24 ნოემბერი, კვირა, 2024

„ვეფხისტყაოსნის“ 49-ე სტროფის ანალიზი

spot_img

გთავაზობთ „ვეფხისტყაოსნის“ 49-ე სტროფის ანალიზს:

„ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,

დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!

უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.

უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.“

აღნიშნული სტროფი მოხმობილია თავიდან „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“. ნაწარმოების სიუჟეტი ამ თავით იწყება და ექსპოზიციის გარდა, საინტერესოა რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტით. როგორც ვიცით, არაბეთი და ინდოეთი საქართველოს რეალური სახის ნიშნებითაა წარმოდგენილი ნაწარმოებში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინიშნებაა სამი სამეფოს მონარქების მემკვიდრეთა ქალობა (ბიოლოგიურ სქესზეა საუბარი). თუ თვალს გავადევნებთ თინათინისა და ნესტან-დარეჯანის არა მხოლოდ გარეგნულ ნიშანთა მსგავსებას თამარ მეფის მიმართებაში (იდეალიზებული გარეგნობაა მხედველობაში), არამედ იმასაც რომ თინათინს არ ჰყავს სამეფო ტახტზე კონკურენტი (არსად ჩანს, რომ როსტევანს ჰყავდეს ძმა ან ძმისწული ვაჟი), ხოლო ნესტან-დარეჯანს კი ჰყავს კონკურენტი _ სარიდანის ვაჟი ტარიელი, უკვე ვაწყდებით მსგავსება-განსხვავებას. სარიდანის ვაჟისა და შვილის სიყვარულის იგნორირების გამო იწყება ფარსადანის შეცოდებანი. სწორედ ასეთია მე-12 საუკუნის საქართველოს რეალობაც. თამარის მამა გიორგი III კაენის ცოდვაში იდგამს ფეხს და შვილს უსამართლოდ ამეფებს. ეს საკითხი ცალკე მსჯელობის საგანია, ჩვენ ისევ დავუბრუნდეთ მინიშნებულ სტროფს. როსტევან მეფე გონიერი და სვებედნიერი მონარქია. მისი კაცთმოყვარეობის ხარისხი ეტყობა ნაწარმოებს მკაფიოდ და ბევრად უფრო კოლორიტული კეთილშობილებაა, ვიდრე რომელიმე სხვა მონარქი (სარიდანი შეიძლება დავადანაშაულოთ ინდური სამეფოების გაერთიანების ფარული მიზნის გამო _ მას სურს გაერთიანებული ინდოეთის მეფედ თავისი ვაჟი. იმ დროისთვის ფარსადანი უმემკვიდრეოა; ფარსადანის დადანაშაულება შეიძლება თუნდაც შვილის გრძნობების იგნორირების გამო; მელიქ-სურხავი, დულარდუხტი ყოველგვარი ემპათიის გარეშე ცდილობენ ნესტან-დარეჯანის რძლად დასმას…). როსტევანი შვილის გამეფების დროს სიუხვისა და თანასწორობის პროპაგანდისტად გვევლინება. ვარდია თუ ნეხვი, მცირეა თუ დიდი, ყველას თანაბრად ეკუთვნის გულუხვი დამოკიდებულება. ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ ჰუმანისტად ან ქველმოქმედად წარმოაჩინოს თავი მეფემ. სწორედ სიუხვის გამო „ახსნილი დაებმება“ და თან, ზღვის მაგალითისებრ, შემოსავალ-გასავლის მიუხედავად, არაფერი დააკლდება გულუხვს.

აქვე დავძენ, რომ „ვეფხისტყაოსანში“ სიმდიდრე არაა მიზანი, ის საშუალებაა სიუხვისთვის.

მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები