2 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2021

დრამატული გვარი

spot_img

არისტოტელეს ტრაქტატში „პოეზიის ხელოვნების შესახებ“ აღინიშნა ტერიმინი ლიტერატურული გვარები. ფაქტობრივად, ეს არის კლასიფიკატორი, რომელიც მხატვრულ ნაწარმოებებს აჯგუფებს სამ დიდ გაერთიანებაში. დღესაც ლიტერატურულ ნაწარმოებებს აჯგუფებენ შემდეგ გვარებად: ეპოსი, ლირიკა, დრამა. თითოეულ მათგანში გამოყოფენ ლიტერატურულ სახეობებს, რომლებსაც ჟანრებს უწოდებენ.

ჩვენი დღევანდელი განხილვის საკითხი დრამატული გვარია. დრამა არის ლიტერატურული გვარი, რომელშიც გამოსახვის მთავარ საშუალებად ადამიანთა მოქმედების უშუალოდ ჩვენებაა გამოყენებული.

დრამატული ნაწარმოები სცენაზე შესასრულენლად იწერება და მისი დადგმის მეშვეობით მაყურებელი უშუალოდ ხედავს მოქმედებას, მდგომარეობას, ვეცნობით მის ურთიერთობას, განწყობილებას და ხასიათებს. თხრობით ნაწარმოებში (ეპიკური გვარის ნაწარმოებებში) გმირთა საუბარს თან ახლავს ავტორის განმარტებები, მათი სამოქმედო ადგილის აღწერანი და სხვა. ხოლო დრამატულ ნაწარმოებში ავტორი არ იძლევა ასეთ განმარტებებს, გმირთა მოქმედებების ადგილი პირდაპირ არის ნაჩვენები სცენის სახით.

დრამატული ნაწარმოების გმირები მოქმედებენ მკითხველის თვალწინ: იმარჯვებენ, მარცხდებიან, იტანჯებიან და ა.შ. დრამატული გვარის განმასხვავბელი ლირიკისგან და ეპოსისგან არის ის, რომ დრამატურგი არ მოგვითხრობს საკუთარ განცდებზე ან გმირის ცხოვრების შესახებ, არამედ ითვალისწინებს მოქმედ პირთა განწყობილებასა და მოქმედების პირდაპირ ჩვენებას სცენის საშუალებით.

ეპოსში, მაგალითად, „დიდოსტატის მარჯვენაში“ ავტორი პირადად მოგვითხრობს არსაკიძისა თუ გიორგი მეფის მოქმედების შესახებ, ხოლო სცენისათვის გადაკეთებულ ვერსიაში, როგორც დრამატულ ნაწარმოებში, მაყურებელი ვერ მოისმენს ავტორის მონათხრობს პერსონაჟების ქცევის შესახებ. მსგავსი მოთხრობები ადამიანთა მოქმედების შესახებ დრამატულ ნაწარმოებში იცვლება მაყურებლისთვის თვით მოქმედების უშუალოდ ჩვენებით და აგრეთვე რემარკებით, ანუ მსახიობზე მითითებით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მათ.

დრამის მთავარი მახასიათებლებია: აპელაციურობა (მიმართვა, მოწოდება), სცენურობა (იწერება სასცენოდ, თეატრისა და კინოსთვის), დიალოგურობა (ან მონოლოგურობა, პოლილოგურობა).

ქართული დრამატული გვარის ისტორია იწყება გიორგი ერისთავის შემოქმედებით. გ. ერითავს თავის გმირთა ცხოვრების სცენაზე ჩვენების საშუალებით თითქოს შევყავართ მოქმედ პირთა სახლებში, უშუალოდ გვაყურებინებს მათ მოქმედებას, უკეთესად ვეცნობით მათ მისწრაფებებს, ურთიერთობას და ა.შ. ბუნებრივია, დრამატული გვარისაა ზეპირსიტყვიერების ის ნიმუშები, რომლებიც გამოიყენებოდა ბერიკაობისა და ყეენობის დროს. „სახიობა“, რომელიც დიდი ხნის ისტორიის მქონეა და სახილველის (იგივე თეატრის) ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, სცენარებს იყენებდა.

დრამატული ნაწარმოები იწერება ისე, რომ შესაძლებელი გახდეს მისი სცენაზე დადგმა და წარმოდგენა. სცენარის წარმოდგენა გულისხმობს დეკორაციას, სცენის შესაფერისად მოწყობასა და მსახიობების „თამაშს“. ეს უკანასკნელი გულისხმობს  მოძრაობასა და ლაპარაკს (საუბარს). სასცენო საუბარი შეიძლება იყოს მონოლოგური, დიალოგური, პოლილოგური.

დაჩი ხელაშვილი, თბილისის 53-ე საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები