2 თებერვალი, ხუთშაბათი, 2023

ეთნიკური კალეიდოსკოპი „ალავერდობის“ მიხევით

spot_img

გურამ რჩეულიშვილის მოთხრობა „ალავერდობა“ გამოირჩევა საოცარი დინიმიკით, სიცოცხლის დიდი სიყვარულით, ენერგეტიკით, სამყაროსადმი პოზიტიური დამოკიდებულებით. ავტორი საოცარი მთხრობელია – ექსპრესიული რიტმი შენარჩუნებული აქვს სრულად მოთხრობაში. მკითხველიც ცნობისმოყვარეობით ვადევნებთ თვალს, გვაინტერესებს, რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები.

ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი გურამია, რომელიც ავტორის ალტერ ეგოა. ის სწორედ ალავერდობაზე მიდის თელავში დღესასწაულზე დასასწრებად. თხრობაში დისონანსი შემოაქვს საგაზეთო ციტატას, რომლის მიხედვით „წინანდელმა რელიგიურმა დღესასწაულებმა დაკარგეს თავიანთი პირვანდელი მნიშვნელობა და ახლა იქცნენ ლოთების, უსაქმურების, ხანმოკლე შფოთვისა და დროსტარების ადგილებად.“

„ალავერდობის“ საზოგადოება მრავალეროვნული, მრავალფეროვანი თვისებებითა და ხასიათით განსხვავებული ადამიანების კრებულია. მასში არსებობენ მორწმუნეები და არამორწმუნეები, ქალაქელები და სოფლელები, ღამენათევი, რომელთაც უფრო დამხდურები ჰქვიათ და ახლად, დილით თუ შუადღისას ჩამოსული: ტურისტები, ექსკურსანტები, პროფესორები… „ჭალიდან თეთრი გედივით გამოვარდნილი ალავერდი“ მთელი ღამე თავის დღეობას ზეიმობდა. აქ შეკრებილი იყვნენ  ადამიანები, რომელთა შორის არ არის ერთობა, ერთიანი სულისკვეთება. შეკრებილან თითქოს იმისთვის, რომ ილოცონ, ღმერთი ადიდონ, მაგრამ ეს თითქოს ყველას დაუიწყებია. აქ არა მარტო კახეთიდან არიან სტუმრები, არამედ  ლეკები, თუშები, ჩეჩნები, რუსები, რომლებიც ერთმანეთთან  თითქოს მოყვრულად განწყობილი არიან, მაგრამ ისინი იმ სითბოს და სიყვარულს ვერ შეიგრძნობენ, რომელიც დიდმა რწმენამ უნდა დაბადოს. დანამდვილებით არავინ იცის, საზოგადოება, რომელიც აქ იკრიბებოდა, ოდესმე უკეთესი თუ იყო. ცხადია, მწერლის თანამედროვე საზოგადოება მთლიანობაში ნაკლებად რელიგიურია, ცალკეული ჯგუფები კი რელიგიურობას სრულიად მოკლებულია. ამ დღეობას ინტერნაციონალური ხასიათი ჰქონდა.

ნაწარმოების მთავარი გმირი  ხისტი და ჯიუტი ახალგაზრდა კაცია, რომელსაც აოცებს ხალხის ამგვარი მოქმედება. ის ყველგან ხედავს ნასუფრალს, ნარჩენებს, რაც უპირისპირდება იმ ჰარმონიულობას, რომლის შეგრძნებას მას ჰქონდა ბუნებაში. მან იცის, როგორ ტარდებოდა ასეთი დღესასწაულები საქართველოში, როგორ წარმოჩნდებოდა ხალხის ერთიანობა, ძალიან დიდი რწმენა ღვთისა. ეს დღესასწაულები ამშვენებდნენ ადამიანის ყოფასა და სიცოცხლეს. „ძნელია ბუნებით, ეგზოტიკით სავსე ჭაბუკისათვის ამის ყურება. ის სვამს ღვინოს. იქნებ დაითროს სხვებივით, იქნებ…“

ინდივიდუალიზმი მძაფრდება და მიზანმიმართული ხდება. „აუცილებელია მოქმედება, რაიმეს გაკეთება, რაც წამით შეცვლის რაღაცას, არტისტულ არენად გადააქცევს ყველაფერს და მაყურებელს დააინტერესებს ერთი ამბით.“

მასობრივი სურათიდან ინდივიდის გამოყოფა კულმინაციური აღმართის ნიშანი ხდება. მოთხრობის მთავარ გმირს სურს, ეს ერთფეროვნება რაღაცით დაარღვიოს. მოიპარავს ცხენს, ცეკვისა და ღრეობის დროს შეიჭრება მათ სივრცეში და დაარღვევს მათ სამყაროს. ხალხი დაფრთხება. მხედარიც ყველას ყურადღებას იპყრობს. იგი მაჰმადიან ლეკს თეთრ რაშზე მჯდომი გიორგი ეჩვენება, რომელიც გამწყრალია მისი სისასტიკით. ამიტომ იგი შველას ევედრება როგორც ალაჰს, ასევე ქრისტეს. ვნებააშლილი მხედარი ბოლოს ალავერდის ტაძრის გუმბათზე გაშლილი ხელებით დგება და ხვდება ერთ ჭეშმარიტებას. ის შეიგრძნობს, რომ სწორედ ეს ხალხია შემოქმედი ამ ტაძრისა: „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულის ტკბობაში.“ შეიძლება ამ ხალხში შემოქმედების ცეცხლი მინავლდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში გაღვივდება და აგიზგიზდება. ეს სანახაობა კი მუდმივად რჩება ხალხის მეხსიერებაში, როგორც იდეისათვის, სიყვარულისთვის, პიროვნული თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანისა.

ნატალი ბუსკივაძე – გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები