2 თებერვალი, ხუთშაბათი, 2023

ერთი პრობლემა სამი ნაწარმოებიდან

spot_img

მამის მიერ შვილის მოკვლა, არის როგორც დროთა კავშირის გაწყვეტა, ისე ბუნების კანონის დარღვევა. ეს არის პრობლემა, რომელსაც ლიტერატურაში ანტიდაბადება ან არსებობის მარადისობის რღვევა ჰქვია. სწორედ ამ პრობლემასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ ალექსანდრე ყაზბეგის, პროსპერ მერიმეს თუ ნიკოლოზ გოგოლის ნაწარმოებებზე: ,,ხევისბერი გოჩა“, „მატეო ფალკონე“, „ტარას ბულბა“.

შემზარავია სამივე მკვლელი მამის ქმედება, თუმცა თითოეულ მათგანს საკუთარი მორალურ-ზნეობრივი საფუძველი გააჩნია. ხევისბერი გოჩა, გაიგებს რა შვილის უგვან საქციელს, აფექტის მდგომარეობამდე მიდის და კლავს შვილს. იგი მამაშვილობაზე მაღლა აყენებს პასუხისმგებლობას და მოვალეობას მთელი თემის წინაშე. გაფრთხილებას, ,,გახსოვდეს ვისი გორისა ხარ და კაცი კი ტანჯვისთვის არის გაჩენილი“, ონისე ყურად არ/ვერ იღებს, რაც საბედისწერო აღმოჩნდება მისთვის. გოჩა იყო არა რიგითი მოხევე, არამედ ხევისბერი, შესაბამისად მისგან მაგალითსა და სამართლიანობას მოელოდნენ. გოჩას პიროვნებაში, მამას – ხევისბერი ჯაბნის, შვილის სიყვარულს კი – მორალური ღირებულებები სძლევს: ,,მოძმეთ მოღალატე სიცოცხლის ღირსი არ არის!“

რთული და სულაც შეუძლებელია მკვლელობის გამართლება, თუმცა მკითხველს შეუძლია ხევისბერ გოჩას ერთგვარი გამართლება მოუძებნოს, თუკი მაქსიმალურად დაეყრდნობა იმ პრინციპებს და დაუწერელ კანონებს, რომელთა მიმდევარიც იყო ხევისბერი. მიუხედავად ამისა – ხევისბერი სჩადის დანაშაულს, ახორციელებს შურისძიებას, რომლის უფლება მას არ გააჩნია. აკაკი ბაქრაძე წერს: ,,თუ უფალიც კი ცდილობს, არ განიკითხოს ცოდვილი, კაცს ვინ მისცა ამის უფლება? მაგრამ უსაზღვროა ადამიანის ამპარტავნება და მუდამ ცდილობს სხვათა მსაჯულის როლი იკისროს, ეს კი ხშირად ხდება დანაშაულის საფუძველი.“

გარკვეულწილად განსხვავებულია მატეო ფალკონეს მკვლელობის მოტივი. მეტად საზარელია იგი, რადგან, თუკი ხევისბერს საკუთარი გადაწყვეტილებავე მიიყვანს სიგიჟემდე, მატეო ხელის აუკანკალებლად კლავს 10 წლის ფორტუნატოს – ჯერ კიდევ გამოუცდელ ბავშვს. იგი მხედველობაში არ იღებს არც მის ასაკს, არც ბავშვის სუსტ თუ არარსებულ ნებისყოფას, არც იმ ფაქტს, რომ შესაძლოა ვაჟის ამგვარ ადამიანად ჩამოყალიბებაში, მასაც მიუძღოდა გარკვეული ბრალი… მატეო ფალკონე საკუთარ ღირსებასა და სახელს, შვილის სიცოცხლეზე მაღლა აყენებს. მისთვის წარმოუდგენლად მტკივნეულია ჯიანეტო სანპიეროსგან ზიზღით წარმოთქმული სიტყვები: „გამცემლის სახლი“… მატეო განადგურებული იყო მომხდარი ამბით, რადგან ფორტუნატოს საქციელი პირდაპირ ნიშნავდა ოჯახის სირცხვილს, მათი გვარის შებღალვას, აკი მატეო ამბობს კიდეც, ეს ბიჭი პირველია, რომელმაც ღალატი ჩაიდინა ჩვენს გვარშიო… მატეო ფალკონესთვის პრინციპები უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე ვაჟი, სწორედ ამიტომ, ცოლის განწირულ შეძახილზე – რა ჩაიდინე? მან მშვიდად მიუგო: ,,მართლმსაჯულება შევასრულე დამნაშავის მიმართ.“

გამორჩეული შემთხვევაა ტარას ბულბას მიერ ანდრის მკვლელობა. ტარას ბულბა ნამდვილი კაზაკი გახლდათ, იგი ბრძოლისთვის იყო შექმნილი და თვლიდა, რომ შვილებიც მისი იდენტურები უნდა ყოფილიყვნენ. ანდრი კი, ჯერ პოლონელი ვოევოდას ასულის სილამაზემ მოაჯადოვა და მისმა სიყვარულმა დაახვია თავბრუ, შემდეგ კი მოშიმშილე და უკიდურეს გაჭირვებამდე მისული ადამიანების ხილვამ შეზარა. ამასთანავე ანდრიმ იცოდა, რომ მშვიდობიან მოსახლეობას კაზაკები თავად დაესხნენ თავს იმ მიზეზით, რომ მხოლოდ მართლმადიდებლურ რელიგიას უნდა ეარსება… ანდრი გრძნობს მდგომარეობის უსამართლობას და საბოლოოდ მტრის მხარეს გადადის. ტარასი ვერ პატიობს შვილს ქვეყნის ღალატს, სამშობლოსა და სარწმუნოების გაყიდვას. ერთი კაზაკის სირცხვილი, მთელი კაზაკობის სირცხვილად ითვლება და ბულბაც, ხევისბერი გოჩას და მატეო ფალკონეს მსგავსად, შვილზე მაღლა საკუთარ პრინციპებს აყენებს: ,,რაღა კაზაკია ის კაცი, რომელიც გაჭირვების დროს, როგორც ძაღლს, თავს მიანებებს ამხანაგს და უცხოეთში ამოაღრძობს?“

სამი მკვლელი მამიდან, არც ერთს არ აქვს უნარი, სხვისი დანაშაულის მიზეზი საკუთარ თავში იპოვოს, ისინი შურისძიებას ამჯობინებენ. ხევისბერი კლავს ონისეს, მატეო – ფორტუნატოს, ტარასი – ანდრის და ამით ისინი არღვევენ დროის მარადისობის კანონს, რადგან ბუნების კანონის თანახმად: „მამა უნდა მოკვდეს, შვილი დარჩეს.“ ისინი წარსულის სახელით კლავენ მომავალს და დანაშაულის გამოსყიდვას დანაშაულითვე ცდილობენ.

მკვლელობას არასოდეს აქვს გამართლება, მითუმეტეს კი მამის მიერ შვილის მოკვლას. ნათქვამია: „არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს“, ასევე ,,უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნენ თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან. ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქუენნი“. არ არსებობს შეუცდომელი და უცოდველი ადამიანი. ადამიანები არ უნდა ცხოვრობდნენ შურისგების პრინციპით, რადგან პიროვნება ან საზოგადოება, რომელიც კლავს თავის მომავალს ანუ შვილს, თავადვე ხდება უმომავლო.

სესილი ერაგიაქ. ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლე

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები