12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

ბუნების ფენომენი ლექსში „ღამე მთაში“

spot_img

ვაჟა-ფშაველა უნივერსალური ხედვისა და აზროვნების მქონე მწერალია. ეს უნიკალურობა მის პროზასა და პოეზიაში აისახება. ვაჟას ნაწარმოებებში ნათელია ავტორისათვის დამახასიათებელი ინდივიდუალიზმი. მის თვალთახედვაში სამყარო უფლის მიერ შექმნილი განუყოფელი ერთიანობაა. ამას ადასტურებს ვაჟას შემოქმედებაში ბუნებისა და პოეტის აზრთა თანხვედრა. ამის მაგალითია ლექსი „ღამე მთაში“, რომელშიც ბუნების ფენომენი განსაკუთრებულია.

ლექსის სათაურიც კი  მიგვანიშნებს, რომ მასში ბუნებას დიდი დატვირთვა აქვს. მთელი სიუჟეტის მსვლელობისას იგრძნობა უშუალო კავშირი სამყაროსა და ბუნებას შორის. მწერალი გვიჩვენებს რომ ბუნება სამყაროს ნაწილია და სამყაროში ნებისმიერი მოვლენა მას უკავშირდება. ლექსის დასაწყისში ნაჩვენები დაღამების სურათი ამის მკაფიო გამოვლინებაა.

„დაღამდა… წვრილნი ვარსკვლავნი

აყვავდენ, დასხდენ ცაზედა;“

მოცემულ მონაკვეთში გამოყენებული მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები ვაჟას შემქმედებისთვის უცხო არაა, თუმცა აღსანიშნავია მათი მხატვრულობის ხარისხი.  კოსმოსური ელემენტების გარემოსთან ურთიერთქმედება თვალშისაცემია. ცოტა მოგვიანებით სიუჟეტში შემოდის მთვარე, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

„მთვარე კი ჯერ არსადა სჩანს,

არ დაგვნათოის თავზედა,

ჯერ თუ არ გაუღვიძნია,

ისევ თუ სძინავს მკლავზედა!

ჯერ გამარჯობა არ უთქვამს

შემომჯდარს გორის ფხაზედა,

სხივნი არ დაუგზავნია

პირის საბანად წყალზედა.“

მსგავსი მიგნებები მთვარესთან დაკავშირებით მხოლოდ ვაჟასთან გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსისა და ბუნების კავშირი ბევრი მწერლის შემოქმედების ნაწილია,  ლექსში „ღამე მთაში“ ეს კავშირი განსაკუთრებულადაა გადმოცემული.

ლექსში მოცემული კოორდინაციისა და სუბორდინაციის უჩვეულო კონტრასტი, კიდევ ერთხელ გვიჩვენებს მწერლის დამოკიდებულებასა და ხედვებს სამყაროსადმი.

„ხევი მთას ჰმონებს, მთა – ხევსა,

წყალნი – ტყეს, ტყენი – მდინარეთ,

ყვავილნი – მიწას და მიწა –

თავის აღზრდილთა მცინარეთ“

თითქოს ბუნება ადამიანური ყოფისგან განუყოფლად აღიქმება. ვაჟა ხატავს, თუ როგორ ენაცვლება ავდარს დარი, სიბნელეს – სინათლე, სიმშვიდეს – ხმაური. მკლავზე მთვარის ტკბილი ძილი და მისი ამოსვლის მოლოდინიც ამაზე მიგვანიშნებს. ამ ნანატრ სინათლემდე, სიჩუმეა მგლების „ღავღუვის“ დრო, შუაღამე და სიმძაფრე. ყველაფერი რაც გარშემო ხდება სასიცოცხლო მისტერიაა. პოეტი გვეუბნება:

„და მე ხომ ყველას მონა ვარ,

პირზედ ოფლ-გადამდინარედ!“

იგი სამყაროს მუდმივ შფოთვას არ გაურბის, არც ტენდენციურია ერთი კონკრეტული მდგომარეობის მიმართ.  კარგად აქვს გაცნობიერებული რომ სამყაროს ინტერესი სწორედ ამ „გაუგებრობაშია“. იაზრებს სინათლისა და სიბნელის, ხმაურისა და სიმშვიდის ურთიერთმონაცვლეობის აუცილებლობას.

ლექსში ბუნების ფენომენი მკითხველს ეხმარება ჩასწვდეს ვაჟას ხედვებსა და დამოკიდებულებებს სამყაროს ბუნებრივი „ქაოსის“ მიმართ.  სიღრმისეულად გამოხატოს ავტორის გრძნობები, ისე რომ მხატვრულობა არ დაიკარგოს.

მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები