3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

ბედნიერი ერი – ანალიტიკური კომენტარი

spot_img

ილია ჭავჭავაძის „ბედნიერი ერი“ გამორჩეული ნაწარმოებია. ამ ლექსით კიდევ ერთხელ დაადასტურა ილიამ კრიტიკული რეალიზმისთვის დამახასიათებელი რამდენიმე ნიშანი: ტექსტის „ეკონომიურობა“, სოციალური ღირებულება, მხატვრული განზოგადება და სინამდვილის შეულამაზებელი წარმოჩენა.

„ბედნიერი ერი“ ორი ხელნაწერის სახით არსებობს. ბოლო ვერსია 1871 წლის 29 აგვისტოთია დათარიღებული და სათაურის ქვეშ არის მინაწერი, რომ იტალიელი პოეტის (ჯუსტის) მიბაძვაა. ლიტერატურათმცოდნეები ამბობენ, რომ ეს იყო ერთგვარი ხრიკი ცენზურის დასაბრმავებლად, თითქოს ილიამ იტალიელი ლირიკოსის პოეზია თარგმნა. მართლაც, ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია მე-19 საუკუნის პოეტი (ჯუზეპე ჯუსტი), რომელსაც აქვს სატირული ნაწარმოებები და მის სახელს „ამოფარება“ კარგი თვალის ასახვევი საშუალება გამოდგა. ერთ-ერთი ლექსი ჯუსტისა არის „ლოკოკინა“, რომლითაც ავტორი თავის ნიჟარაში შეყუჟულ თანამემამულეებს დასცინოდა და ეს პათოსი „ბედნიერ ერშიც“ შენარჩუნებულია. აქვე დავამატოთ, რომ ილიასთვის უცხო არაა იტალიური რეალობის სამაგალითოდ აღიარება. „მესმის, მესმის სანატრელი“ ჯუზეპე გარიბალდის ცხოვრებისეული გამოძახილია.

პროგრესული ქართველობა დიდი მოწონებით შეხვდა ილიას ამ ლექსის გამოქვეყნებას. „რამდენი კმაყოფილება და თან მწარე ღიმილი მოგვგვარა ჩვენ ამ მშვენიერმა და გესლიანმა „ბედნიერმა ხალხმა“,-  წერდა სერგი მესხი „დროებაში“ 1871 წლის 39-ე ნომერში. ილიას, თავად, ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ ცენზურა ხელთ აიღებდა მაკრატელს და ლექსს შეკვეცავდა ან სულაც გამოქვეყნებას აკრძალავდა, თუმცა, „ბედნიერმა ერმა“ მზის სინათლე იხილა და კარგად აჩვენა მკითხველს ყველა ის ნაკლოვანება, რომელიც მართლა არსებობდა.

„ბედნიერ ერში“ ე.წ. ზედშერთულებით ახასიათებს ქართველ ერს ავტორი. „მცირე, დიდი _ ყველა ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერი… მტრის არმცნობი, მოყვრის მგომობი, გარეთ  მხდალი, შინ ძლიერი, არრის მქონე, არრის მცოდნე, უზრუნველი და მშიერი,“ – ეს სიტყვებიც კი საკმარისია იმის დასადასტურებლად, რამდენად კრიტიკულად უყურებს ილია თავის თანამემამულეებს და არ მალავს ნეგატიურ განწყობას. თავისთავად ცხადია, რომ კალმოსნობის მიზანი, რომელიც ილიამ „პოეტში“ გადმოგვცა, ამ ლექსშიც ნარჩუნდება. მხილების მიღმა არაფერი ძალაა იმისთვის, რომ ქართველმა უარყოს მანკიერი მხარეები. ზნეობრივ და სამოქალაქო პოზიციაზე ყოფნის გარდა ბედნიერ ერად ირონიით წოდებულ ქართველებს არაფერი უშველით.

ტაშისა და ხოტბის დამსახურების მოლოდინი არ აქვს ილიას, მაგრამ სიძულვილში რამდენ სიყვარულს ატევს, ეს მხოლოდ „კარგმა გულმა“ იცის.

ლუკა კვეტენაძე – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები