, მე ვიქნები შენი მეგობარი. შევეცდები, ყველაფერი გაგიგო და დაგეხმარო. მომენდე, ლამაზო პრინცესავ,   და მთხოვე, რაც გინდა.

– შენ როგორ დამეხმარები? ისეთივე პატარა და უმწეო ხარ, როგორიც მე, – უთხრა პრინცესამ.

– სულაც არა,  არც მე და არც შენ უმწეოები არ ვართ. თუ მოვინდომებთ, ყველაფერს შევძლებთ. აი შეხედე, – თქვა და  უცებ გოგონას წინ ულამაზესი ფასკუნჯი გამოჩნდა უზარმაზარი ფრთებით, ლამაზი გრძელი ფეხებით და შავი თვალებით.

– შენ ხარ? – იკითხა გაოცებულმა გოგონამ.

– დიახ. თუ გინდა, ფრთებზე შეგისვამ და სადმე შორს წაგიყვან, იქ, სადაც სულ ბედნიერი და ლაღი იქნები, სადაც არასოდეს არაფრის შეგეშინდება და სადაც შენი ოცნებების ასრულებას შეძლებ! – მიუგო ფასკუნჯად გარდასახულმა ნუკრმა.

პრინცესას სიხარულისაგან თვალები ცრემლებით აევსო, მაგრამ შეეშინდა. წასვლა ვერ გაბედა. მაშინ ნუკრმა უთხრა:

– აუცილებლად დადგება დრო და ჩემს ფრთებზე შესმული მოივლი მთელ სამყაროს. გპირდები.

პრინცესას გაეღიმა, ნუკრს დაემშვიდობა და სასახლისკენ წავიდა.

გოგონას უგუნებობა შეუმჩნეველი არ დარჩენია მეფესა და დედოფალს. მეტიც, თავადაც ძალიან იტანჯებოდნენ, თავს იდანაშაულებდნენ მისი ასეთ მდგომარეობაში ყოფნის გამო.

ერთხელ მეზობელ სამეფოში წასვლა სთხოვეს. პრონცესა ისე იყო მიჩვეული მარტოობას, რომ გართ გასვლა აღარც უნდოდა, მაგრამ მოერიდა უარის თქმა. მისმა საყვარელმა შვლის ნუკრმა ფრთები გამოისხა, გოგონა შემოისვა ფრთებზე და წაიყვანა. სრულიად სხვა გარემოში მოხვდა. იქ იყო ბევრი გოგო-ბიჭი, რომლებიც ერთმანეთთან მეგობრობდნენ. პრინცესამ ლაღად და ბედნიერად იგრძნო თავი. მიხვდა, რომ  არ გარიყავდნენ, არ დასცინებდნენ, გულს არ ატკენდნენ. ფასკუნჯის მოყვანილი მალე დაიმეგობრეს…

კეთილმა ფასკუნჯმა შეუსრულა დანაპირები, მოატარა მთელი სამყარო, აჩვენა ულამაზესი ადგილები. მინდვრებში უამრავი ფერად-ფერადი ყვავილი დაკრიფეს, უსმენდნენ ჩიტების გალობას და ამით ტკბებოდნენ. ერთხელ ბავშვებმა გოგონას თავიანთი აღმზრდელი გააცნეს. ადამიანი, რომელიც ყველას უგებდა, თავს ევლებოდა ბავშვებს, მათი სიხარულითა და წარმატებებით ხარობდა, მათი ტკივილი კი საკუთარივით სტკიოდა. პრინცესას დაავიწყდა თავისი წარსული და იქაურობა იმდენად მოეწონა, რომ დარჩენა გადაწყვიტა. ის ყველამ სიხარულით მიიღო და მაშინ მიხვდა, რომ არ არსებობს ოცნებები, რომლებსაც ახდენა არ უწერია. უბრალოდ, მთავარია არასოდეს დანებდე.

მარიამ ჩაჩანიძე,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლა, X კლასი

 

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები