14 დეკემბერი, შაბათი, 2024

ეპოსი

spot_img

ლიტერატურის გვარები, როგორც ცნება, პირველად, აღინიშნა ძველი ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს ტრაქტატში „პოეზიის ხელოვნების შესახებ“. ჩანს, რომ ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე IV საუკუნეში, ფილოსოფიაში უკვე მომწიფებული იყო მოსაზრებები მხატვრული ხელოვნების შესახებ. ხელოვნების ეს დარგი, ტიპოლოგიური და არსებითი ნიშნების მიხედვით, იყოფა ეპოსად, ლირიკად და დრამად. თითოეულ მათგანში გამოყოფენ ლიტერატურულ სახეობებს, რომლებსაც ჟანრებს უწოდებენ. ჟანრებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ეპოსი ბერძნული წარმომავლობის სიტყვაა და თხრობას ნიშნავს. ეპიკურ გვარს მიაკუთვნებენ: ეპიკურ პოემას, რომანს, მოთხრობას, ზღაპარს, იგავს, ნოველას…

ლიტერატურულ გვარს, რომელსაც ეპოსს ვუწოდებთ, ორი მთავარი ნიშნით გამოვარჩევთ: პერსონაჟებისა და სიუჟეტის არსებობით. ეპიკურ ნაწარმოებებში ავტორი (მწერალი) არ ამჟღავნებს თავის პირად განწყობას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტორს არ აქვს სუბიექტური განცდა. კ. გამსახურდიას აქვს ნათქვამი, რომ მისთვის განსაკუთრებულად საყვარელი პერსონაჟი იყო მეფე გიორგი („დიდოსტატის მარჯვენა“). პირველი ნაწარმოებები, ჩანს, რომ პოეტური ქმნილებებია. ლექსწყობით დაწერილ ლიტერატურას, მოგვიანებით, ჩაენაცვლა პროზა. პროზა ნაკლებად იყენებს რიტმს, როგორც პოეზიის ერთ-ერთ მთავარ ნიშანს, თუმცა, გვაქვს არაერთი მაგალითი, როცა პროზაულ ნაწარმოებებში პოეზიის მახასიათებლები იკვეთება. სამაგალითოდ კმარა „აბოს წამების“ მე-4 თავი და „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ არაერთი მონაკვეთი.

 ეპიკური ნაწარმოებების გენეზისი (წარმომავლობა) ფოლკლორთან უნდა დავაკავშიროთ. წერა-კითხვამდელ საზოგადოებას აუცილებლად ექნებოდა სურვილი, საინტერესო ამბები მოესმინა. ზეპირი გადმოცემების კვალი ბევრ ეპიკურ ნაწარმოებს ღრმად დაეტყო. თვით ჰომეროსის „ილიადასა“ და „ოდისეას“ ბერძნული მითოსის გავლენა ეტყობა, ვაჟა-ფშაველაც ღიად საუბრობდა ხალხური ნაწარმოებების გავლენაზე.

აღსანიშნავია „გილგამეშიანი“, ასურულ-ბაბილონური (აქადური) ლიტერატურის ძეგლი, დღეისათვის ცნობილი პირველი ეთიკურ-ფილოსოფიური ხასიათის ეპოსი მსოფლიო მწერლობაში და ასევე, პირველი ლიტერატურული ნაწარმოებიც. ის შექმნილია ძველი წელთაღრიცხვის მე-3 ათასწლეულის დასაწყისში (დაწერილია 12 ფირფიტაზე). „გილგამეშიანი“ იმდენად მნიშვნელოვანი ეპიკური ქმნილებაა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა ნათარგმნი, მათ შორის ქართულადაც (არსებობს სამი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, ქართულად ნათარგმნი ვერსია). „გილგამეშიანზე“ ბევრად უფრო გვიან, ძვ.წ VIII საუკუნეში დაიწერა ჰომეროსის ეპიკური პოემები – „ილიადა“ და „ოდისეა“.

ქართული მწერლობის მნიშვნელოვანი ნაწილი ეპიკური გვარისაა და მსოფლიო აღიარება რუსთველის ეპიკურმა პოემამ მოგვიტანა.

დაჩი ხელაშვილი, თბილისის №53 საჯარო სკოლის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები