ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებს ლაიტმოტივად გასდევს თანამედროვე ხედვებისა და ფასეულობებისკენ სწრაფვა. თითოეული მათგანი გარკვეულწილად მოიცავს თანაედროვეობის ელემენტებს. „გველისმჭამელი“ არის გამოჩეულად მაღალგანვითარებული, ფილოსოფიური ხედვებით გაჯერებული პოემა. მასში ავტორი ყველაზე უკეთ წარმოაჩენს საკუთარ თავს.
მინდია ერთ-ერთი რთულად ამოსაცნობი პერსონაჟია ვაჟას შემოქმედებაში. იგი მისნური ნიჭის მატარებელია. ამ უნარის საფუძველზე მასში იბადება ახალი მსოფლმხედველობა, მინდია სამყაროსადმი ემპათიას ავლენს.
ადრინდელი მინდია ისევე ცხოვრობდა, როგორც სხვები, თემის ერთ-ერთი წევრი იყო. მასში არ იკვეთებოდა ინდივიდუალური ხედვები და დამოკიდებულებები. აზროვნებდა და ხედავდა სამყაროს ისე, როგორც ხედავდა თემი.
ადამიანი, როგორც სულიერი არსება, ბუნებას მომხმარებლის თვალით უყურებს. იგი არასოდეს ფიქრობს რომ თავადაც უნდა იყოს ბუნებისათვის არსებობის წყარო. მინდიამ საზოგადოებისგან განსხვავებით, აღმოაჩინა მისი გამორჩეული დამოკიდებულება ბუნებისადმი. ამ ახალი მსოფლმხედველობის მიხედვით, ჩვეულებრივი ადამიანისგან სრულიად განსხვავებული თავისუფალი პიროვნება გახდა. მინდიას მომხმარებლური დამოკიდებულება ბუნებისადმი უანგარობამ შეცვალა. ის აღარ ჭრის ხეს და აღარ კლავს ნადირს, ბუნებას ესაუბრება და მის დარდსა თუ სიხარულს იზიარებს. ასეთია მისი ეთიკური მრწამსი.
შეძენილი ნიჭის დადებითობაზე მეტყველებს ისიც, რომ მინდია მკურნალად იქცა. ვაჟა აქაც ამჟღავნებს თანამედროვე დამოკიდებულებას, იმასთან მიმართებაში, რომ ადამიანი სამყაროს საკეთილოდ უნდა მოქმედებდეს. პიროვნების სრულფასოვნება კი მისი „სარგებლიანობის“ უნარით განისაზღვრება. მინდია გვეუბნება, რომ ადამიანმა ბუნებას მომხმარებლის თვალით არ უნდა უყუროს. რადგანაც იგი ბუნების განუყოფელი ნაწილია, ის არა მხოლოდ უნდა იღებდეს მისგან, არამედ უნდა გასცემდეს კიდეც.
მინდიას არსებაში ახალმა ხედვამ და ახლადშეძენილმა ნიჭმა სტიქიასავით გაიღვიძა. მისი მოულოდნელი ინსპირაციით აღძრული ხედვა გარშემომყოფთათვის უცხოა, თუმცაღა თანამედროვეობის ნათელი მაგალითია. მინდიას აღმაფრენა მალევე სრულდება, იმიტომ, რომ ის ადამიანის არსებობის წინასწარგანსაზღვრულ წესებში ვერ ეტევა.
თანამედროვეობის კიდევ ერთი გამოძახილია ის, რომ მისთვის სამარცხვინო მხოლოდ მომხმარებლური თვალით სამყაროს ცქერა. მან იცის ადამიანის შესაძლებლობების განუსაზღვრელობა. მისი აზრით, ბრიყვია ის, ვინც არ იბრძვის ხორცის დართგუნვისა და სულიერი თავისუფლების მოპოვებისთვის. მინდიამ ისიც იცის, რომ თემში ადამიანებს არამხოლოდ არ სურთ ვერც კი წარმოუდგენიათ თავიანთ არსებაში დაფარული ზნეობრივი შესაძლებლობების რეალიზება. მათი თვალსაწიერი ვიწროა. ისინი საგნებისადმი სამომხმარებლო, სარგებლობისა და სიამოვნების მომტანი თვალთახედვისგან ვერ თავისუფლდებიან, ხორციელ აღზევებას არიან მიჯაჭვულნი.
ადამიანი ცნობიერების მქონე არსებაა და ამით ის ემიჯნება ბუნებაში მყოფ სხვა არსებებს. ამავე დროს, მის სხეულში ბუნება სახლობს, ის ბუნების განუყოფელი ნაწილია. ამიტომ ადამიანის ბუნებისგან გამოყოფა და მითუმეტეს, დაპირისპირება შეცდომაა.
ნათლად ვხედავთ, რომ პოემის მთავარი პერსონაჟი თავიდან ბოლომდე თანამედროვეობის იდეის მატარებელია. ყველა ზემოთგანხილული თვისება, რომელიც მინდიას ახასიათებს თანამედროვე ფილოსოფიით აღიქმება. მისი სახით ვაჟა ნაწარმოებში გვიხატავს ადამიანის სახეცვლილებას, თავის დადებით და უარყოფით მხარეებთან ერთად.
მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე